წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მღებავ ლუბოსლავ ი.-ს - უფლის დღის შესახებ

ჩვენ ქრისტიანები ყველანი, პეტრე მოციქულის სიტყვებით, ველით, თუ როდის მოახლოვდება დღე უფლისა (იხ. 2 პეტრ. 3,9-12). მაგრამ განა ყველა დღე უფლის არ არის? ყოველი დღე და ყოველი ღამე ღმერთს ეკუთვნის, როგორც წინასწარმეტყველმა თქვა: „შენი არს დღე და შენი არს ღამე“ (ფს. 73,16). ღმერთია მბრძანებელი დროისა და მარადიულობისა. მაგრამ დღე იგი უკანასკნელი უფლის დღედ იწოდა მისი აღმატებულობის გამო. ამ დღეს უფალი მოვა, რათა განსაჯოს ქვეყანა, ეს - საღვთო ჭეშმარიტებისა და სიმართლის გამარჯვების დღეა. წარმოიდგინე ყანის პატრონი, რომელმაც თავის ყანაში მარცვალი დათესა. ერთ დღეს სთესდა, მეორე დღეს მორწყა და გამარგლა, მესამე დღეს ცხოველებსა და ფრინველებს აფრთხობდა, მეოთხე დღეს გაასწორა ყანა, ბოლოს მოსავლის აღების დრო დადგა. ამ დღეთა შორის შენ რომელს დაარქმევდი პატრონის დღეს? რა თქმა უნდა - უკანასკნელს, როცა იგი მარცვალს კალოზე ლეწს და ანიავებს. ყველა დანარჩენი დღეებიც მისი იყო, მაგრამ ეს უკანასკნელი - დღეთა შორის უპირატესია მისთვის, რამეთუ იგი აიღებს მოსავალს თვისას და გამოარჩევს ხორბალს ღვარძლისაგან. დაე შენი მფარველი ანგელოზი დაგეხმაროს, რათა უფლის შენაძენად იქცე და არ აღმოჩნდე ღვარძლს შორის!

ო, რაოდენ დიდი და საშინელი იქნება ის დღე პატრონისა, როდესაც იგი გაანიავებს და გაცრის;

როცა ხორბალს ღვარძლისაგან გაჰყოფენ;

როცა ღვარძლი მარცვალს ვეღარ მიეკვრის და მისი წვენით ვეღარ გამოიკვებება;

როცა პატრონის მტერთაგან უჩუმრად დათესილი მარცვლები ჩაუქრობელ ცეცხლში ჩაიყრებიან;

როცა ყოველი არსება, თვითნებურად მომსპობი საკუთარ თავში პატრონის ბეჭდისა - სულიწმინდის ბეჭდისა, განდევნილი იქნება სასახლიდან და მოკლებული იქნება მის ზრუნვას;

როცა დაშრება ცრემლები და განიკურნება მათი ჭრილობები ვინც ამ ცხოვრებაში მოცინართა და დამცინავთა შორის ტიროდა;

როცა მართალთა კრებული იგალობებს დიდებისა და გამარჯვების გალობებს;

როცა საყვირები განაცხადებენ დაუღამებელი ნათლის შესახებ განაცხადებენ დიდებას, სიხარულსა და უსასრულო ცხოვრებას!

განაცხადებენ ღვთის კრავების მიერ მხეცების ძლევას!

განაცხადებენ ძლევამოსილ დასასრულს გამოუთქმელი დრამისა, რომელიც სამოთხეში პირველ მშობლებზე სატანის ცრუ ზეიმით დაიწყო!

განაცხადებენ ქრისტეს ტანჯვათა დასასრულს, რომელიც სამყაროს შექმნის დღიდან, მასთან ერთად მილიონობით მართალმა ადამიანმა გაიზიარა!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 141), თბილისი, 2005 წ.