წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მოკრძალებულ ადამიანს, რომელმაც სიტყვით შეცოდება მოინანია

კარგი ჰქენი, რომ მაშინათვე მოინანიე. უფალმა მონანიება გადარჩენისათვის დაგვიტოვა. რომ არ ყოფილიყო მონანიება, მოციქულებიც კი ვერ გადარჩებოდნენ, მით უმეტეს სხვა ადამიანები. სიტყვით ვცოდავთ, ხოლო გულით ვინანიებთ. შენ მეზობლის საწინააღმდეგოდ ბოროტი სიტყვა თქვი, თითქოს ნაპერწკალი ისროლე თივაში. მთელი სოფელი ისმენდა და იცინოდა. მეზობელი განაწყენდა და სასამართლოში გიჩივლა. შენ სასამართლოს განაჩენი კი არ განერვიულებს, არამედ მეზობლის საქციელი. მას შენთან საუბარი აღარ სურს და ზურგი შეგაქცია. რა უნდა ჰქნა ახლა?

ყოველივე უფალს და დროს მიანდე. ევედრე ყოვლისმხედველ შემოქმედს მეზობლის გულის მოლბობა. გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, თქვა მის შესახებ კეთილი სიტყვა და დაელოდე. უფალი, კეთილი სიტყვა და დრო თავისას გააკეთებენ და ერთხელაც თქვენ კვლავ შერიგებულები, ერთად გაუდგებით გზას ტაძრისაკენ.

დაე შენთვის ჭკუის სასწავლებელი გახდეს მაცხოვრის სიტკვები: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა“ (მათ. 12,36). განა არ ლაპარაკობს ეს იმის შესახებ, რომ ყოველგვარი ღვარძლიანი და ცრუ სიტყვა არღვევს სამყაროს წესრიგს და შეურაცხყოფს მაცხოვარს? კეთილ თუ ბოროტ სიტყვას, რომელსაც ჩვენ აშკარად და ფარულად, ფიქრში წარმოვთქვამთ, მთელი სამყარო გრძნობს, გრძნობს გრძნობათა შემოქმედიც. როგორ შეიძლება, სიტყვა დაფარული იქნას იმისაგან, ვისთვისაც ყველა ფიქრი ცნობილია? ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ აქილევსის შუბს ერთი ბოლოთი დაჭრა, ხოლო მეორე ბოლოთი კი განკურნება ძალუმს. ჩვენ არ ვიცით, რა შეუძლია შუბს, მაგრამ ვიცით, რა შეუძლია ადამიანის ენას. ჭრილობების მიყენება ენითაა შესაძლებელი და ენითვე განიკურნება, „რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და  მამასა, და მითვე ვსწყევთ კაცთა“ (იაკ. 3,9).

ერთ სოფელში საშინელი შემთხვევა მოხდა: დედას ერთდარეთი ვაჟი ჰყავდა - მოსწავლე. ერთხელ დედა შვილზე გაბრაზდა და განრისხებულმა უგნური სიტყვები წამოიძახა: „ჩემს თვალებს რომ აღარასოდეს დაენახე, ბედნიერი ვიქნებოდი!“ ბავშვი იმდენად იყო შეძრული, რომ აიღო იარაღი და თავი მოიკლა; მის გვერდით მისი სასკოლო დაფა იპოვეს, რომელზეც შემდეგი სიტყვები დაეწერა: „დედა, აი მე ვქრები შენი თვალებიდან, ოღონდაც შენ იყო ბედნიერი“. ამის შემდეგ მარტოხელა დედა ყოველ საღამოს კერიასთან იჯდა და ცეცხლს ცრემლით ავსებდა, ვადრე ერთ დილას ჩამქრალ კერიასთან მკვდარი არ იპოვეს: მწუხარებით მომკვდარიყო.

ხედავ, რას აკეთებს უგუნური სიტყვა? მაგრამ შენ კეთილი სიტყვის მაგალითის გარეშე არ დაგტოვებ. ომის დროს ერთი მშიშარა ჯარისკაცი დასაზვერად გაგზავნეს. ყველამ უწყოდა მისი სიმხდალის შესახებ და იცინოდნენ, როცა გაიგეს, თუ სად აგზავნიდა ზემდეგი. მხოლოდ ერთი ჯარისკაცი არ იცინოდა. იგი მივიდა ამხანაგთან, რათა მხარში ამოდგომოღა და გაემხნევებინა იგი. მაგრამ მან უპასუხა: „დავიღუპები, მტერი სულ ახლოსაა!“ - „ნუ გეშინია ძმაო უფალი კიდევ უფრო ახლოსაა.“ - უპასუხა მას კეთილმა ამხანაგმა. ეს სიტყვები დიდი ზარის მსგავსად ახმიანდნენ ჯარისკაცის სულში და რეკდნენ ომის დასასრულამდე. და აი, ოდესღაც მფრთხალი ჯარისკაცი ომიდან სიმამაცისათვის მრავალი ორდენით დაჯილდოვებული დაბრუნდა. ასე შეცვალა იგი კეთილმა სიტყვამ: „ნუ გეშინია, უფალი კიდევ უფრო ახლოსაა“.

მშვიდობა შენ და ჯანმრთელობა უფლისაგან!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 69), თბილისი, 2005 წ.