წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ვაჭარ კ.კ.-ს - მარხვის ნაყოფის შესახებ

- რატომ არ იცავს ბევრი მარხვას? - კითხულობთ თქვენ. იმიტომ, რომ არ იციან მარხვის ნაყოფი. ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა ეკლესიასთან ერთად უნდა მოსთხოვონ ხალხს მარხვის დაცვა, იმიტომ, რომ მარხვას საოცარი შედეგები მოაქვს, და არა მხოლოდ სულიერი, არამედ - ხორციელიც. ამის დასტურად მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგრამ მე ერთ-ერთ ამასწინდელ მაგალითზე შევჩერდები.

აი, რას წერს ერთი ქვრივი ბეჩეიადან: „მარხვა გასულ წელს, სამების დღესასწაულზე დავიწყე. ასე გადავწყვიტე: თუკი ეკლესიაში დავდივარ, უფლისადმი ვლოცულობ, უნდა ვიმარხულო კიდევ. ვიდრე მეუღლე ცოცხალი მყავდა, მარხვას არ ვიცავდი და ხშირად ავადვმყოფობდით. არასდროს ისე არ მომხდარა, რომ ერთდროულად ორივენი ჯანმრთელად ვყოფილიყავით: ხან ერთი ვიყავით ლოგინად, ხან - მეორე. ასე განვლეთ მთელი ცხოვრება. მე ყოველთვის გაღიზიანებული ვიყავი, მცირეოდენ წვრილმანსაც კი მრისხანებაში მოვყავდი. შიშები მტანჯავდნენ. ყველაფრის მეშინოდა, თვით საკუთარი აზრებისა და წინათგრძნობებისაც კი. ამ დროიდან ვიწყე მარხვა (აგერ უკვე ერთი წელიწადი გავიდა სამებობის იმ დღიდან), მე დავმშვიდდი, სულში სიხარულმა, ხოლო სხეულში სიმსუბუქემ დაისადგურა. არაფერზე ვბრაზდები, არავისზე ვარ ნაწყენი. ჩემს სულში საეკლესიო გალობები და ლოცვები ჟღერენ. სიზმრები ნათელი და კეთილია. ახლა შეძლებულ მეგობარ ქალბატონთან ვცხოვრობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მთელი სამყარო მე მეკუთვნის. სრულიად ჯამრთელი ვარ, თუმცა მოვხუცდი, არაფრის შიში არ მაქვს, სიკვდილისაც კი. მხოლოდ ერთი დაუოკებელი სურვილი მაქვს - სურვილი სიჩუმის, მარხვისა და ლოცვისა. მათში ვპოვებ სრულ ბედნიერებას“.

ამგვარად წერს საკუთარი თავის შესახებ მოხუცი ქალბატონი ბეჩეიადან. და გამოცდილებით გვიდასტურებს სახარებისეულ სწავლებას და ეკლესიის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 265), თბილისი, 2005 წ.