წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მებარგულ ბრანიმირ ი.-ს - გალატელთა მიმართ ეპისტოლესთან დაკავშირებით

აღიარებ, რომ ახალი აღთქმისა და ფსალმუნთა კითხვით უდიდეს შვებას ჰპოვებ. „ეს რომ არ ყოფილიყო, მე ცხოვრების მძიმე უღელი გამთელავდა“. ასე წერ, მაგრამ ის გაწვალებს, რთმ ყველა სიტყვა, რომელსაც კითხულობ, გასაგები არ არის. მაგალითად შენთვის გაუგებარია პავლე მოციქულის სიტყვათა მნიშვნელობა:

„რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“ (გალატ. 3,27). ეს სიტყვები იგალობება უდიდეს დღესასწაულებზე „წმიდაო ღმერთო“-ს ნაცვლად: რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. იმავე აზრს პავლე მოციქული ქადაგების ფორმითაც გამოხატავს: „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ“ (რომ. 13,14). რას ნიშნავს ქრისტეთი შემოსვა?

თქვენთვის რომ უფრო გასაგები გახდეს, პირველ რიგში აუცილებელია, შევიმეცნოთ ის, რომ აქ სულის შესახებაა საუბარი. იგი თავის ბუნებით უბრალოა, ახალშობილის სული ისევეა გაშიშვლებული, როგორც - თვით ახალშობილი. სხეულებრივი სიშიშვლე ჩვილისა სიმბოლოა სულიერი სიშიშვლისა, რომელშიც დარჩა ჩვენი წინაპარი მთელ თავის შთამომავალობასთან ერთად, როდესაც დაარღვია მცნება უფლისა სამოთხეში. როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტება და სამართლიანობა, სიკეთე და უბოროტობა, თვინიერება და უბრალოება, სიწმინდე და ღვთისმოსავობა, უფლისმოყვარება და კაცთმოყვარება - აი საჭურველნი სულისა, სამოსელნი მისნი. ხორციელი ადამიანისათვის, რომელსაც მხოლოდ სხეულებრივ, მატერიალურ სამოსის შესახებ სმენია, ყოველივე ეს კვამლისა და ქარის მსგავსია.

ამის დამტკიცება ხორციელი ადამიანისათვის ძალიან ძნელია. მტკიცებულება თავად მოვა მასთან, როცა სული სხეულს განეშორება და უხილავ სულიერ სამეფოში შეაბიჯებს. მაშინ იგი შიშითა და სირცხვილით დაინახავს სიშიშვლეს საკუთარი სულისა, ანუ დალაქავებულ, უწმინდურ სამოსელს ცოდვებისა, რომელთაც მოციქული ჩამოთვლის: „სიმღერა და მთრვალობა, საწოლი და ბილწება, ჴდომა და შური“ (შეად. რომ. 13,13).

მოციქული მონათლულთაც გვიქადაგებს, რომ განვიძარცვოთ ეს არაწმიდა სამოსელი და ქრისტეთი აღვიჭურვოთ. რისთვისაა საჭირო ყოველივე, თუკი ისედაც ვიცით, რომ ნათლობისას ერთხელ უკვე აღვიჭურვეთ ქრისტეთი? იმიტომ, რომ ჩვენ კვლავ გავშიშვლდით, უარვყავით მეფის შვილთა სამეფო სამოსელი და კვლავ ცოდვის ძონძები ჩავიცვათ. მაგრამ თუკი მონათვლისას ერთხელ უკვე აღვიჭურვეთ ქრისტეთი, ხოლო შემდეგ კი განვიძარცვეთ, როგორღა აღვიჭურვებით კვლავ? რა თქმა უნდა, არა - ახალი ნათლობით, რამეთუ არსებობს „ერთ ნათლის-ღებაჲ“ (ეფეს. 4,5); არა ნათლობით, არამედ - მონანიებით. ნათქვამია, რომ ღმერთმა მონანიების უფლება ხსნისათვის დაგვიტოვა (იხ. საქ. 11,18). ვინც ჭეშმარიტად საკუთარ ცოდვილ საქმეთა გამო აღსარებას იტყვის და მათ მოინანიებს, იგი კვლავ შეძლებს ქრისტეთი აღჭურვას. მოციქულის სიტყვებით, ჩვენ მანამდე ვართ „შვილრ ღმრთისანი სარწმნოებითა ქრისტე იესუჲსითა“ (გალატ. 3,26), ვიდრე თავად არ განვიძარცვავთ ქრისტეს სამოსელს და მაშინ კვლავ ღმერთისათვის უცხონი ვხდებით, არაწმიდა მონანი, დამნაშავენი და არა შვილნი მისნი.

აქედან დასკვნა: ჩვენ ყველანი, მარადიულ სიცოცხლისა და სინათლის სამეფოსკენ მიმავალნი, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ, რითაა შემოსილი ჩვენი სული. დაე, ჩვენთვის მაგალითი იყოს იგი, ვინც ყოველდღიურად იმოსება და განიძარცვება, უკეთესდება, ირთვება, რათა, რაც შეიძლება, კარგად გამოიყურებოდეს. ასეთივე ზრუნვით და კიდევ უფრო მეტითაც ვალდებულნი ვართ, მოვეპყრათ სულიერ სამოსელს ჩვენსას. ისინი სარკეში იმზირებიან, ჩვენი სარკე - იესო ქრისტეა. როდესაც ვუცქერთ მას, ყველაზე წმიდა, ყველაზე ნათელ, ყველაზე მშვენიერ ადამიანს, ჩვენ საკუთარ თავს შევიმეცნებთ. ამიტომაც, როგორც კი შევამჩნევთ ლაქას ჩვენს სულში, ანდა ცოდვის ძონძებს, ვალდებულნი ვართ, მაშინათვე განვიძარცვოთ ამ უწმინდურებისაგან და ქრისტეს სიწმინდითა და სილამაზით აღვიჭურვოთ, რამეთუ ყოველივე, რასაც ხორციელი სხეული გარეგანი სილამაზისათვის აკეთებს, იმის სიმბოლო გახლავთ, რაც მორწმუნეებმა სულთან მიმართებაში უნდა აკეთონ.

მშვიდობა თქვენ და გაძლიერება უფალში.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 147), თბილისი, 2005 წ.