წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

დედას, რომელმაც შვილის საფლავი ვერ იპოვა

ყველა სამხედრო სასაფლაოზე ეძებდი შენ მას. გაიარე გზა ზლატიბორიდან კორფუმდე და სალონიკამდე, ადიოდი კაიმაკჩალანსა და კატის ქვაზე, ეშვებოდი მიცვალებულთა ველზე. სადაც კი სამხედრო სასაფლაოს შესახებ შეიტყობდი, იქით მიიჩქაროდი.

დამარხულთა სიის წაკითხვას ითხოვდი, თავადაც კითხულობდი წარწერებს ჯვრებზე. ის კი არა და არ ჩანდა.

ნუ სწუხარ, ძვირფასო დედა. ცოდვაა მეტისმეტი წუხილი. „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა“ (ფს. 23,1). სადაც არ უნდა იყოს შენი შვილის საფლავი, იცოდე, რომ ის ღვთის მიწაზეა. შეეხე მიწას სახლის ზღურბლზე და ამით შვილის საფლავის კიდეს მისწვდები. ღვთის ყოვლისმხედველი თვალისთვის კი, რომელიც მთელს დედამიწას შემოსწერს, გარდაცვლილები არ არსებობენ. თუკი შვილი შენი დაფარულია შენგან, იგი არაა დაფარული უფლისაგან. უფალმა თავად დაფარა იგი შენგან, რათა მწუხარებით განწმინდოს სული შენი და მოამზადოს იგი შვილთან მოულოდნელი შეხვედრის სიხარულისთვის - თავის მარადიულ საუფლოში.

უამრავ დიდ და წმინდა ადამიანთა საფლავებია ჩვენთვის უცნობი, უცნობია მოსე წინასწარმეტყველის საფლავი, უცნობია მრავალ მოციქულთა, ქრისტეს მოწამეთა, მეუდაბნოეთა და მმარხველთა საფლავები... მაგრამ მათი სახელები წითელი ასოებითაა ჩაწერილი კალენდარში. ჩვენ ვადიდებთ მათ ხსოვნას, აღვმართავთ ტაძრებს მათ სახელზე, აღვავლენთ ლოცვებს, ხოლო მათი საფლავები კი არ ვიცით. ნუ სწუხარ, რომ შენი შვილის საფლავი მხოლოდ უფალმა უწყის, ისევე, როგორც ურიცხვ წმიდანთა საფლავები.

დებარში არის ერთი დედა, რომლის შვილიც შორეულ მხარეშია დამარხული. გაჭირვების გამო მან ვერ მოახერხა მისი საფლავის მონახულება. მაშინ გადაწყვიტა, ყოველ შაბათს მისულიყო დებარის სამხედრო სასაფლაოზე. იქ წვანან მებრძოლები, რომელთა დედებსაც არ ძალუძთ მათი მონახულება. იგი სანთლებს ამ საფლავებზე ანთებს და ლოცულობს. და შესთხოვს მღვდელთმსახურთ საფლავებზე აიაზმის სხურებასა და ჯვრებზე წარწერილი სახელების და მისი შვილის, ათანასეს სახელის მოხსენებას.

შენც შეგიძლია, მსგავსადვე მოიქცე და ამით შენი ტკივილი დაცხრება. მნიშვნელოვანია, იფიქრო არა საფლავზე, არამედ შენი - შვილის სულზე. დაიმახსოვრე, ამქვეყნად არც ერთ საფლავში არ არის მისი სული. სული მისი უფრო ახლოა შენთან, ვიდრე საფლავთან.

იყო კიდევ ერთი დედა, რომელსაც შვილის საფლავის პოვნა სურდა, ხოლო საფლავი მისი ბრძოლის ველზე იყო და მას იქ არ უშვებდნენ. დაბრუნდა იგი უნუგეშოდ სახლში. ერთხელ, ღვთის განზრახვით ოთახში თავისი შვილი გამოეცხადა. წამოხტა დედა და გასძახა: „სად ხარ, შვილო ჩემო?“ - „შენთან ერთად დავდიოდი, დედი, და დავბრუნდი“. ამასთან, სთხოვა მას, რომ აღარ ეგლოვა, რადგან თვითონ კარგად იყო.

შენც ნუ სტირი, დაიწყე მოწყალების გაღება შენი შვილის სულის საცხოვნებლად. უხვი ცრემლით დაალტვე უკვე შენი გულის მიწა, არის ჟამი ყლორტების ამოსვლისა. საუკეთესო ყლორტები, ცრემლთაგან აღმოცენებულნი - ლოცვა, მოწყალება და ღვთის ნების მორჩილებაა. დაე, ლოცვა გახდეს ჯვრის ერთი ფიცარი, ხოლო მოწყალება - მეორე, ამათგან გამოუჭედე ჯვარი შენს შვილს. ლოცვა მიისწრაფის ზეცისკენ, ხოლო მოწყალება სიბრტყეზე განეფინება. დაე, სიმდაბლე ღვთის განგების წინაშე იყოს სამსჭვალი, შემკვრელი ჯვარისა. ნუ განყოფ ლოცვას მოწყალებისაგან და ნუგეშინისმცემელი მადლი ზეცისა მოეფინება შენს გულს, ვითარცა ცვარი - მწყურვალე ჯეჯილს.

მშვიდობა შენდა და კურთხევა ღვთისა!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 5), თბილისი, 2005 წ.