წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მასვე - ეკლესიური ფუფუნების შესახებ

ჩემს წერილზე თქვენ ახალი კითხვით მპასუხობთ: „განა ქრისტე მოითმენდა ტაძარში ამგვარ ფუფუნებას?“ რა თქმა უნდა, ითმენდა მაშინაც და მოითმენდა ახლაც. მაშინაც იერუსალიმში სოლომონის ტაძარი იდგა, უიშვიათესი საოცრება არქიტექტურისა და სიმდიდრისა მთელს მსოფლიოში. ამ ტაძრის მოსართავად უფრო მეტი ოქრო და ძვირფასეულობა დაიხარჯა, ვიდრე - მთელი ბალკანეთის ეკლესიებზე ერთად აღებული. მთელი სოლომონის ტაძარი ოქროთი იყო გაწყობილი: საკურთხეველიც და კედლებიც. ქრისტე მრავალგზის შესულა ამ ტაძარში, მაგრამ ერთხელაც არ გამოუთქვამს მსგავსი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, პურად ვაქციოთ და შევჭამოთ. მან ამ ტაძრის დაქცევა იწინასწარმეტყველა და იგი დაიქცა, მაგრამ არა მასში განთავსებული ოქროს, არამედ - ადამიანთა სულებში დასადგურებული უწმინდურების მიზეზით.

მე მახარებს ის, რომ თქვენ ღარიბებისადმი გულმოწყალებას იჩენთ, მაგრამ უფრო მეტად გავიხარებდი, თუკი მას თქვენი და არა სხვისი ქონების ანგარიშზე გამოიჩენდით. არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი, რომ იუდასთან ერთად, ერთ მხარეზე მეხილეთ. იცით იგავი, როგორ სურდა იუდას, ქრისტეზე მოწყალე გამოჩენილიყო? წაიკითხეთ იოანეს სახარების მეთორმეტე თავი. იქ ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა ერთი ქალი ქრისტესთან, მიიტანა ერთი ლიტრი წმინდა, ძვარფასი ნელსაცხებელი ნარდისა და სცხო ფეხებზე იესოს. იუდა, რომემაც მალევე გაყიდა საკუთარი მოძღვარი ოცდაათ ვერცხლად, გაბრაზდა და შესძახა: „რაისათვს ნელსაცხებელი ესე არა განიყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?“ რაზეც სახიერმა უფალმა, რომელიც იმისთვის მოგვევლინა, რომ თავისი სიცოცხლე უპოვართათვის გაეღო - უპასუხა: „გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“ (იოან. 12,5,8).

ყური მიგდეთ, რას გეტყვით: ქრისტე რომ მუდამ გვერდით გვყავდეს, ჩვენს შორის ღარიბები აღარ იქნებოდნენ. ისინი, ვინც ქრისტეს გულით დაატარებენ, ეკლესიას სწირავენ ყველაფერ იმას, რასაც თქვენ „ფუფუნებას“ უწოდებთ. ისინი ღარიბებსაც აძლევენ მოწყალებას. ქრისტესადმი სიყვარული მათ ორ რამეს შთააგონებს - მსხვერპლად შეწირვას ეკლესიისადმი და ღარიბი თანამოძმეებისადმი. ხოლო მას, ვისაც არ ჰყავს სულში ქრისტე, არც ღარიბები ჰყავს. ისინი ისურვებდნენ, აეღოთ ეკელსიისგან და მიეცათ ღარიბთათვის მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელთ თავი არ მოებეზრებინათ მათთვის. აი მსგავს აზრთა ჭეშმარიტი მიზეზი, სათნოების ნიღაბს რომ ატარებს.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 172), თბილისი, 2005 წ.