წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მბეჭდავ ი.კ.-ს - მღვდლებისათვის ხელზე ამბორის შესახებ

თქვენი მღვდელი გარდაიცვალა, მის ადგილას კი სრულიად ახალგაზრდა მოძღვარი მოვიდა. წინა მღვდელთმსახურს კურთხევისას სიხარულით ეამბორებოდით ხელზე, მაგრამ თქვენზე უმცროსისათვის ამბორი უხერხულად მიგაჩნიათ.

განა არ იცით ისტორია თავად მილოშსა და ახალგაზრდა მღვდელთან დაკავშირებით? იგი ასეთია: ერთი ახალგაზრდა მღვდელთმსახური თავად მილოშის თანდასწრებით კრაგუევცეში ლიტურგიას ასრულებდა. მოხუცი თავადი ძალიან ღვთისმოსავი იყო, ეკლესიაში მსახურების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მიდიოდა, მის დასრულებამდე მიწაში ჩასობილივით იდგა და მხურვალედ, გულშემუსვრილი ღმერთს ევედრებოდა. როდესაც ახალგაზრდა მღვდელმა მსახურება დაასრულა, იგი საკუთხრევლიდან ჯვრითა და ანტიდორით ხელში გამოვიდა. თავადი მიუახლოვდა, რათა ჯვარს მთხვეოდა და ხელზე ეკოცნა. მაგრამ ახალგაზრდა კაცმა სწრაფად გასწია ხელი უკან, თითქოს რცხვენოდა, რომ ხნიერ ადამიანს, თავადს მისთვის ხელზე ამბორი სურდა, თავადმა მილოშმა შეხედა მას და უთხრა: მომეცი უფლება, რომ ხელზე გეამბორო, რადგანაც არა ხელს ვკოცნი შენსას, არამედ წოდებას, რომელიც ჩემზეც და შენზეც უძველესია!

ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერს ხსნის. მოხუცმა თავადმა ეკლესიაში ეს სიტყვები თვით სულიწმინდისაგან წარმოთქვა. თვითონვე დაფიქრდით, თუკი თქვენი მღვდელი ოცდახუთი წლის არის, მისი წოდება ათას ცხრაასი წლისაა და როცა მის ხელს ეამბორებით, მის წოდებას ემთხვევით, ქრისტეს მოციქულთაგან რომ გადმოეცათ უფლის საკურთხევლის მსახურთ. ხოლო, როდესაც ემთხვევით მღვდლის წოდებას, თქვენ ყველა იმ მართალ და წმიდა ადამიანს ეამბორებით, რომლებსაც კი უტარებიათ იგი, დაწყებული მოციქულთაგან და ვიდრე დღემდე. ეამბორებით წმ. ეგნატეს, წმ. ნიკოლოზს, წმ. ბასილს, წმ. საბას, წმ. არსენს და სხვა მრავალთ, მიწის სამკაულნი რომ იყვნენ და ზეცის სამკაულად იქცნენ, მათ - „მიწიერ ანგელოზებად და ზეციურ ადამიანებად“ რომ იწოდებიან. მღვდლისათვის ხელზე ამბორი უბრალო კოცნა არ გახლავთ, არამედ პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ: „წმიდა ამბორისყოფა“ (შეად. 1 კორ. 16,20).

შეცბუნების გარეშე ეამბორეთ მაკურთხებელ ხელსა და ანაფორას, რომელიც სულიწმინდითაა კურთხეული.

ეამბოროთ მის ხელს, ვინც ასაკით თქვენზე უმცროსია და უსმინოთ მას კიდევ იმიტომაცაა კარგი, რომ ეს ამპარტავნებისაგან გიცავთ და მორჩილებას გასწავლით.

სიხარული და მშვიდობა თქვენ უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 155), თბილისი, 2005 წ.