წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ახლადმოქცეულს - რწმენისაკენ შემობრუნების შესახებ

მსგავსად მოგზაურისა, შორეული და უცხო ქვეყნებიდან სახლში რომ ბრუნდება, თქვენც ახლა ურწმუნოების ყინულოვანი საზღვრებიდან ჩვენს მამა-პაპათა რწმენის თბილ კერიას უბრუნდებით. სიძნელეები, რომელთაც ამასთან დაკავშირებით აწყდებით, ეკლესიისათვის კარგადაა ცნობილი, რამეთუ მას დიდი გამოცდილება აქვს იმაში, რაც ადამიანებს მაშინ ემართებათ, როცა განდგებიან რწმენისაგან, ხოლო შემდგომ კვლავ უბრუნდებიან მას. პირველ შემთხვევაში, ეშმაკი მათ სულ უფრო შორს მიერეკება, მეორე შემთხვევაში კი უკანდასახევ გზას უჭრის, იყენებს ყველა თავის მზაკვრობას. ასეა თქვენს თავსაც: ისინი ხან სასოწარკვეთილებაში გაგდებენ, ხან მიწიერი გზის იმ ცდუნებებით გაცდენენ, რომლითაც თქვენ უფსკრულისაკენ მიექანებოდით, დაცინვისაკენ უბიძგებენ თქვენს ყოფილ თანამგზავრთ, ხანაც იმ ცნობილი უღმერთოების შესახებ შეგახსენებენ, „ხალხში პატივისცემით“ რომ სარგებლობენ.

თქვენ უნდა ებრძოლოთ უხილავ მტრებს. მათ აუცილებლად დაამარცხებთ, თუკი თქვენი უდიდესი კეთილისმყოფელის, ქრისტეს სახეს მხედველობიდან არ დაჰკარგავთ. იგია ერთადერთი სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც კი უცხოვრია დედამიწაზე მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა. მისკენ გაეშურეთ, მას ევედრეთ და მიბაძეთ. უმზირეთ, თუ როგორ იბადება თქვენთვის იგი გამოქვაბულში. შეხედეთ, როგორ შრომობს და მცირდება ის თქვენთვის, როგორ განკურნავს ხორციელ დაავადებებს - სიმბოლოს თქვენი სულიერი სნეულებებისა. უმზირეთ მას ჯვარზე გაკრულს - თქვენი გულისათვის, თუ როგორ დაგცქერით ზეციური დიდებით, მკვდრეთით აღმდგარი და ამაღლებული. ყველგან შეხვდით მის მზერას და სირცხვილის განმწმენდი გრძნობა მოიცავს სულს თქვენსას. სირცხვილისა იმიტომ, რომ ასე შორს იდექით და ასე ეწინააღმდეგებოდით მას, შეუძახეთ ეშმაკეულთ, თქვენ რომ გატყუებდნენ და გაცდუნებდნენ: - და თქვენ კი რა გააკეთეთ ჩემთვის?

ამბობთ, რომ წმიდა წერილის კითხვით ტკბებით და სხვა დანარჩენი წიგნები მოსაწყენი და აუტანელია თქვენთვის, რომ მათ ხელშიც ვეღარ იღებთ. ასე ჩვეულებისამებრ სულიერად დამშეულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე: ისინი ადამიანური სიტყვების შთანთქვის შემდგომ, უფლის სიტყვით ვეღარ ძღებიან. მაგრამ ამბობთ, რომ ჯერჯერობით ლოცვა არ გამოგდით, ეს საჩუქრად მოგეცემათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, როცა თქვენს გულში მოყვასისადმი სიყვარული გაღვივდება, ხარბად დაუწყებთ ძებნას მასთან ნებისმიერ ურთიერთობას. ახლა კი მოკლე ლოცვაში ივარჯიშეთ, ვთქვათ: „წმიდაო ღმერთო“, „ყოვლადწმიდაო სამებაო“, „მამაო ჩვენო“ ან „ღვთისმშობელო ქალწულო“. გაიმეორეთ ეს ლოცვები დღის განმავლობაში ხუთგზის, გაიხადეთ ეს წესად და გსურთ თუ არა, მათგან ნუ გადაუხვევთ. რამეთუ კითხვა წმიდა წერილისა გვაძლევს სინათლეს, ლოცვა კი - სითბოს, მიუმატეთ მათ მოწყალება, დაე - თუნდაც მცირედი და არა ყველასათვის საკმარი. მოწყალება წმიდა წერილის შუქთან და ლოცვის სითბოსთან ერთად სულზე სულიერი ტენის მსგავსად მოქმედებს, იგი ზრდას, გაფართოებას, გაღრმავებას იწყებს და კეთილ ნაყოფს იძლევა. ამგვარად თქვენს სულს სულიერი ჯანმრთელობა, ნორმალური მდგომარეობა დაუბრუნდება და იქნება მსგავსი კეთილი ხისა, ხოლო მაცხოვრის სიტყვით, ყოველ კეთილ ხეს, ნაყოფიც კეთილი მოაქვს.

მშვიდობა თქვენ და სიხარული ქრისტესაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 158), თბილისი, 2005 წ.