წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ბერ საბას - ბერობაზე თავდასხმებთან დაკავშირებით

ამბობ, რომ ბერებს თავს გესხმიან, მრავალი გესხმით თავს. ერთნი იმიტომ, სხვებზე თავდასხმას ვერ ბედავენ და იციან, რომ თქვენ არც უჩივლებთ და არც უპასუხებთ. სხვანი იმ მიზეზით, რომ ყველაფრის მატერიამდე დაყვანა და ხორცის სამსახურში ჩაყენება სურთ. დაბოლოს, მესამენი კი იმიტომ, რომ უბრალოდ საეკლესიო განაწესის ურყეობას ვერ ეგუებიან. ისინი გაკვირვებით უმზერენ, თუ დღევანდელ უსასრულო ცვლილებათა მორევში როგორ უცვლელად დგას მხოლოდ ეკლესია ქრისტესი: როგორც კლდე ზღვაში, რომელსაც ტალღები ეხეთქებიან. გვერდზე გადავდოთ პირადი თავდასხმები: მოთმინება და მისი საშუალებით სულის გადარჩენა - ბერული აღთქმაა. „ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ (მარკ. 13,13), - თქვა მან, ვინც ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.

განვიხილოთ თქვენი მოწინააღმდეგეების პრინციპული მოთხოვნები, მათი შინაარსი და მიზანი კარგადაა ცნობილი. ისინი რომ ასრულებულიყვნენ, ეს უცილობლად მართლმადიდებელი ეკლესიის და ბერობის განადგურებამდე მიგვიყვანდა, გადააქცევდა მონასტრებს იმად, რადაც ისინი აქციეს უღმერთოებმა რუსეთში: მუზეუმებად ან გასართობ დაწესებულებებად, მაგრამ ასეთი მოპყრობა გაანაწყენებდა არა მარტო სერბ წმიდანთა სულებს, რომლებმაც თავიანთი არსებობით დედამიწა გააბრწყინეს და საკუთარი ბრწყინვალებით დაამშვენეს არა მარტო ზეციური კრებული, არამედ - მთელი მართლმადიდებელი ხალხი. რამეთუ მორწმუნეთათვის მონასტრები სულიერ საავადმყოფოებს წარმაოდგენენ, სადაც სული ჯანმრთელობას, ნუგეშს და შთაგონებას დაეძებს.

არავის მორწმუნეთაგან თავში არ მოუვა, რომ სულისათვის განკუთვნილი ადგილი სამიკიტნო ღრეობის ადგილად აქციოს. ისმას კითხვა: ვისი სახელით გამოდიან თქვენი კრიტიკოსები და მიწანააღმდეგეები?

ყველა ქრისტიანისაგან, ხოლო ბერებისაგან კი განსაკუთრებით, ვისი აღთქმებიც განსაკუთრებულად მკაცრია, შეიძლება მოვითხოვოთ, რომ ისინი უფრო უკეთესნი გახდნენ, ვიდრე არიან. მაგრამ განა შეიძლება, მონასტრის მსახურებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ბერი დაუდევარია აღთქმათა შესრულებისას? განა შეიძლება, მთელი სულიერი შენობა, მატერიალურ მტვრად ვაქციოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი მეომარი სულიერი მხედრობისა მატერიალიზმში ჩავარდა?

სატანის მოთხოვნა, რომ ქრისტეს ქვა პურად ექცია, ნაკლებ სახიფათოდ მოჩანს, ვიდრე მოთხოვნები ზოგიერთი ჩვენი თანამედროვისა - აქციოს სული და ყოველივე სულიერი პურად და მტვრად. თუმცა ვინ იცის, რა დრო მოდის; სულიერი ოქრო ყოველთვის შეიძლება, იოლად ვაქციოთ ქაღალდად, აი ქაღალდის ოქროდ გადაქცევა კი ძნელია.

მშვიდობა შენ და სიხარული უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 157), თბილისი, 2005 წ.