წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მეომარ ვ.-ს - „მძორისა და ორბების“ შესახებ

მწერთ, თუ „გასაგებად რამდენად რთული ადგილები გვხვდება წმიდა წერილში“. ეს სულიერ ასაკზეა დამოკიდებული, წმიდა წერილი მრავალ ადვილ და ნათელად გასაგებ სიტყვებსაც შეიცავს, რომელთა მიყოლაც ცხოვრებაში იმ დარჩენილი ძნელი სიტყვების მნიშვნელობის ახსნაში გვეხმარება. თქვენ ქრისტეს სიტყვების გამო მეკითხებით: „რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (მათ. 24,28). ბუნების კანონებთან დაკავშირებით ეს ჩვენთვის გასაგებია. თქვენ თავადაც გინახავთ, თუ როგორ მოფრინდებიან მკვდარ სხეულებზე ორბები: ისინი გვამს დიდ მანძილზე და სიმაღლეზე გრძნობენ; უბრალოდ დაუჯერებელია, რომელი ალღოთი იგებენ ორბები, თუ სად იმყოფება გვამი! სუნით, თუ რაღაც მეექვსე გრძნობით, მსგავსად კოდალასი, რომელმაც იცის ქერქქვეშ მატლის ადგილმდებარეობა და ზუსტად იმ ადგილას უკაკუნებს. ქრისტე, ეჭვგარეშეა, აქ საკუთარ მკვდარ სხეულზე საუბრობდა. შეხედე, ის მომავალზე ლაპარაკობს: „რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“.

და წინასწარმეტყველება ახდა: გოლგოთის ჯვარზე მისი მკვდარი სხეული იყო გაკრული. აი, ცხრამეტი საუკუნის შემდგომ ათასობით მომლოცველი იკრიბება მის საფლავთან გოლგოთის ძირს. ეს მლოცველები (მხედველობაში ტურისტები არ მყავს) უმაღლესი სულიერი მოთხოვნის გამო საკუთარი მხსნელის საფლავთან მიედინებიან, რათა დაარწყულონ და დაიპურონ სულები ისევე, როგორც ორბები იკვებებიან მკვდარი სხეულით. ქრისტეს საფლავის ჭეშმარიტი მიმლოცველები არიან სწორედ ქრისტეს ნამდვილი არწივები.

ეს სიტყვები ეხება მზიარებელთაც, რომლებიც წმიდა ბარძიმიდან ქრისტეს სისხლს ეზიარებიან. ყველა მათგანი ქრისტეს ორბია, დახარბებულნი და მოწყურებულნი საკურთხეველთან რომ იკრიბებიან და სიცოცხლეს სვამენ მსხვერპლად გაღებული, ჩვენს სახსნელად დაკლული კრავის - ქრისტეს სხეულიდან. რომელი ალღოთი გებულობენ ისინი, რომ წმიდა ზიარებაში - სულიერი საკვები და სიცოცხლეა? რომელი მეექვსე, არამატერიალური, სულიერი გრძნობით გრძნობენ, რწმენით რომ არის განვითარებული და გამახვილებული, გრძნობით, რომელიც სამწუხაროდ ურწმუნოებს დაჩლუნგებული აქვთ? მაგრამ რატომღა ვსაუბრობთ გრძნობის შესახებ? ეს ხომ გონებაა, მორწმუნეთათვის რწმენით განათლებული ან დაბინდებული ურწმუნოებით ურწმუნოთათვის.

მშვიდობა და კურთხევა უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 161), თბილისი, 2005 წ.