წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მასწავლებელ ქალს -
ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ

თქვენ აღტაცებული მწერთ, რომ ღვთისმშობელი გამოგეცხადათ და ახალა უკვე მტკიცედ შედექით რწმენის გზაზე.

თქვენი ქალიშვილი მძიმე ციებ-ცხელებისაგან ლოგინად იყო ჩავარდნილი. თქვენ ექიმები შეკრიბეთ. ისინი გასინჯვის შემდეგ სათათბიროდ სხვა ოთახში გავიდნენ. თქვენ გულისფანცქალით აყურადებდით მათ საუბარს, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი გოგონა კარგად გაიოფლებოდა. სხვები თვლიდნენ, რომ უკვე გვიან იყო. თქვენ სასოწარკვეთილი იმტვრევდით ხელებს და ტიროდით. ბავშვის ლოგინის თავზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. ადრე თქვენ ხატს როგორც სამკაულს ისე უფრო უყურებდით, ვიდრე სასიცოცხლო აუცილებლობას. ამ შავბნელ წამს თქვენ მუხლებზე დაემხეთ ხატის წინაშე და ცრემლისაგან სულშეგუბებულმა შეჰღაღადეთ ღვთისმშობელს: „ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შენ ხედავ ჩემს მწუხარებას. შენ იცი, აღმატებულო ყველა დედათა შორის, თუ რას ნიშნავს გყავდეს ერთადერთი პირმშო და დაკარგო იგი. შენ იხილე ჯვარზე ტანჯული საკუთარი შვილი. გევედრები, შემიწყალე მე ცოდვილი და მიშველე. მხოლოდ შენი იმედიღა მაქვს, ადამიანური დახმარების იმედი მეტად აღარ დამრჩა, მთელ სამყაროსაც არ ძალუძს ჩემი დახმარება. მხოლოდ შენ, ძვირფასო ღვთისმშობელო ძალგიძს, თუკი მოისურვებ! რამდენი მწუხარე დედა გინუგეშებია! მეც მანუგეშე, ჰოი, ყოვლადწმიდაო!“ ხანგრძლივი ლოცვისა და ცრემლების შემდეგ თქვენ ხატს ახედეთ და ღვთისმშობლის თვალებზე ცრემლი შენიშნეთ. ამის შემდეგ თქვენ მიუახლოვდით ქალიშვილს და - საოცრება, იგი მთლიანად დაფარულიყო ოფლის წვეთებით. დილისათვის იგი წამოდგა და საკვები მიიღო, მალე კი საერთოდ გამოჯანმრთელდა.

დიდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მადლობა თქვენც ამ მოწმობისათვის. თქვენი რწმენა გამოცდილებას ემყარება და არა თვითნებურ მსჯელობებსა და თეორიებს. და ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რაც გადაიტანეთ.

ჩვენთან გასულ ზამთარს მსგავსი შემთხვევა მოხდა. საწყალი ქვრივის ქალიშვილი მძიმედ გახდა ავად. მთელი თვე გონს არ მოსულა, ერთი სიტყვაც არ წარმოუთქვამს. იმედი გადაწურული იყო და მწუხარებისაგან მკვდარმა დედამ უკვე დაიწყო დასაკრძალი ფულის შეგროვება. ერთ საღამოსაც იგი ქალიშვილის სასთუმალთან იჯდა და ჩუმად ტიროდა. მოულოდნელად ქალიშვილმა თვალები გაახილა და წარმოთქვა „ნუ ტირი დედა წამიყვანე ხვალ კალიშტაში და გამოვჯანმრთელდები, ასე მითხრა ჩემმა ზეციურმა დედამ, იგი ახლა აქ, ჩემთან არის“. გაოგნებული დედა აცახცახდა. მეორე დღეს მან ბავშვი კალიშტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში წაიყვანა და გოგონა სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა.

მაგრამ განა მხოლოდ ორია ასეთი შემთხვევა, ან - სამი, ან ათი?! თვლა არ აქვს მსგავს მოვლენათა და შემთხვევათა რიცხვს. წმინდა სერაფიმე საროველმა გვიქადაგა, რომ თვით ღვთისმშობელი მას სიცოცხლის განმავლობაში ექვსჯერ გამოეცხადა. და თუკი ყველა მდუმარე ადამიანი, ვინც ამ ზეციურ მოვლენას საკუთარ ძვირფას საიდუმლოდ მიიჩნევს, ბაგეს გახსნიდა და იტყოდა ყველაფერს, რისი მოწამეც აღმოჩნდა, დედამიწას გაოცება აავსებდა; მერწმუნეთ, როდესაც ადამიანი ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში ზეციური სამყაროს მოქმედებისა და გამოვლინების შეცნობამდე მიდის, იგი შეიგრძნობს, რომ საოცარი სინამდვილის უსაზღვრო და მიუწვდომელ სამეფოში შევიდა. ამ ხორციელ, თვალთაგან უხილავ სამეფოში, ჩვენს სულს მხოლოდ სიყვარულისა და რწმენის ანთებული ჩირაღდნით ძალუძს შესვლა, მოციქულ პავლეს საოცარი სიტყვებით: „რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა, სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე“ (ეფეს. 3, 16-18). თქვენ კი მადლიერნი იყავით უფლისა და ღვთისმშობლისა იმისათვის, რომ აგიხილეს თქვენ თვალნი სულისა, ნუ დაიბრმავებთ მათ ცოდვითა და დაუდევრობით.

დაე, შეგეწიოთ უფალი ყველა საქმეში.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 63), თბილისი, 2005 წ.