წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

სლავოფილს - „სამოთხეში“ შიმშილის შესახებ

თქვენ გაკვირვებული ხართ, რომ რუსეთში ასეთი საშინელი შიმშილი მეფობს. ისეთი შიმშილი, რომ თვით პატარა ავსტრიაშიც კი გულმოწყალე ადამიანები მოწყალებას აგროვებენ, რათა მოშიმშილე რუსეთს დაეხმარონ! რატომ არ არის პური უღმერთო „სამოთხეში“, სადაც ხორციელი პურია გაღმერთებული და უფალზე მაღლა დაყენებული, სადაც ყველაფერი ხორციელი პურისა და ხორცისადმია მსხვერპლად მიტანილი? იმიტომ, რომ რუსმა უღმერთოებმა პურს მსხვერპლად შესწირეს ღმერთიც, უფალი იესო ქრისტე, ეკლესიაც, რწმენაც, სულიც, ზეციური სასუფეველიც, ათი ათასი ეკლესია-მონასტერიც, ასობით ათასი მღვდელი და ბერ-მონაზონი, მილიონობით ადამიანი თავადური თუ დაბალი წარმოშობისა, პურისადმი მსხვერპლადაა მიტანილი ყოველივე, რაც ხელშეუხებელია, ყველაფერი პურადაა ქცეული და მაინც იგი არ არის!

უდიდესი კონტინენტი პოლონეთიდან იაპონიამდე პურის ქარხნადაა ქცეული და პური არ არის!

ასობით მილიონი ადამიანია დასაქმებული პურის უწყვეტ წარმოებაზე და - პური არ არის!

მთელი ადამიანური გონება, მთელი მუშა საქონელი, ფოლადის მანქანები, შეუჩერებლად მუშაობენ, რათა მიწიდან ის ფერფლი ამოიღონ, პურად რომ იწოდება და ადამიანთა მუცლები ამოავსონ, და მაინც სტომაქი შიმშილისა და სიცარიელის დაღვრემილ სიმღერას მღერის.

რას ნიშნავს ეს?

ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონები პურისა ადამიანები არ არიან: ბატონი პურისა - სამყაროს შემოქმედია. ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია ქრისტეს სიტყვები, როცა ამბობს, შემოქმედი გვაძლევს პურს უხვად მაშინ, როცა მას ეძებენ არა როგორც ერთადერთ მნიშვნელოვანს, არამედ - როგორც მეორეხარისხოვანს. „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მათ. 6,33), - ასეთი მცნება დაუტოვა ადამიანებს სულისა და პურის ბატონმა.

როცა პირუტყვები ეძებენ პურს, როგორც პირველსა და მთავარს, მათ ეძლევათ, რადგანაც პირუტყვები არიან. როცა ადამიანები ეძებენ პურს, როგორც პირველსა და მთავარს, არ ეძლევათ მათ, რათა მიხვდნენ, რომ ადამიანები არიან და არა ცხოველები.

რა აზრი აქვს ტრაქტორებით დახვნას და ვერტმფრენებით თესვას, თუკი ღრუბლები და ცა სხვის ხელშია? რა აზრი აქვს მთელი მსოფლიოს დათესვას, თუკი ადამიანს არ შეუძლია, უბრძანოს მარცვალს, გაიზარდოს, მიწას - შობოს, მატლს - ჯეჯილი არ დააზიანოს, მზეს - არ დასწვას, ღრუბელს - დაარწყულოს, წყალს კი - არ დატბოროს?

რუსეთი - მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ეგვიპტეც მდიდარი იყო. იგი შვიდი წლის განმავლობაში შიმშილით იტანჯებოდა. რატომ? არა ადამიანთა სიზარმაცითა და უმეცრებით, სრულიადაც არა: ადამიანებს მიწის კარგად დამუშავება ყოველთვის შეეძლოთ. შვიდწლიანი შიმშილობის მიზეზი ფარაონის მხრიდან იმ უზენაესი ღმერთისადმი წინააღმდეგობა იყო, რომელსაც ძალაუფლებაში ჰყავს მიწაც, მზეც, წვიმაც, მატლებიც, კალიაც. ერთმა ღვთისმოშიშმა ადამიანმა უფლის სახელით იხსნა ეგვიპტე შიმშილით სიკვდილისაგან (იხ. დაბ. 41) და ხალხის ხსნაც რუსეთში - ფოლადში, ფულსა და ადამიანური გონების გამომგონებლობაში კი არ მდგომარეობს, არამედ - მხოლოდ ღმერთში. ამ ხსნას უზენაესი იმ ხალხის სახით და გულისათვის გამოგვიგზავნის, რომელთაც მისი შიში ექნებათ.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 163), თბილისი, 2005 წ.