წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მამას - უბედური მზითევის შესახებ

უფალმა ერთადერთი ქალიშვილი მოგცა. შენ კი უგნურებით დაღუპე ეს საჩუქარი. თავში ჩაიბეჭდე, რომ ბედნიერებისათვის მხოლოდ კარგი მზითევია საჭირო. შენ იმისთვის არ გიზრუნია, რასაც ადამიანისათვის ცხოვრებაში ჭეშმარიტი ბედნიერება მოაქვს - აღზრდისათვის, ხასიათისათვის, თვისებებისათვის, გულისა და სულისათვის... აგროვებდი და აგროვებდი ფულს.

ფიქრობდი: რაც მეტია მზითევი, მით საიმედოა ბედნიერება. გსურდა, რაც შეიძლება, მეტი ფული დაგეგროვებინა და ყველაზე ძვირფასი სიძე გეყიდა. ამ შეშლილ აზრს სულელური საქმეც მიუმატე. როდესაც შენი თანამშრომელი გარდაიცვალა, გაყალბების გზით მისი ხელფასის ნაწილი მიითვისე და თანამშრომლის ქვრივობლები ულუკმაპუროდ დატოვე. შენ ქალიშვილის სკივრი - მზითევით, ხოლო საკუთარი სული კი - უსამართლობით აღავსე. უგუნურებასა და უკანონობაზე აშენებდი შენთვის ყველაზე ძვირფასი არსების ბედნიერებას, ვისი გულისთვისაც ცხოვრობდი და მუშაობდი. მაშ რაღაა საკვირველი იმაში, რომ ასეთ საძირკველზე აშენებული შენობა ჩამოიქცა და თან შენც და შენი ქალიშვილიც დაგიყოლათ? დაივიწყე, თუ ოდესმე მაინც იცოდი, რომ ზეცა მკაცრად სჯის უგუნურებას და უსამართლობას.

ფულზე დახარბებული სასიძოები აწყდებოდნენ შენს სახლს და ერთ-ერთმა მათგანმა, შენმა „თანამოაზრემ“ ფულის სიყვარულში, შესძლო სხეულით - შენს ქალიშვილზე, ხოლო სულით კი - შენს ფულებზე დაეწერა ჯვარი. მაგრამ წელიწადსაც არ გაევლო, რომ ერთ ღამეს შენმა ქალიშვილმა დასისხლიანებულმა, ნაწამებმა და შერცხვენილმა მშობლიური სახლის კართან მოირბინა. მთვრალმა ქმარმა იგი სცემა და ფეხმძიმე სახლიდან გამოაგდო. თვითონ კი შენი ფულებიანად გაიქცა. ახლა შვილიშვილს უნანავებ ქალიშვილის საწოლთან, რომელიც მძიმედაა ავად ტუბერკულოზით და ექიმები ალპებში დასახლებას ურჩევენ. ახლა ფული ზლატიბირისათვისაც კი არ გაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ალპებზე. წყევლი სიძეს და კითხულობ, არსებობს თუ არა ქვეყანაზე ღმერთის სამართალი.

როგორ არ არის სამართალი უფლისა? და იგი, ვისაც მისი არ სწამდა, ირწმუნებს, როცა შეიტყობს, შენ რაც შეგემთხვა. მზითევით პირმშოს გაბედნიერება გსურდა და უბედურება კი მოუტანე. შენ ობლებს ლუკმაპური წაართვი, რათა შენს ქალიშვილს შამპანური ესვა. საკუთარი თავი, ქალიშვილი და შვილიშვილი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანე. მზითევით ოთხთათვის უბედურება შეიძინე - შენთვის, ქალიშვილისათვის, შვილიშვილისათვის და სიძისათვის. რადგან მზითევით მისი სულიც დაღუპე.

შენზე ღვთის სამართალი აღსრულდა, და შენი ბუზღუნი ამის თაობაზე მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ უსამართლობამ დაგაბრმავა. ასე იქნები შვილიშვილის ძიძად, მუდმივად იმაზე მოფიქრალი, თუ კიდევ რა გაიტანო სახლიდან, რათა მას პური, ხოლო ქალიშვილს კი წამლები უყიდო და შიშით დაელოდები ახალი დღის დადგომას, როგორც მარადიულ შიმშილობას. გაიგონებ მშიერი ბავშვის ტირილსა და დედამისის ხველას, ბედისწერის მსტვინავი შოლტის მსგავსად, შენს ზურგზე რომ ტყლაშუნობს.

უბრალოდ რომ გეცხოვრა და ქალიშვილისთვისაც იგივე გესწავლებინა, შენი პირმშო ახლა ვინმე თავმდაბალი ადამიანის ოჯახში იღიღინებდა. მაგრამ უბრალოება, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სათნოება, გარდასული დროების ზღაპრად გეჩვენებოდა. არ იცოდი, რომ სახარებისეული სათნოებანი - ეს შეურყეველი კედელია, რომელზეც იმსხვრევა უსინდისოთა ბედნიერება!

მაგრამ შენ - ადამიანი ხარ, და როგორც ადამიანმა შესცოდე და ამიტომ, როგორც ადამიანი აღსდექ საკუთარი უბედურების ჟამს. ევედრე უფალს, იგი - და არა შენი სიძე - გაგისწორებს ანგარიშს. უფალმა შენს უსამართლობაზე საკუთარი სამართალი განაჩინა. იგი მოწყალებასაც მოიღებს შენი ცრემლების გამო. უფალს უყვარს მონანიენი და ესმის მავედრებელთა. ნუ განსჯი ნურავის, საკუთარი თავის გარდა და ადამიანური სასამართლო - თუკი მხურვალედ მოინანიებ - განაჩენს შეგიმსუბუქებს, ხოლო მარადიული მსაჯული მონანიეს სინათლისა და სიხარულის საჩუქრებს უძღვნის: ნუ გეშინია! შემოქმედი შენთანაა, იგი მხოლოდ ელის, რომ შენ მისი სიახლოვე შეიგრძნო. ხოლო შეგრძნება მისი გვერდით ყოფნისა სწრაფად გაადნობს სასოწარკვეთილების ყინულს შენს გულში.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 137), თბილისი, 2005 წ.