წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ძუნწ ბატონს - ეკლესიური ბრწყინვალების შესახებ

თქვენ საგონებელში ხართ ჩავარდნილნი, რატომ აძლევს მართლმადიდებელი ეკლესია ტაძრებში ასეთი ბრწყინვალების და ფუფუნების უფლებას: ძვირფასი ხატები, ვერცხლის კანდელები, ოქროს ფარჩის სამოსელი და სხვა ძვირადღირებული საგნები; იმისთვის, რომ ამგვარი უბადრუკი ბრწყინვალებით სურს, ზეციური ბრწყინვალების შესახებ შეგვახსენოს;

ეს იმისთვისაა, რომ ცოტა ხნით მაინც გადაიტანოს ადამიანთა ყურადღება მათი მიწიერი სიღარიბიდან ზეციურ სამშობლოზე, მარადიული სიხარულის, ნეტარების სამეფოზე და სხვა სამყარო შეახსენოს;

რათა აჩვენოს მათ ის სიუხვე და ბრწყინვალება, რომელიც უხვად მოედინება სულიერი სამყაროდან და რომელიც ქრისტიანის სულიდანაც უხვად უნდა გარდამოედინებოდეს, სხეულში რომ არის მომწიფებული, როგორც ეს ნათელია მომწყვდეული ტაძრის ქვის კედლებში.

მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ზოგადი შეხსენებაა მაშინ, როდესაც თითოეული საეკლესიო ნივთი ფორმასთან, ფერთან, ნახატთან შესაბამისია და მართლმადიდებლური ტრადიციით თავისი განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. ერთად აღებულნი და ცალკე ისინი სიმბოლურად ცხონების გზასთან დაკავშირებულ ქრისტეს სწავლებას, მის აღთქმას, ან ზეციური სასუფევლის რომელიმე საიდუმლოს გამოხატავენ.

თქვენ ისურვებდით, ყოველივე ეს პურად გექციათ და შეგეჭამათ! შევჭამო, და რა მერე? თუკი სხეული სულიერ საზრდოსაც შეჭამს, რაღა დარჩება სულს? განა არ გსმენიათ, რომ უღმერთოებმა რუსეთში ყველაფერი პურად აქციეს და მაინც შიმშილობენ, ისე შიმშილობენ, როგორც არ უშიმშილიათ ასკალდისა და დირის დროიდან მოყოლებული? არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ - სულიერი სარჩოთიც. წმიდა ტაძრებში კი ყოველ საგანს ადამიანთა სულებისათვის სულიერი საკვების დანიშნულება აქვს.

შეისწავლეთ ქრისტიანული მოძღვრება: იგი ჩვენთვისაა, მიწიერ მოგზაურთათვის, მნიშვნელოვანი ყველა სხვა მოძღვრებასა და მეცნიერებაზე, და თქვენ ამას მიხვდებით, ხოლო როდესაც მიხვდებით, შეიცვლით აზროვნების წესს.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 171), თბილისი, 2005 წ.