წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მწერალ გ. ვესელინს, რომელსაც უკვირს,
რომ წმიდა საბა წიგნებს არ წერდა

იმიტომ ხომ არ მეკითხები, რომ მაშინ ქაღალდი არ იყო?! ქაღალდი მაშინაც იყო, და უფრო უკეთესიც, ვიდრე ახლაა, თხელი ტყავის ქაღალდი. მელანიც იყო, და უკეთაც ინახებოდა, ვიდრე - ახლანდელი. როცა ხილანდარში მიხვალ, ნახავ იმ დროის სამეფო და სამღვდელთმთავრო ხელნაწერებს, რომელნიც ნაკლებად გახუნდნენ, ვიდრე ბაბუაშენის ანდერძი.

წმიდა საბაც წერდა, მაგრამ ცოტას. ჭეშმარიტად, ცოტას წერდა იგი მელნით - ქაღალდზე, მაგრამ ბევრს, ძალიან ბევრს წერდა სხვა სახით: იგი წერდა, ვითარცა ქრისტეს მოციქულნი: „ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა? საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა“ (2 კორ. 3,2-3). ამგვარადაა დაწერილი მის მიერ უამრავი, მილიონობით წიგნი. რამდენი ღვთისმოსავი სერბიცაა, იმდენი წიგნია წმინდა საბას მიერ დაწერილი. იგი დღესაც წერს. ყველა ეს ბავშვი, რომელიც ყოველი წლის იანვრის ბოლოს მღერის: „სიყვარულით შევღაღადოთ წმიდა საბას...“ (სიტყვები ჰიმნიდან წმინდა საბასადმი), - წმიდა საბას ახალი წიგნებია. იგი წერს მათ არა მელნით, არამედ - ცხოველი ღმრთის სულით. იგი წერს არა ფურცელზე, არამედ - გულებში. წერს არა წარმავალ სიტყვებს, არამედ საუკუნოს. წერს არა სიკვდილის, არამედ სიცოცხლის სიტყვებს, არა ამქვეყნიურ, არამედ - ზეციურ სიტყვებს. უდიდესი და საოცარი სერბი მწერალი, შეუდარებელი და სწორუპოვარი! მისი ცოცხალი ბიბლიოთეკა მიწაზეცაა და ზეცაშიც, მისი რჩეული ნაწარმოებების დანახვა შეუძლებელია ქვეყნის აღსასრულამდე, საშინელ სამსჯავრომდე. მხოლოდ მაშინ წარსდგებიან უფლის მზერის წინაშე წმინდა საბას მიერ ქრისტეს სულით დაწერილი ნაწარმოებები, ადამიანთა ცოცხალი სულები, ზეციური სამეფოს მოქალაქენი. სერბეთის განმანათლებელი - ღვთის რჩეული კალამია, ხოლო მწერალი - ღვთის წმინდა სულია, მეფე დავითის სიტყვებით: „ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა“ (ფს. 44,2). ეს ხელოვანი მწიგნობარი, სხვა არავინაა, თუ არა სულიწმიდა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მღვდელმთავართა ბაგით მღაღადებელი.

წმიდა საბა წერდა ბათქაშითაც, აგურითაც, სახელმწიფო კანონებითაც, ეკლესიებითა და სკოლებით. მისი დაწერილია ხილანდარი და ჟიჩა. და სერბეთის პირველი სამეფოც, შეუბღალავი და წმიდა, მისი დაწერილია. მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ დამხმარე საშუალებაა მის უკვდავ ქმნილებათა - ადამიანის სულთა შესაქმნელად, რომელებთანაც შენი სულის მიწერაც უნდა.

თუკი რომელიმე სერბი გათელილი და გაბინძურებული წიგნია, ამაში არა წმიდა საბა, არამედ თვითონ ის სერბია დამნაშავე. თითოეული თავისთავს თავად ისვრის, და არავის ძალუძს სულიწმიდის გარეშე გაწმენდა და გამოსწორება. იცი კი შენ, რას ნიშნავს ლაქა? ეს იგივე ღორია, რომლის წინაშეც, უფალის სიტყვით, მარგალიტთა დაყრა არ შეიძლება.

მშვიდობა შენდა და სიხარული სულიწმიდისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 40), თბილისი, 2005 წ.