წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მონაზონ ბარბარეს იერუსალიმში - ქრისტეს სამი სამოსის შესახებ

ქრისტეს სამი სამოსის შესახებ მეკითხები: მათ შესახებ, რომლითაც უფალი იყო შემოსილი თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში, და მათ შესახებ, რომლითაც ორგზის გარდამოსეს დიდ პარასკევს, ჯვარცმამდე რამოდენიმე საათით ადრე. რისთვის შემოსა იგი ჰეროდემ თეთრი სამოსით? რისთვის შემოსა პილატემ იგი მეწამულით? რისთვის ჩააცვეს სასიკვდილო მსჯავრის აღმსრულებლებმა ქრისტეს მისი საკუთარი სამოსელი?

ყველაფერი, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ჟამს ხდებოდა ღრმა აზრითაა სავსე. ყველაფერი ამხელს ამა თუ იმ ჭეშმარიტებას და ხალხისათვის ჭკუის სწავლებას ემსახურება. დარიგებათა ნაწილი უშუალოა და გასაგები, სხვანი იდუმალნი და ხატოვანი არიან და განმარტებას საჭიროებენ. ქრისტეს სამ სხვადასხვა სამოსში გარდამოსვა ამ უკანასკნელს განეკუთვნება.

მეწამული: მეწამული ფერი სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია. როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები.

უწმინდური მეფე ჰეროდე ელოდა, რომ ქრისტე მის წინაშე სასწაულს აღასრულებდა, მაგრამ არა გულმოწყალებისა და კაცთმოყვარების სასწაულს მოელოდა იგი, არამედ - სასწაულს ბაზრისა, ცნობისმოყვარეთათვის სასეიროს. მის წინაშე კი ამ დროს ქვეყნიერების ზურგზე უდიდესი სასწაული იყო, - უცოდველი და წმიდა ადამიანი. სრულიად განსხვავებული მისგან - გვარის წამბილწველისაგან, უფლის ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის მკვლელისაგან.

ვფიქრობ, რომ ესავის ამ უწმინდურ შთამომავალს შეეძლო, დაეჯერებინა ნებისმიერი სასწაული დედამიწის ზერგზე, მაგრამ არასოდეს - სასწაული ადამინის სიწმიდისა და უცოდველობისა. მის წინაშე კი სწორედ ეს უდიდესი და დაუჯერებელი სასწაული იდგა. თუმცაღა, უსულოსა და უწმინდურს არ შეეძლო მისი დანახვა. ისევე, როგორც პილატეს, სიცრუესა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაფლულს, როდესაც უცქერდა ჭეშმარიტებას, არ შეეძლო ჭეშმარიტების დანახვა, ასევე ჰეროდეს, ცოდვის შავი ქერქით დაბრმავებულს, როცა შესცქეროდა უბიწოებას, არ შეეძლო უბიწოების დანახვა. საკუთარ მოლოდინში გაწბილებულმა ჰეროდემ ქრისტე თეთრ სამოსელში შემოსა. მაგრამ თეთრი ფერი - სიწმინდისა და უბიწოების ფერია. წაგიკითხავს, რომ უფლის ანგელოზნი, წმიდანი და უცოდველნი, თეთრი სამოსელით ეცხადებოდნენ (იხ. იოან. 20,12). ასე რომ, წყეულმა ჰეროდემ ქრისტე თავის და სხვა მრავალ ცოდვილთა მსგავსად მიიჩნია და იგი თეთრი სამოსელით შემოსა. და ისევე, როგორც პილატეს ჯარისკაცებმა დაცინვით აღიარეს უფალი მეფედ, ჰეროდემაც აღიარა იგი უბიწო ადამიანად. ანუ, პირველ და მეორე შემთხვევაშიც, ქრისტე თავის მოძულეთა მიერ აღიარებული და გამოცხადებული იყო - თუნდაც უნებურად და შეუცნობლად - იმად, ვინც სინამდვილეში იყო.

დასასრულ, ჯვარცმის წინ უფალი საკუთარი სამოსელით შემოსეს, ეს ის სამოსია, რომელიც მას ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელმა მოუქსოვა. ის კვართი, რომელშიც იგი მიწაზე დააბიჯებღა და რომელზეც გოლგოთაზე ჯარისკაცებმა წილი იყარეს (იხ. მათ. 27,35).

განა ვერ ხედავ ყოველივე ამაში უდიდეს ჭკუის სასწავლებელს ჩვენთვის? ადამიანებს საკუთარი წარმოდგენებით გამოაქვთ ჩვენს შესახებ კეთილი ან უკეთური დასკვნები, საკუთარი წარმოდგენებით განსჯიან ან აქებენ. განა არ გვანან ეს შეფასებანი სხვადასხვა სამოსელს? ჩვენ ხან ბრძენის კვართით გვმოსავენ, ხანაც მასხარის ძონძებით. ხან გმირობის პორფირით მოგვკაზმავენ, ხანაც მცონარების კონკებს გადაგვაფენენ. და ყველა ეს სამოსელი იცვლება ადმიანურ სამსჯავროს ცვალებადობასა და მერყეობასთან ერთად. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თითოეული ჩვენთაგანი, განკითხვის ჟამს თავისი ჭეშმარიტი სახით და საკუთარი სამოსელით წარსდგება.

მშვიდობა შენდა, მართალო დაო და კურთხევა უფლისა.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 57), თბილისი, 2005 წ.