წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ჩინოვნიკ იოანეს - სამ დიდ საკითხთან დაკავშირებით

თქვენ მე სამ კითხვას მისვამთ:

1. რომელია უდიდესი აზრი ღირსეული ადამიანისათვის?
2. რომელია უდიდესი საზრუნავი ღირსეული ადამიანისათვის?
3. რომელია უდიდესი მოლოდინი ღირსეული ადამიანისათვის?

აზრი უფლის განგებულებისა ადამიანის ცხოვრებაში არის უდიდესი აზრი ღირსეული ადამიანისათვის.
ზრუნვა სულის გადასარჩენად უდიდესი საზრუნავია ღირსეული ადამიანისათვის.
მოლოდინი სიკვდილისა უდიდესი მოლოდინია ღირსეული ადამიანისათვის.

როგორ უნდა ვიფიქროთ უფლის განგებულების შესახებ ადამიანის ცხოვრებაში? საზომად უნდა ავიღოთ ზნეობრივი რჯული უფლისა, მისით უნდა გაიზომოს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა ცხოვრებაში ხდება. ყველაზე მთავარია - გამოიკვლიოთ ზნეობრივი მიზეზები ყოველივე იმისა, რაც რომელიმე თქვენი ახლობლის თავს ხდება. ეს ყოველთვის ადვილი არ არის. რამეთუ ზოგჯერ მიზეზები მშობელთა წარსულშია მიმალული. ქრისტიანული აღსარება ამ მიზეზთა აღმოჩენაზეა დაფუძნებული. მეფსალმუნე ეუბნება უფალს „მე გულსა ვეტყოდი მცნებათა ჩემდა“ (ფს. 118,78). „რაბამად შევიყუარე შჯული შენი“ (ფს. 118, 97). რადგანაც უფლის მცნებებზეა დაფუძნებული ყოველივე, რაც ადამის შვილებს გარდახდებათ ხოლმე და რჯული უფლისა - სინათლეა, რომელიც ანათებს ყველაფერს, რაც გვემართება.

როგორ უნდა ვიზრუნოთ სულის გადარჩენისათვის? მე რომ აქ არ ჩამოვთვალო, წაიკითხეთ სახარება, დაეკითხეთ ეკლესიას. არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისაგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლის თვალში მთელს მატერიალურ სამყაროზე ძვირფასია. ქრისტეს სიტყვებით: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?“ (შეად. მათ. 16,26; მარკ. 8, 36; ლუკ. 9, 25). შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს საზრუნავი ადამიანისა უფრო ღირსეული, ვიდრე - ზრუნვა სულის გადასარჩენად.

როგორ უნდა ველოდოთ სიკვდილს? ისევე, როგორც მეომარი ბრძოლის დაწყებისას. ან მსგავსად მოსწავლისა, რომელიც გულითადად ემზადება გაკვეთილისათვის, როცა ელის, რომ მასწავლებელი ყოველ წუთს გაიძახებს მას. სიკვდილის საათთან დაკავშირებით უფალი შეგვახსენებს იგავით უგუნური მდიდრის შესახებ, რომელიც ახალ ბეღლებს აგებდა და ხანგრძლივი ნეტარებისათვის ემზადებოდა, მაგრამ მოულოდნელად მოესმა: „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?“ (ლუკ. 12,20). რატომაა აზრი უფლის განგებულების შესახებ უდიადესი ადამიანის ცხოვრებაში და ყველაზე ღირსეული კაცთათვის? იმიტომ, რომ მას ადამიანებისათვის სიბრძნე და ნეტარება მოაქვს.

რატომაა ზრუნვა სულის გადასარჩენად - უდიდესი საზრუნავი ღირსეული ადამიანისათვის? იმიტომ, რომ სული - უდიდესი საგანძურია დედამიწის ზურგზე, ხოლო უდიადესი საგანძური უდიდეს ზრუნვას საჭიროებს.

რატომაა სიკვდილის მოლოდინი - უდიდესი მოლოდინი, ღირსეული კაცისთვის? იმიტომ, რომ იგი სწმენდს სინდისს და ადამიანს ყოველგვარი სიკეთის ქმნას აიძულებს. როდესაც ერთ ღვთისმოსავ და კეთილ ადამიანს ჰკითხეს, თუ რა აიძულებდა მას ცხოვრებაში შრომასა და სათნოებას, მან მიუგო: სიკვდილი.

ამ სამ მოვლენას ჩვენ ვერ შევამჩნევთ ცხოვრებაში. ისინი მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, და არა - უბრალოდ ადამიანისათვის, არამედ მისთვის, ვინც არსებობის უმაღლესი დანიშნულება შეიცნო.

მშვიდობა და კურთხევა თქვენ უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 65), თბილისი, 2005 წ.