წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უცნობს - რა მოიმოქმედა ქრისტემ სასწაულებრივი

თქვენ მომმართავთ მე, ისე რომ არ ასახელებთ საკუთარ თავს, მაგრამ ჩემგან ხელმოწერილ ნათელ პასუხს კი ითხოვთ. კარგი, მე არ ავირიდებ მას. თუმცა თავად ფაქტი, რომ თქვენ - ბატონო თუ ქალბატონო, არ ვუწყი, როგორ მოგმართოთ - გრცხვენიათ ან გეშინიათ თქვენივე კითხვისა, იმაზე ლაპარაკობს, რომ კითხვა უსაფუძვლოა. დაცინვით კითხულობთ: „რა გააკეთა ისეთი უჩვეულო ქრისტემ, რომ დავუჯეროთ: მას არც ტელეგრაფი, არც ორთქმავალი, არც გრამოფონი და თვითმფრინავი გამოუგონია. რა გააკეთა ისეთი?“

ჭეშმარიტად, არც ერთი ამ „რკინათაგან“ მას მსოფლიოსათვის არ აღმოუჩენია. ის ხალხის ხსნას სხვა რამეში ხედავდა და აღმოუჩინა კიდეც მათ სრულიად ახალი და უსაზღვრო სამყარო - ზეციური სასუფეველი, ყველა მაცხოვრებელს ამ პაწაწინა დედამიწისა ამ სამეფოსაკენ მიმავალი გზისკენ მიუთითა.

სხვათაშორის, თქვენი კითხვა ახალი არაა. იგივე კითხვა დაუსვეს ალექსანდრიელმა უღმერთოებმა ერთ ქრისტიანს, რომელსაც ლანძღავდნენ, დასცინოდნენ და აწვალებდნენ. ისინი შეეკითხნენ მას: „რა მოიმოქმედა თქვენმა ქრისტემ ისეთი განსაკუთრებული, ასე რომ ადიდებთ?“. ამაზე ქრისტეს მემკვიდრემ უპასუხა: „ის, რომ ვერაფერს მავნებს თქვენი ლანძღვა და შეურაცხყოფა“.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 165), თბილისი, 2005 წ.