წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მოსამართლე ს.კ.-ს - როგორ გადაუხადოს კეთილისმყოფელს მადლობა

მივიღე მეორე წერილი, საღაც თქვენს ცხოვრებას აღწერთ. თქვენ ადრე დაობლდით. ერთმა თქვენმა კეთილშობილმა მეზობელმა გიშვილათ. გაგზარდათ საკუთარ შვილებთან ერთად, მოგცათ განათლება, დაგეხმარათ ფეხზე დადგომაში და ოჯახის შექმნაში. მაგრამ მოულოდნელად მისმა საქმემ კრახი განიცადა, იგი გაკოტრდა და სიმწრისაგან და სირცხვილისაგან გარდაიცვალა. თქვენ იგი თქვენი სახსრებით დაკრძალეთ, საფლავზე ძეგლი დადგით, მალე მისი ცოლიც გარდაიცვალა, თქვენი დედინაცვალი. თქვენ ისიც დაასაფლავეთ. როცა მათი სახლი აუქციონზე იყიდებოდა, გამოისყიდეთ და მათ შვილებს საკუთრებაში გადაეცით. ერთ-ერთ ვაჟიშვილთაგანს საკუთარი საქმის გახსნაში დაეხმარეთ, რათა მას სხვათა გამოკვება შესძლებოდა. მეორე ვაჟი თქვენი სახსრებით განათლებას ღებულობს. უფროს ქალიშვილს კარგი მზითევი მიეცით. უმცროსს კარგი სამსახური გამოუნახეთ, ლოცულობთ შვილებისთვის, იხსენიებთ მშობლებს. ყველაფერი ეს თქვენი უკანასკნელი წერილიდან შევიტყვე.

თქვენ მეკითხებით, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება, თქვენს კეთილისმყოფელს მადლობა რომ გადაუხადოთ? იქნებ მის სახელზე ეკლესია ააშენოთ? იმ ქალაქში ეკლესია არ არის. კეთილშობილო ადამიანო! თქვენ უკვე მრავალგზის გადაუხადეთ მას. ცისა და ქვეყნის უფლის წინაშე ეკლესია უკვე ააგეთ არა ქვისა და ხისგან, არამედ, თქვენი კეთილი საქმეებისაგან. მაგრამ თუკი გსურთ, შეგიძლიათ ეკლესიის აგება ქვისა და ხისაგანაც, მე გირჩევთ, ააგოთ იგი. დაე თქვენი მადლიერება კიდევ ერთი აშკარა ნიშნით დაგვირგვინდეს. დაე ხალხი ხედავდეს და უკვირდეს. დაე უცქირონ უმადურმა შვილებმა და შერცხვეთ: თუკი შვილობილი ასე იხდის მადლობას, შვილები როგორღა გადაიხდიან?

ასე რომ, ააგეთ ეკლესია და დაარქვით მას მადლიერების ტაძარი. ეს აუცილებელია ჩვენი დროისავის, ჩვენი თაობისათვის, უმადურობით რომ დასნეულებულა. ყველა დროისა და თაობისათვის - საშინელ სამსჯავრომდე.

ჯანმრთელობა თქვენ და კურთხევა უფლისა.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 38), თბილისი, 2005 წ.