წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ბრანისლავ ნ.-ს - უეცარი სიკვდილის შესახებ

მწერ, რომ ხშირად გესმის საუბრები უეცარი სიკვდილის შესახებ. ამბობენ, რომ თუკი იგი გარდაუვალია, დაე დადგეს უეცრად და შეწყვიტოს სიცოცხლე. ასე უკეთესია, ვიდრე დაავადებისაგან იტანჯო და სხვებიც აიძულო გაწამდნენ. მომლოდინე სიკვდილი უეცარზე საშინელია. თქვენს ქალაქში ავტომობილმა სასიკვდილოდ გაიტანა ქალი, მისი დაღუპვა მრავალი ლაპარაკის საბაბი გახდა. ვიღაც ამტკიცებს, რომ ეს საუკეთესო სიკვდილია, ვიღაცამ სიკვდილთან დაკავშირებით ასეთი აზრი გამოთქვა, „დაე, მოვიდეს, ოღონდაც ნუ გამოგვჭამს!“ ყოველივე ამის შემდეგ, შენ გადაწყვიტე მოგეწერა და განმარტებას ითხოვ.

არ ღირს, ისურვო უეცარი სიკვდილი - მისთვის მზადყოფნაა საჭირო - როცა არ უნდა დადგეს იგი. ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილიც მიეკუთვნება. მაგრამ ის, ვის ხელშიცაა სიკვდილს-ცოცხლის ძალაუფლება, მოქმედებს საკუთარი წმიდა განგებულებით, ყოველი ადამიანის სულის სასარგებლოდ. მიჰყავს იგი ამქვეყნიღან უეცრად, თუ სტოვებს მას აქ გარკვეული დროით. ზოგჯერ იგი უეცარი სიკვდილით წამოეწევა ცოდვილთ, ზოგჯერ, ოღონდ უფრო იშვიათად - წმიდანებს. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, თუ როგორ დასაჯა უფალმა უეცარი სიკვდილით აარონის ძენი თვითნებური მსახურების გამო (იხ. ლევ. 10,1-5), როგორ დასაჯა მოსეს წინააღმდეგ ამბოხებულნი (იხ. რიცხვ. 13;14;16;17); როგორ დაეცნენ ანანია და საფირა უგრძნობლად იმის გამო, რომ მოციქულებთან იცრუეს (იხ. საქ. 5,1-10). ქრისტიანთა უამრავი მდევნელი დაიღუპა უეცარი სიკვდილით, ამის შესახებ წმიდა მოწამეთა ცხოვრებაში ვკითხულობთ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ წმიდანიც გარდაიცვლებოდა უეცარი სიკვდილით, თუმცა ძალზე იშვიათად. ასე შეემთხვა ათანასე ათონელს, როდესაც იგი რაღაცას აშენებდა, კედელი ჩამოიქცა და ის რამოდენიმე ბერთან ერთად ლოდებქვეშ აღესრულა.

უეცარ სიკვდილს ღმერთი ორი მიზნით მოავლენს: ცოდვილთა დასასჯელად და სხვათა განსასწავლად. როგორც ეს მოხდა ანანიასა და საფირას სიკვდილის შემდგომ: „და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე“(საქ. 5,11). ხოლო, როცა ადამიანები ზედმეტად მიენდობიან წმიდანს და მის გაღმერთებას იწყებენ, როგორც ეს ათანასე ათონელის შემთხვევაში მოხდა, უფალს წმიდანის სული უეცრად მიჰყავს, რათა შეახსენოს ადამიანებს, რომ მხოლოდ იგია ღმერთი და არ არსებობენ მის გარდა სხვა ღმერთები. უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევაში ცოცხლად დარჩენილთათვის გაკვეთილი უბრალოა, კერძოდ: საჭიროა განუწყვეტლივ ვამზადოთ საკუთარი სულები ამ სამყაროსთან უეცარი განშორებისათვის - მონანიებით, ლოცვითა და მოწყალებით.

ცნობილი ვალაამელი ბერის ნიკიტას შესახებ ყვებიან, რომ მას ძლიერ ეშინოდა უეცარი სიკვდილის და გამუდმებით ლოცულობდა, რათა უფალს მისთვის სიკვდილის წინ ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობა გამოეგზავნა, რადგან, როგორც ის ამბობდა: „ავადმყოფობის დათმენით სათნო ვექმნები სამართლიან მსაჯულს, რომელიც, თუკი მოისურვებს, ჩემს მოთმინებას იმ კეთილ საქმედ შერაცხავს, რომელიც მე არ გამაჩნია“. ვიღაც ავადმყოფობის სარეცელზე მდებარე, მეგობრებს შემდეგი სიტყვებით ანუგეშებდა: „ცხრა თვეს ვიტანჯებოდი ამ სამყაროში რომ შემოვსულიყავ, განა იმდენივე აღარ უნდა ვიტანჯო, რომ მას განვერიდო?“

ჭეშმარიტად, სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთაც სიცოცხლეში არ უფრთხილდებოდნენ, მწარედ ინანიებდნენ და მისტიროდნენ თავიანთ უგუნურ ცხოვრებას. აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ და ქრისტეს ცრემლითა და სისხლით განწმენდილნი მის ზეციურ, ნათელ სასახლეში შესვლის ღირსნი ხდებოდნენ. შესაბამისად, სიკვდილისწინა სნეულება ადამიანს უფლის წყალობით ეძლევა. ნუ ნერვიულობ იმის გამო, რომ ახლობლები ჩვენი მძიმე დაავადებების მიზეზით გაიტანჯებიან. ეს ტანჯვა მათივე კეთილდღეობისთვისაა. ისინი ამის გამო შემოქმედისაგან უხვ ჯილდოს მიიღებენ.

მშვიდობა შენდა და კურთხევა უფლისა.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 56), თბილისი, 2005 წ.