წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მელენტი დ.-ს - რას ნიშნავს სიტყვები „მარადიული ხსოვნა“

შენ ის გტანჯავს, რომ იმ სიტყვების მნიშვნელობა არ გესმის, რომელნიც ამდენჯერ გსმენია და თვითონაც ხშირად წარმოგითქვამს გარდაცვლილთა სარეცელთან. კარგს აკეთებ, რომ კითხულობ: რაც უფრო უკეთ იცის ადამიანმა ჩვენი ძველთაძველი და კეთილი მართლმადიდებლობა, მით უფრო მეტად უყვარს იგი. „მარადიული ხსოვნა“ - მარადიული მოგონებაა ადამიანზე. ერთხელ გავიგონე, მიცვალებულისადმი თავის გამოსათხოვარ სიტყვაში ვიღაცამ როგორ წამოიძახა: „მარადიული ხსოვნა შენ ამქვეყნად!“. გაკვირვებული დავრჩი ჩვენი რწმენის ამგვარი არასწორი განმარტებით. განა შესაძლებელია კი ამქვეყნად იყოს რამე მარადიული, სადაც ყოველივე წარმავალია, სადაც ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ? სინამდვილეში, რა უმნიშვნელო სიკეთე გვსურს გარდაცვლილისათვის, თუკი მის შესახებ მარადიული ხსოვნა გვსურს ქვეყანაში, რომელიც თავად უახლოვდება დასასრულს, მაგრამ თუკი მაინც ვინმეს ხსოვნა იცოცხლებს ქვეყანაზე სამყაროს დასასრულამდე, რა სარგებელია ამისაგან, თუკი იგი ზეცისაგან დავიწყებული იქნება?

მართებულია ვიფიქროთ, რომ ჩვენ გარდაცვლილისათვის მარადიული ხსოვნა გვსურს მარადიულობაში, მარადიულ სიცოცხლესა და უფლის სამეფოში. ამაში ძევს აზრი სიტყვებისა „მარადიული ხსოვნა“. ერთხელ ქრისტეს მოწაფეებმა მასწავლებელთან დაიტრაბახეს: „უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა“, რაზეც უფალმა უპასუხა: „გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“ (ლუკ. 10,17,20) ანუ ის, რომ მათ სცნობენ, ახსოვთ, მოიხსენიებენ სინათლისა და სიცოცხლის ზეციურ სამეფოში.

წმიდა წერილში ხშირადაა საუბარი იმის თაობაზე, რომ უბიწოთა სახელები ცოცხალთა წიგნში ჩაიწერება, ხოლო ცოდვილთა სახელები წაშლილნი და დავიწყებულნი იქნებიან. იგავიდან მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ვიცით, რომ უფალი უწმინდესი ბაგეებით ლაზარეს სახელს წარმოსთქვამს, არაწმინდა მდიდრის სახელს კი ჩქმალავს. (იხ. ლუკ. 16,19-31). ესე იგი ლაზარე ზეციურ სამეფოში შევიდა და მარადიული სიცოცხლე და მარადიული ხსოვნა მოიპოვა, ხოლო ცოდვილმა მდიდარმა დაკარგა სიცოცხლეც, სამეფოცა და სახელიც.

საღვთო მეცნიერებაში სახელი ზოგჯერ თვით ადამიანთან იგივდება. გამოცხადებაში ნათქვამია: „მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი... და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი“ (გამოცხ. 11,13). მიწისძვრის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ უდიდესი განსაცდელები, რომელთაც მიეცნენ კაცნი შჳდ ათასნი, როდესაც განუდგნენ ქრისტეს და წარიწყმიდეს სულები. დაიღუპნენ არა მარტო მათი სხეულები - ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, - არამედ დაიღუპნენ მათი სულები და სახელები. მათი სახელები ამოიშალა ცოცხალთა წიგნიდან და მარადისობიდან.

ვისაც მარადისობაში უკვდავი მოხსენება სურს, იგი სახარებისეულ სულს ეძიებს. ვისაც საკუთარი სახელისათვის მიწაზე უკვდავება სურს, იგი პატივმოყვარეობს, იცოდე, მრავალი მათგანი, ვინც უჩუმრად და შეუმჩნევლად განვლო ეს ცხოვრება, საკუთარ სახელებს უკვდავება მოუპოვა ამქვეყნად, რომელიც სიკვდილსა და ცვლილებებზე მაღლა დგას. იფიქრე ამის შესახებ, ძმაო მელენტი, და უფალი კიდევ მრავალ რასმე განგიცხადებს შენ. ხოლო, როცა ჩემი სიკვდილის შესახებ შეიტყობ, ჩუმად ილოცე „საუკუნოდ იყავნ ხსენება ამისი“.

მშვიდობა შენ და ჯანმრთელობა უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 59), თბილისი, 2005 წ.