წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მასწავლებელ ვლადიმერ ვ.-ს - მარკოზის სახარების სიტყვების შესახებ

საყოველთაო, სახალხო შემობრუნება ღმერთისაკენ თქვენც შეგეხოთ. იწყეთ სახარების კითხვა, მაგრამ თქვენთვის გაუგებარი სიტყვები გხვდებათ. მაგალითისათვის მოგყავთ ადგილი, სადაც მაცხოვარი ლაპარაკობს: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო, გარეშეთა მათ - ყოველივე იგავით სიტყუად“ (მარკ. 4,11). მისმა მოწაფეებმა ზეციური საიდუმლოებანი უშუალოდ უნდა გაიგონ და აღიქვან ისინი, როგორც რეალობა, ყოველგვარი სახე-ხატებისა და სიმბოლოთა გარეშე, ხოლო გარეშეთა მათ - ყოველივე იგავით სიტყუა, ბუნების მოვლენათა მითითებებსა და შედარებებში, რამეთუ „ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმაყონ“ (მარკ. 4,12).

როგორაა ეს შესაძლებელი? აი ამგვარად: განა არ უნახავთ მათ ქრისტე პირისპირ, მაგრამ თვით იგი ვერ შეუმჩნევიათ? ამიტომ, როდესაც უამბობდა იგავებს მთესველზე, მეფეზე, ბატონზე, მოწყალე სამარიტელსა და ასე შემდეგ, იგი მათ საკუთარ თავზე ესაუბრებოდა. ამგვარად ასრულდა ებრაელებზე წინასწარმეტყველება უდიდესი წინასწარმეტყველისა ესაიასი: „და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ“ (ეს. 6,9). ამავე სიტყვებს იმეორებს სამივე მახარებელი: მათე (იხ. 13,14), მარკოზი (იხ. 4,12) და იოანე (იხ. 12,40). უფლის სულით ზეშთაგონებული იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: „ისინი თვით იყვნენ მიზეზნი იმისა, რომ ვერ შეიგნეს, დაიხშეს ყურნი, დაივსეს თვალნი და გაიქვავეს გულნი. ხოლო ეს იმისათვის ჩაიდინეს, რათა არ მოქცეულიყვნენ და არ განეკურნა ისინი, - ამბობს უფალი (იხ. იოან. 12,40). ყოველივე ამას იმ განზრახვით ეუბნება, რომ მიიმხროს, უჩვენოს, თუკი მოიქცევიან, განკურნავს მათ. უფალს ამ ადამიანების გადარჩენის სურვილი რომ არ ჰქონოდა, გაჩუმდებოდა და მათ იგავებით აღარ დამოძღვრავდა“. არ მოიქცევიან! - ამ სიტყვებით უფალმა არა საკუთარი, არამედ მათი სურვილი გამოხატა. მსგავსად იმისა, დედას რომ თავისი გაუგონარი, ტალახით მოსვრილი შვილი ენახა და შეძრწუნებულს ეთქვა: იგი იმისთვის მოისვარა, რომ საკოცნელად არ მომახლოვებოდა! იოანე ოქროპირი წერს: „დაიბრმავეს თვალნი და გაიქვავეს გულნი“... რამ დაუვსოთ თვალნი და გაუქვავათ გულნი? ვინ? ცოდვამ თუ ღმერთმა?

ცოდვა თავისი ბუნებით ღმერთის დანახვის საშუალებას გვართმევს, უფალი კი საკუთარი სიწმიდითა და სისუფთავით არ განეცხადება უწმინდურ მზერას, ვიდრე იგი არ განიწმინდება. რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5,8).

მშვიდობა თქვენ და სიხარული უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 159), თბილისი, 2005 წ.