წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

იერუსალიმში - სააღდგომო მსახურების შესახებ

ველოდით და მოვესწარით კიდეც, როდესაც ჭაღარა პატრიარქმა იწყო გალობა: „ქრისტე აღსდგა!“ სულიდან მძიმე ტვირთი ჩამოგვეხსნა. თავი ანგელოზებად ვიგრძენით, თითქოს აღვსდექით! მაშინათვე აქეთ-იქიდან ხალხის ხმამაღალი წამოძახილი გაისმა, რომელიც მღელვარე მდინარის ხმაურს წააგავდა: ქვემოთ - საფლავთან, ზემოთ - გოლგოთასთან, გალერეებთან, კოლონებთან და ფანჯრის შვერილებთან; ყველგან, სადაც კი ადამიანის ფეხის დასადგამი ადგილი მოიძებნებოდა, ხალხი იდგა. ამ შეძახილით გამოხატავენ თავიანთ სიხარულს ჩვენი აფრიკელი და აზიელი ძმები; ჩვენ, ევროპელებს ეს არ გვჩვევია, მაგრამ ასეთები არიან აღმოსავლეთის ხალხები. ტანჯვაც და სიხარულიც ექსტაზამდე იციან. ვნების კვირეულში ისინი ხმამაღლა გმინავდნენ უფლის საფლავთან, კოცნიდნენ მას, სიყვარულით ემთხვეოდნენ სახითა და ხელებით, მკერდში მუშტს იცემდნენ და მოსთქვამდნენ. დილით კი - სიხარულის ძახილი აღმოხდათ. ისინი ბავშვების მსგავსად გულწრფელნი და უშუალონი არიან. და განა ბავშვებს არ შეჰპირდა უფალი ზეციურ სასუფეველს?! ერთი კოპტისაგან მსმენია, რომ ევროპელებმა სიცილი იციან, სიხარული კი არ შეუძლიათ. აღმოსავლეთის ხალხთა სიხარული სიცილის გარეშე - განსაკუთრებულად ამაღლებული, სულიერი სიხარულია.

„აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი“...გალობს პატრიარქი. „ქრისტე აღსდგა“, - გალობენ ბერძნები. საფლავი სამოთხედ იქცა, ვნების ადგილი კი სიხარულის წყაროდ. ჩვენ, ყველას ხელში სანთლები გვიჭირავს, მაგრამ ჩვენი სულები სანთლებზე უნათლესია.

„ქრისტე აღსდგა“! - გალობენ რუსები. საოცრად, ალერსიანად და რბილად, მსგავსად აბრეშუმისა, ისე როგორც მხოლოდ რუსებს შეუძლიათ.

მაგრამ ამ წამს და ამ ადგილას ყველაზე ცუდი გალობაც კი მშვენივრად გეჩვენება, ხოლო ყველაზე ულამაზო სახე - ლამაზად.

სინათლე და სიხარული აღდგომისა ყველაფერს ცვლის, ყოველივე გარდაისახება: ხმებიც, სახეებიც და საგნებიც. ირგვლივ ყველაფერი ისე მშვენიერია, სუფთა და წმინდაა, როგორც სამოთხეში.

„ქრისტე აღსდგა!“ - გალობენ არაბები, ბუქვნითა და ტაშისცემით. ცრემლები მოგორავენ მათ სახეებზე და კანდელების, ათასობით სანთლის შუქზე ბრწყინავენ ცრემლები, მწუხარებას რომ გამოხატავდნენ, ახლა სიხარულს ემსახურებიან. რაოდენ დიდი გახლავთ ადამიანის სული თავისი გულწრფელობით! მასზე უმეტესი მხოლოდ ღმერთი და მისი ანგელოზები არიან!

„ქრისტე აღსდგა!“ - გალობენ სერბები, კოპტები, სომხები, ბულგარელები და აბისინიელები - თვითოეული თავის ენაზე და მოტივზე, მაგრამ ლამაზად კი გალობენ. გეტყვით: ჩვენს ირგვლივ ყველა ადამიანი მშვენიერი და კეთილია, ანგელოზთა მსგავსად. ეს იმგვარი საოცრებაა, როგორის შექმნაც მხოლოდ აღმდგარ ქრისტეს ძალუძს. სწორედ ეს გახლავთ ადამიანთა შორის ძმობის ერთადერთი საფუძველი - იხილო ყველა მათგანი კეთილი და მშვენიერი.

მას შემდეგ რაც ყველა ენაზე შესრულდა სააღდგომო ტროპარი, უფლის საფლავის ირგვლივ ჯვრის პროცესია დაიძრა. აზიელები ფესკებში, „ერთია რწმენა ჭეშმარიტი, რწმენა მართლმადიდებლური!“

ამის შემდგომ დაიწყო ლიტურგია. მაგრამ ყველა გალობას თუ ფსალმუნთა კითხვას ისევ ის ძლევამოსილი გალობა ფარავდა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!“

გამთენიისას სააღდგომო მსახურება ტაძარში დასრულდა, მაგრამ ჩვენს სულებში კი გაგრძელდა. ყოველი ჩვენგანი ქრისტეს აღდგომით, მისი დიდებით გახლდათ განათებული. დღეს ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა, ვიდრე - გუშინ: უფრო ლამაზად, საზეიმოდ და მეტყველად მხოლოდ აღდგომის ამ დღეს იძენს ცხოვრება ჭეშმარიტ აზრს.

შუადღით ანტიპასექის მსახურება ჩატარდა - საზეიმო მსვლელობა ჯვრით, წმიდა ქალაქის გავლით და მრავალ ენაზე სახარების კითხვით. ამის შემდეგ ვნახეთ, თუ როგორ თამაშობდნენ არაბები ხმლებით და როგორ დაატარებდნენ ხელით პატრიარქს. გვინდოდა წმიდა მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსულ ეკლესიაში ჩავსულიყავით, რომელიც გეთსიმანიაში მდებარეობს. ჩვენ იქ სათნო რუსმა მონაზვნებმა მიგვიწვიეს. კვლავ დავადექით უფლის გზას. მაგრამ, შეხედე: ის ახლა სრულიად სხვაგვარი - უფრო ლამაზი და ნათელია! როგორი სიმსუბუქე ვიგრძენით სულში. ქრისტეს გამარჯვებამ შთანთქა სიკვდილი და მასთან ერთად - ტანჯვა-წამებაც. არაფერი მოსჩანს აღდგომის ნათლის ბრწყინვალებაში.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად ქრისტე აღსდგა!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 31), თბილისი, 2005 წ.