წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ერთ ღვთისმოსავ ოჯახს, კითხვაზე: „როგორ აღსდგა ქრისტე?“

განა საკმარისი არაა, უბრალოდ იცოდე, რომ ის აღსდგა? რისთვის იტანჯავ თავს კითხვებით: როგორ აღსდგა? მაგრამ, რადგანაც ამის შესახებ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი სიხარული და აღტაცება მეკითხება და არა ეჭვი, ჩემთვის ძვირფასია შეკითხვა. მსგავსად იმისა, თუ როგორ უცებ ამოდის აზიაში მზე და დღე ღამეს ცვლის მსგავსად იმისა, თუ ჩამრთველის შეხებისთანავე როგორ ელვისებურად ინთება სინათლე ოთახში, ზუსტად ასევე იყო აღდგომა უფლისა, არგაგონილი და მეყსეული.

ახლაც კითხულობთ ცნობისმოყვარეობით: როგორ? ვფიქრობ ისევე, როგორც ქვეყნიერების შექმნისას გამოჩნდა სინათლე წყვდიადში. გაუნათლებელი ადამიანები ფიქრობენ: რა უზარმაზარი ფაბრიკა უნდა უზრუნველყოფდეს სამყაროს შუქით? რა უზარმაზარი მანქანები უნდა იდგნენ ამ ქარხანაში? რამდენი მილიონი ცხენის, ან სპილოს ძალა სჭირდება ამ მანქანების ამოძრავებას? და რამდენი მილიონი წელიწადი უნდა ემუშავათ მათ, რათა საბოლოოდ სინათლე ანთებულიყო? არავითარი ფაბრიკა, არავითარი მანქანები, არავითარი მილიონობით და მილიონობით წელი. არავითარი ძალისხმევა საერთოდ. მხოლოდ ერთი ყოვლისშემძლე სიტყვა - იქმნა ნათელი და აავსო მთელი ქვეყნიერება „და თქუა ღმერთმან, იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი“ (შესაქ. 1,3). სიტყვაც კი არ უთქვამს, მხოლოდ გაიფიქრა, რამეთუ გულისთქმა უფლისა იგივეა, რაც სიტყვა და გაიფიქრა უფალმა: იქმენინ ნათელი; და იქმნა ნათელი - ჩუმი და მეყსეული.

ასეთივე გახლდათ ქრისტეს აღდგომაც. ასე მოგვევლინა ახალი აღთქმის შუქი, გონიერ ადამიანებს სულიერი სამყარო რომ გაუნათა. და მსგავსად ფიზიკური სინათლისა, რომელმაც მზერას ფიზიკური სამყარო დაანახა, ასევე უფლის აღდგომის ნათელმა ყველა გონიერ ადამიანს სულიერი სამყარო გაუხსნა, უკვდავ ანგელოზთა სავანე. ამიტომ არ არის ფიზიკური სინათლე სულიერზე კაშკაშა ერთიც და მეორეც შემოქმედის ყოვლადძლიერი ნებით გაჩნდნენ ჩუმი და მეყსეული - მისი გამოუთმელი წყალობითა და სიყვარულით.

გსმენიათ ალბათ იმის შესახებ, თუ როგორი განსაცვიფრებელი სიმსუბუქითა და სისწრაფით ქმნიან ნიჭიერი ადამიანები თავიანთ გენიალურ ნაწარმოებებს, მაშ, ყველა ნიჭის მომნიჭებელი, ყველა გენიოსის შემქმნელი რაღას იზამს! განა არ წაგიკითხავთ, როგორ იოლად და სწრაფად აღადგინა უფალმა იაიროსის ქალიშვილი (იხ. ლუკ. 8,41-56), ნაინელი ქვრივის ვაჟი (იხ. ლუკ. 7,11-15) და ლაზარე ბეთანიაში (იხ. იოან. 11,38-44.)?! სიტყვა თქვა და ასრულდა! რამეთუ ღმერთს ყველაფერი ხელეწიფება: რასაც იტყვის და რასაც გაიაზრებს. ასევე აღიდგინა ქრისტემ საკუთარი თავი. უფრო ადვილად და სწრაფად, ყოველგვარი სიტყვის გარეშე. ახლა კი მე გთხოვთ, ძვირფასო შვილებო, თუკი იცით, რომ უფალი აღდგა, უმეტესად იმაზე იზრუნეთ, აღდგომა დაიმსახუროთ, რომ მან აღგადგინოთ თქვენ. რამეთუ აღსდგა თქვენი გულისთვის, რათა ამით თქვენი აღდგომა დაემოწმებინა. მსგავსება თქვენი მისდამი მარადიულ დიდებასა და სილამაზეშია.

ასე რომ, თაყვანი ეცით აღდგომილ უფალს და აღუვლინეთ მას ცისკრის გალობა: აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ღირს გვყვნენ ქვეყანასა ზედა წმიდით გულით დიდებად შენდა!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 24), თბილისი, 2005 წ.