წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

პროფესორ მ.-ს, რომელიც გლოვის გამო
სახელობის დღეს არ დღესასწაულობს

მივიღე შენი წერილი, სადაც ადასტურებ გაზეთებში გამოქვეყნებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ არ იზეიმებ სახელობის დღესასწაულს, რადგანაც შენს სახლში გლოვაა. გულით ვიზიარებ შენს მწუხარებას. და კვლავ გეტყვი! დაე შეუნდოს ღმერთმა შენს ღვთისმოსავ ვაჟს. ვიდრე შენ მარტო იმყოფები ერთ მწუხარებასთან, მე კიდევ ორი მათგანით დამამძიმე. პირველი ისაა, რომ არ დღესასწაულობ, მეორე კი ის, რის შესახებაც გაზეთებში აცხადებ.

ორმოცდაათი ათასი ადამიანი წაიკითხავს, რომ რომელიღაც სერბი პროფესორი არ იზეიმებს სახელობის დღესასწაულს. განა ეს მათ ცუდ სამსახურს არ გაუწევს? ნეტავ გაჩუმებულიყავი... ანდა მხოლოდ იმ მეგობრებისათვის გეთქვა, შენთან სახლში რომ მოდიან; რატომ უნდა გადააწყდეს ყველა მართლმადიდებელი იმ დაბრკოლების ქვას, რომელიც შენი რელიგიური და ზნეობრივი ვალის შეუსრულებლობამ გამოიწვია?

და მაინც, რატომ არ აღნიშნავ? გლოვის მიზეზით! მაგრამ განა წმინდანებს მხოლოდ მაშინ უნდა ვცეთ პატივი, როცა გვიხარია ან წარმატებებს ვაღწევთ? ჩვენი მამები სულ სხვა მაგალითს გვაძლევენ: თავადმა ლაზარემ სახელობის დღე კოსოვოს ბრძოლაში დამარცხების წინ აღნიშნა. ვოევოდა თევდორემ კი წმიდა გიორგის დღესასწაული, რომელიც მისი ანგელოზის დღეც გახლდათ ტუსაღთა შორის, საპყრობილეში აღნიშნა. მისი ცოლი ღრმად დამწუხრებული იყო, მაგრამ სახლში სტუმრებს იღებდა და დღესასწაულობდა. ასეთ მაგალითს გვაძლევს ჩვენი ხალხი დღემდე. ომის დროს სერბი ჯარისკაცები თავიანთი ანგელოზის დღესასწაულს სანგრებში აღნიშნავდნენ, წყლითა და გვამებით რომ იყო სავსე, რასაც ახლა მოგითხრობ, ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეა.

თავისი ანგელოზის დღეს ჯარისკაცმა სანგარში სანთელი დაანთო და ის მოკლული მეგობრის შუბლზე დაამაგრა. მკერდზე კი დაღუპულს პური და ღვინო დააწყო, თან თავშიშველი. განაგრძობდა სროლას და ბრძანებას ასრულებდა.

- რას ნიშნავს ეს ყოველივე? -- ჰკითხა მას ზემდეგმა.

- დღეს ჩემი ანგელოზობის დღეა... დაე იგი ჩემი თანამემამულის ხსენების დღეც იყოს: ის ამ ჭაობში მაგიდის მაგივრობას გამიწევს.

სანთელი, პური, ღვინო და მოშიშვლებული თავი! გესმის კი შენ ეს, ოთხი სიმბოლო - ნათელი რწმენისა, დამოკიდებულებისა უფლისადმი, სიყვარულისა ღმერთისადმი და მისადმი ლოცვა. აი რა არის მთავარი, როცა ანგელოზის დღეს ვდღესასწაულობთ და უფლის წმინდანებს ვადიდებთ. განა შენც არ შეგიძლია, შენს დღესასწაულზე იგივე მოიმოქმედო? თუ თვლი, რომ შენი სახლი, საიდანაც რამოდენიმე დღის წინ მიცვალებული გამოასვენეს, უფრო მეტი მწუხარებით არის სავსე, ვიდრე - გვამებით სავსე სანგარი, სისხლი ჯერაც რომ არ შეშრობია?

შენი მომიზეზება გლოვასთან დაკავშირებით არალოგიკურია. სწორედ მაშინ, როცა ტანჯვა-წამება მოდის, საჭიროა უფრო მეტი გულმოდგინებით ვიდღესასწაულოთ და ლოცვით დავემხოთ წმიდანების წინაშე. მაშინ წმიდანებიც, თვით ღმერთიც, მათი მოწმობით, უფრო სწრაფად და ძლიერ გვეხმარება. ხოლო, როცა კეთილდღეობაში ვართ და ყოველივე ჩვენს ნებაზეა, მაშინ შეიძლება, მათი დახმარება შეუმჩნეველი დარჩეს, რამეთუ უკვე გვაქვს ის, რაც გვსურს.

მე მტკიცედ მწამს, რომ ძლევამოსილი წმიდა გიორგი გამოეცხადა ვოევოდა თევდორეს და საპყრობილედან გამოიყვანა. მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, თუ ისინი, ვინც თავიანთი წმიდანების დღეებს დღესასწაულობდნენ და განადიდებდნენ ღმერთს მათთვის მწუხარე, მძიმე დღეებში, რაოდენ მალე თავისუფლდებოდნენ უბედურებებისაგან. ამას წმინდა წერილიც ადასტურებს. წაიკითხე, თუ როგორ ადიდებდნენ საპყრობილეში ბორკილდადებული წმიდა მოციქულები პავლე და შილა უფალს, როგორ იძრა იმწამსვე მიწა, საპყრობილის კარი გაიხსნა და ტუსაღებს ფეხებიდან ბორკილები შეეხსნათ (იხ. საქ. 16,25-26).

დარწმუნებული ვარ, რომ სახელობის დღესასწაულის აღნიშვნაზე უარის თქმა შენი არასწორი დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. მხოლოდ ისინი ამბობენ უარს დღესასწაულზე, რომლებიც მას რაღაც ქორწილისმაგვარად მიიჩნევენ. მაგრამ შენ განათლებული კაცი ხარ, უნდა იცოდე და სხვებსაც ასწავლო, რომ თუკი გლოვის დღეებში ქორწილებს არ იხდიან, სახელობის დღესასწაულს განსაკუთრებით მწუხარების ჟამს აღნიშნავენ ხოლმე.

მშვიდობა შენ და ნუგეში უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 32), თბილისი, 2005 წ.