წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ღვთისმეტყველ ბ.რ.-ს - როგორ მესმის სიტყვები:
„მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს“ (იოან. 14,10)

რატომ ცდილობ, გაერკვე მაღალ ზეციურ საიდუმლოებებში, რომელნიც ქერუბიმთათვისაც კი მიუწვდომელია? გწამდეს, რომ ეს ასეა, და რწმენა ჯილდოს მოგიტანს. რამეთუ მარადიული კეთილდღეობა, უკვდავება და სამეფო არა ცოდნის, არამედ - რწმენისათვისაა აღთქმული. უფალმა ადამიანს რწმენის უსაზღვრო შესაძლებლობა მისცა, ხოლო შეზღუდული - ცოდნისა. განა იგივე არ აღიარა ფილოსოფოსმა კანტმა - ადამიანური გონების კრიტიკოსმა?

როდესაც წარმოსთქვამდა ამ სიტყვებს, ქრისტე მათ რწმენაზე მოაქცევდა და არა ცოდნაზე. და უთხრა მან ფილიპე მოციქულს: „ნუთუ არ გწამს შენ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია?“ ხედავ, ის რწმენას უმხელს საიდუმლოს და არა - ცოდნას. კი არ ამბობს: „განა შენ არ იცი, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია?“ არამედ: „განა შენ არ გწამს...“

გარდა ამისა - ისარგებლე შედარებით. განა ყოველი ძე მამაში არაა დაბადებამდე და ყოველი მამა ძეში არ სუფევს დაბადების შემდგომ? განა ნახშირი ალში არაა და ალი ნახშირში? განა ამაღლებულ ზრახვებში არაა კეთილი სურვილები, ხოლო ამაღლებული ზრახვანი - კეთილ სურვილებში?

ჩვენ ყოველთვის ვაწყდებით ხორციელს, როცა სულიერზე ვფიქრობთ. ვინც გადალახავს ამ დაბრკოლებას, ის მიუახლოვდება სულიერი რეალობის გაგებას. განა შესაძლებელია, არსებობდეს უფრო დიდი სიყვარული დედამიწის ზურგზე, ვიდრე სიყვარული დედისა - ერთადერთი ვაჟიშვილის მიმართ და ვაჟიშვილისა - დედისადმი? წარმოიდგინე მათი სულები, ოღონდ - მხოლოდ სულები. დედის სული მთლიანად აღვსილია ვაჟიშვილით, ხოლო ვაჟიშვილის სული - დედით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ერთმანეთისაგან შორს არიან. დედა სულით, გონებითა და გულით ვაჟიშვილშია, ვაჟიშვილი - დედაში. და თითოეული, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვატარებს გულსა და გონებაში, ისინი კი, ვინც ჩვენ გვიყვარს, ჩვენში ცხოვრობენ. როდესაც საუბრობს ქრისტეს სიყვარულზე, პავლე მოციქული ამბობს: „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალატ. 2,20).

ქრისტიანული შემეცნების გზა - სიყვარულია. თუკი გსურს - შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი - შენში. და შენ შეიგრძნობ ბევრი მოვლენის რეალობას, რომელნიც ადამინური ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან.

დაე ზეციურმა სიყვარულმა გაგანათლოს შენ!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 35), თბილისი, 2005 წ.