წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ექიმ ტ.-ს - განგების ზემოქმედების შესახებ

მწერთ, რომ დიდი ხანია შეამჩნიეთ უფლის განგების ზემოქმედება თქვენს ცხოვრებაზე. მას არა მხოლოდ მნიშვნელოვანი და მძიმე შემთხვევების ჟამს, არამედ - სრულიად მცირე და ერთი შეხედვით უმნიშვნელოსიც. მაგალითად მოგაქვთ შემთხვევა, რომელსაც თქვენივე ნებართვით მე აქ მოვიტან. სურდათ, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინეთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გეკავათ, მაგრამ თქვენ მთელი გულით ლოცულობდით და ყოველივე იმით დასრულდა, რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე დაინიშნეთ. სხვა მაგალითიც მოგაქვთ, რომელიც შეიძლება სასრგებლო იყოს ამ წიგნის ყველა მკითხველისათვის.

თქვენს პატარა ვაჟთან ერთად გამგზავრებას აპირებდით. მეზობლის ქალმა დაგიყოლიათ, რომ თან ზამთრის პალტო წაგეღოთ რათა ის ვაჟიშვილისათვის გადაგეცათ. საკუთარი ნების წინააღმდეგ და იმიტომ, რომ მასთან კამათი არ გსურდათ, თქვენ უხალისოდ იკისრეთ ფოსტალიონის ვალდებულება. რამოდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ ამინდი შეიცვალა და მკვეთრად აცივდა. თქვენი ვაჟი ლამის გაიყინა. პალტო გაგახსენდათ, მეზობლის ქალმა რომ მოგცათ, გაშალეთ და შვილს გადააფარეთ. „მოწყალეო ღმერთო - წამოიძახეთ თქვენ, - რარიგ შორსმხედველნი არიან თვალნი შენნი და რამდენად დიდია წყალობა შენი ჩვენდამი, უღირსებისადმი!“ - უფლისადმი მადლიერებისა და შინაგანი სირცხვის გრძნობით დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით ჩააღწიეთ.

პროფესორი მიხაილო პუპინი, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე და მეცნიერი, როდესაც ამერიკაში აღმოჩნდა, ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ხატავდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოვლისშემძლე ღმერთის ხელს ყველგან. უდიდესი პოეტი და მბრძანებელი პეტრე ნეგოში გამუდმებით გრძნობდა, რომ „იდუმალი განგების ზემოქმედების ქვეშ“ იმყოფებოდა. ხოლო მეფსალმუნე, როდესაც ჩამოთვლის უფლის ყოველგვარ წყალობას საკუთარი ხალხისადმი, შესძახებს: „მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშტა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა (ფს. 65,16).

მშვიდობა თქვენ და სახლს თქვენსას.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 168), თბილისი, 2005 წ.