წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მრეწველ სიმა მ.-ს, რომელსაც ტანჯავს ფიქრი,
რომ ეს ცხოვრება უფლის სამსჯავროა

შენ ვიღაცისგან გაგიგონია, რომ ცხოვრება უკვე არის უფლის სამსჯავრო და სხვა აღარ იქნება. ეს აზრი მძიმე ტვირთად დაგაწვა, რომლის არც ტარება და არც გადაგდება არ ძალგიძს.

წარმოიდგინე სასტიკი ადამიანი, რომლის ბოროტმოქმედებანიც მთელი ქალაქისათვისაა ცნობილი. მეზობლები მას გაურბიან - განიკითხავენ ერთმანეთში მის დანაშაულებებს. მასთან სტუმრად არვინ დადის, არავინ იღებს საკუთარ სახლში. ასე განსჯის მას ხალხი და ასე სჯის. მაგრამ ბოლოს ეს ადამიანი სასამართლოში ხვდება და სასამართლო მას პატიმრობას უსჯის. და ეს უკანასკნელი კანონიერი სასამართლოა. ამგვარად, შენ ორ სამსჯავროს ხედავ: ერთი - პირობითი და ყოველდღიური, მეორე - კანონიერი და საბოლოო. ანუ უფრო მარტივად: მაგალითად, არის ზარმაცი მოსწავლე, რომელსაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელი მრავალგზის სჯის, რათა გამოასწოროს, მაგრამ წლის ბოლოს სკოლიდან რიცხავს, როგორც გამოუსწორებელს.

ასევეა უფლის ორი სამსჯავროც. ერთი პირობითი და დროებითი, დავარქვათ მას ხალხისათვის მოწყობილი აღმზრდელობითი სამსჯავრო უფლისა - მიწიერი ცხოვრების სკოლაში. ხოლო მეორე სამსჯავრო კი იქნება უცილობელი და საბოლოო. წმიდა წერილში ჩვენ ამგვარი სამსჯავროს მრავალ მაგალითს ვხედავთ, უმწიკვლო მოსე ღმერთმა ერთი ცოდვისათვის იმით დასაჯა, რომ არ მისცა აღთქმულ მიწაზე შესვლის ნება, რომლისკენაც მოსეს ორმოცი წელი მიჰყავდა თავისი ხალხი (იხ. რიცხ. 20,7-12). ეს დროებითი და აღმზრდელობითი სამსჯავრო გახლავთ უფლისა. რათა დაინახონ ცოდვილებმა და შიშით თქვან: „თუკი უფალმა ასეთ უმწიკვლოს არ აპატია ერთი ცოდვა, მაშინ რაღას გვიზამს ჩვენ - მრავალი და მძიმე ცოდვებით დატვირთულებს“? მაგრამ მოსეს დასჯა მისთვის საბოლოო და უკანასკნელი არ ყოფილა და არ ნიშნავს იმას, რომ მოსე ზეციურ სამეფოში ვერ შევა. შენთვის ცნობილია, რომ ეს უდიდესი მონა უფლისა წინასწარმეტყველ ელიასთან ერთად გამოეცხადა და საუბრობდა უფალთან მისი ფერისცვალების ჟამს, ეს მოწმობს, რომ თუმცა ერთხელ დაისაჯა ცოდვისთვის, მაგრამ არ ყოფილა განგდებული უფლისგან და საუკუნო ცხოვრებას არ მოკლებია.

აღმზრდელობითი სასჯელი, ანუ აღმზრდელობითი უფლის სამსჯავრო ზუსტად იმას ემსახურება, რომ ადამიანები გამოსწორდნენ და ზეციური საუფლოსათვის მოემზადონ. შეხედე თუნდაც განრღვეულს ბითეზდაში. ოცდათვრამეტი წელი იწვა იგი დასუსტებული. მისი ავადმყოფობა ცოდვებისაგან მომდინარეობდა. განკურნების შემდგომ ამის შესახებ უფალმა გარკვევით თქვა: „ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“ (იოან. 5,14). ხოლო უფრო უარესი რა შეიძლებოდა შემთხვეოდა, თუ არა ის, რომ უფლის საშინელ სამსჯავროზე შეიძლება იგი თავის ცოდვათა გამო განსჯილიყო და განგდებული სიცოცხლის მეუფებისაგან.

ხოლო უკანასკნელ სამსჯავროზე, უფლის საშინელ სამსჯავროზე, დღეზე, რომელიც „იწვის ვით ცეცხლი“, გარკვევით თქვა მაცხოვარმა ჩვენმა: „მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარკვლავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა“ (მათე 24,29), მაშინ გამოჩნდება უფალი ძალითა და დიდებით და სიმართლით განსჯის ყველას, ცოცხლებსაც და გარდაცვლილთაც.

ჩაეჭიდე ამ სწავლებას, რომელიც ადამინისაგან არაა, და ჩამოიხსენი ტვირთი, რომელიც შენს სულს ადამიანმა-ერეტიკოსმა აჰკიდა.

დაე, დაგლოცოს ღმერთმა მშვიდობითა და ჯანმრთელობით.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 50), თბილისი, 2005 წ.