წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ქვრივს, რომელიც ბევრს მწუხარებს და შფოთავს

ჭმუნავ გარდაცვლილ ქმარზე. ნერვიულობ ბავშვების გამო. დღე და ღამე ტირი. შენს სულში ძრწოლა და უკუნია, მომავალი ბურუსით არის მოცული. გამხნევდი, ნუ გეშინია. უთხარი საკუთარ თავს ჩემი მეუღლე ჯერ ღმერთს ეკუთვნის, ხოლო შემდეგ - მე, ჩემი ბავშვებიც უპირველეს ყოვლისა უფლისაა, შემდგომ ჩემი. თუ გამოცდილი მებაღე ბალახის ღეროს გამოხშირავს, იცოდე ეს აუცილებელია. მან იცის იმის მიზეზი, რაც გააკეთა. ხოლო მიზეზთა შორის ისიცაა, რომ მეზობელი ყვავილები უკეთ განვითარდნენ და აყვავდნენ. ამიერიდან შენ და შენი შვილები სულიერად განვითარდებით და აყვავდებით. შენი ფიქრები მიწიერიდან ზეციურისაკენ ამაღლდებიან. სული შენი კიდევ უფრო მიეახლება ღმერთს. სული ხორცზე იზეიმებს. სიკვდილი აღარ შეგაშინებს. უწინდელი ამაოება შენთვის სასაცილო იქნება. შეგეცვლება წარმოდგენა ამქვეყნიურობაზე, როგორც ჭეშმარიტ და მტკიცე ბედნიერების გარანტზე. შესაბამისად, მდიდარ სულიერ სარგებელს მიიღებ. იცოდე, რომ უფალი მაშინაც კი აშენებს, როცა ანგრევს.

შვილების გამო ნუ ინაღვლებ. გააკეთე ყველაფერი რაც შესაძლებელია, დანარჩენი კი მიანდე შემოქმედს ჩვენსას, რამეთუ წერილ არს „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფს. 54, 23) და შენი ჯვარი მსუბუქი იქნება. მრავალი დაქვრივებული დედა შენზე მძიმე ტვირთს ატარებს. ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვები: მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელებმა ერთი ჩემი ნაცნობი მოკლეს. მოკლეს საკუთარი სახლის წინ, მდინარე დრინის ნაპირას, სახლი დაწვეს, ხოლო ცოლი, ექვსი მცირეწლოვანი ბავშვით იმ ადგილიდან აჰყარეს. განვლო თორმეტმა წელმა. ერთხელ ხალხში მომიახლოვდა ახალგაზრდა რკინიგზელი და გამეცნო, როგორც ჩემი დაღუპული ნაცნობის ვაჟი. ძალიან გამეხარდა და შიშით ვკითხე, გადარჩა თუ არა კიდევ ვინმე ცოცხალი. მან სიხარულით მომიგო: „მადლობა ღმერთს, ყველა ჩვენგანი ცოცხალი და საღსალამათია! ორი სახელმწიფო სამსახურშია, ორი ვაჭრობაშია, უფროსი და გათხოვდა, უმცროსი კი დედასთანაა „ნ“-ში“.

ამის შემდეგ ის გულისტკივილით მომიყვა იმ ტანჯვისა და საშინელებების შესახებ, რაც მათ გადაიტანეს: ხეტიალი მთელ ქვეყანაში - დრინიდან ბრიტოლამდე, შიმშილი, ავადმყოფობა, სიცივე, დაპატიმრებები, ღამეები სადგურებსა და გზისპირა დუქნებში, შიში და გაურკვევლობა უცხო მხარეში. მაგრამ ბოლოს და ბოლოს - გამარჯვება და სიხარული. გადარჩა ღირსებაც, გონებაც, სიცოცხლეცა და რწმენაც. რა გითხრა კიდევ? ვფიქრობ, რომ ბრძოლა და გამარჯვება ამ ექვს ბავშვთან მარტოდდარჩენილი დედისა ნაპოლეონის ყველა გამარჯვებაზე მშვენიერი და დიდებულია.

ღმერთი იყოს შენი შემწე, არ დაივიწყო იგი და ის არ მიგატოვებს. გაიმარჯვებ და ეს გამარჯვება ტკბილი იქნება შენთვის უკუნითი უკუნისამდე.

მშვიდობა შენდა და ლოცვა უფლისა.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 21), თბილისი, 2005 წ.