წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

პენსიონერ ს. პ.-ს, რომელიც
თავისებურად ხსნის იაპონია-ჩინეთის ომს

უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენმა განმარტებამ ჩინეთ-იაპონიას შორის ომის თაობაზე გამაკვირვა. თქვენ ამბობთ: ამით აცილებულია სამხედრო საშიშროება ევროპაში. ომი გადატანილია დედამიწის მეორე მხარეს, იქ, სადაც ღამეა, როცა ჩვენთან დღეა. თქვენ, სიხარულით, ევროპაში მშვიდობას წინასწარმეტყველებთ.

განა შეიძლება, გიხაროდეთ ეს მშვიდობა, როცა გესმით ომის შესახებ, დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს ის?! განა სასიამოვნოა თქვენთვის საჭმელ-სასმელი, მზიარულება და კინემატოგრაფი, სიცილი და ხუმრობა, როცა ფიქრებით გადასწვდებით მანჯურიის მინდვრებს და ხედავთ გაყინულ, სისხლისგან დაცლილ, მშიერ და გამხეცებულ ხალხს, იმავე წინაპრისაგან წარმოშობილთ, ვისგანაც წარმოიშვა თქვენი ხალხი და ჩვენ თქვენთან ერთად?! ყოველ საღამოს თქვენ უსმენთ რადიოს და ფიქრობთ, რომ მისი ლაყბობით ჭკუას იძენთ. უმთავრესია რას გვეტყოდა რადიო დღევანდელი დღის შესახებ, - ეს შეეხება ორი უდიდესი სახელმწიფოს ასეულ ათასობით დაჭრილს და მომაკვდავს, დედათა გმინვას, ქვრივებსა და ბავშვებს. ყველა მათგანი ისეთივეა, როგორიც თქვენ ხართ: ადამიანები, ცოცხალი არსებები, სიცოცხლე და ბედნიერება რომ სწყურიათ. მათაც ისეთივე მზე დაჰნათით თავზე, როგორც თქვენ, მათაც დასცქერის თვალცრემლიანი მზერა უფლისა.

შესაბამისად, არა სიხარულის დროა, არამედ - მწუხარებისა. და ეს მწუხარება არ არის ერთი, ან ორი ადამიანის, არამედ - ხალხების, ტომების და სახელმწიფოებისაა. როცა ევროპის სახელმწიფოთა მეთაურები აცხადებენ სახელმწიფო გლოვას რომელიმე ბურბონელი ან სავოელი პრინცის სიკვდილის მიზეზით, როგორ ავიწყდებათ, რომ იგლოვონ ის ათასობით და ათასობით ძალადობით ამოწყვეტილი ადამიანები რომელთაგან თითოეული - უფლისწულია ღვთის თვალში? და ევროპის ხალხები რომ ჭეშმარიტად განათლებულნი ყოფილიყვნენ, სახელმწიფო და სახალხო გლოვას გამოაცხადებდნენ ნებისმიერი ომის გამო - ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. თანაგრძნობის გამო დაიხურებოდა რესტორნები, სათამაშო სახლები და კინო-თეატრები, აიკრძალებოღა ყველა გართობა, ვიდრე ძმათა სისხლი იღვრება.

თქვენ, შეიძლება, გაგეცინოთ ჩემს სიტყვებზე. ვიცი, პილატეც გაიცინებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქრისტე ნამდვილად არ გაიცინებს. რაც შეეხება თქვენს წინასწარმეტყველებას იმის თაობაზე, რომ ევროპას განაღდებული აქვს მშვიდობა, რადგან ომის ალმა მისგან შორს იფეთქა, გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყოთ. ნუ დაუჯერებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც წინასწარმეტყველებას, რამეთუ, როცა ხანძარი ინთება ტყის ერთ მხარეს, განა ქარს თავისუფლად არ ძალუმს ნაპერწკლის მეორე მხარეს გადატანა?!

მშვიდობა თქვენდა და წყალობა უფლისა.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 22), თბილისი, 2005 წ.