წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

პოლიტიკოს ნ.ნ.-ს - პოლიტიკური მორალის შესახებ

თქვენი წერილიდან გავიგე, რომ თქვენ პოლიტიკის ზურგსუკან, რაღაც განსაკუთრებული მორალის აღიარებისკენა ხართ მიდრეკილი, რომელიც განსხვავდება საერთო-ადამიანური მორალისაგან. ეს მხოლოთ ერთს ნიშნავს... თუმცა კი თქვენი აზრი ფაქიზად და ფრთიხილაღ გამოხატეთ: იმას, რაც უპატიოსნებად ითვლება ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში, პოლიტიკაში პატიოსნებად მიიღება; ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობებისას დაუშვებელია, პოლიტიკაში დასაშვებია. ეს სახიფათო ტენდენცია არც გუშინ და არც თქვენგან არ შობილა; სამწუხაროდ, ადამიანებმა მართლა ჩათვალეს პოლიტიკური მორალი განსაკუთრებულ მორალად, ესე იგი - ამორალობად. განა ჩვენ არ გვსმენია ასეთი აზრი: „ნუთუ შენ გგონია, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს? არა, იგი უბრალოდ პოლიტიკოსია“.

ხედავთ, როგორი უფსკრული ჰყოფს თქვენს თეორიას და ხალხის აზრს? თქვენს განსაკუთრებულ პოლიტიკურ მორალს ხალხი უბრალოდ სიცრუესა და ტყუილს ეძახის. თქვენ კი ხალხის აზრს ანგარიში უნდა გაუწიოთ, იმიტომ, რომ პოლიტიკა თავისი საუკეთესო გაგებით - სახალხო საქმეა, ხალხისადმი უდიდესი სამსახური. მე მესმის, რაც თქვენ გსურთ. თქვენ სურვილი გქონდათ, მართვის რაღაც განსაკუთრებული საშუალება გეპოვათ, რათა ხალხსაც წარმატებები ჰქონოდა და სახელმწიფოც განვითარებულიყო. დღეს ამ განსაკუთრებულ საშუალებას, უცილობლად „ფსონის დასადებს“ რომ მოგვაგონებს, თქვენ პოლიტიკურ მორალს უწოდებთ. ეჭვიც არ მეპარება თქვენს განზრახვათა კეთილშობილებაში, და მაინც, რასაც თქვენ ამბობთ, მორალის გარეთ იმყოფება, ქრისტაანობისა და კულტურის გარეთ. ეს დიდი ხნის ნაცნობი თამაშია ძლიერისა სუსტთან, ლაქუცი, რომელშიც, როცა ყალბი ღიმილი არ შველის, საქმეში კბილები და ბრჭყალები ერთვებიან და - პირიქით. ხალხი ასე ამბობს: სიმართლეზე დედამიწა დგას. თუკი თქვენ არაფრად აგდებთ ამ ხალხურ აქსიომას, როგორც „უმეცრებას“, უსმინეთ რას ამტკიცებენ ცივილიზებული ინგლისელები: „პატიოსნება - საუკეთესო პოლიტიკაა“. იყო დრო ინგლისის პოლიტიკურ ისტორიაში, როცა ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ გამოცდილებამ მათ ასწავლა, რომ პატიოსნება ჭეშმარიტად საუკეთესო პოლიტიკაა.

ერთმა გამოჩენილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ თქვა: „ამერიკელები პარლამენტში იმ ფიქრებითა და აზრებით რომ მიდიოდნენ, როგორითაც ეკლესიაში მიდიან, მაშინ ჩვენი სახელმწიფო მყარი, ხალხი კი ბედნიერი იქნებოდა“. თვით ძველ წარმართთა შორის ბალკანეთზე, განსაკუთრებით იმ მმართველებმა გაითქვეს სახელი, რომლებიც კერძო და სახელმწიფო საქმეებში ერთიდაიმავე მორალურ წესებს ეყრდნობოდნენ. გაიხსენეთ, როგორ მოიქცა მართალი არისტიდე, როდესაც მის სამშობლოდან გაძევებას კენჭს უყრიდნენ. ერთმა უწიგნურმა სთხოვა მას, თიხის ფილაზე დაეწერა „არისტიდე განიდევნოსს“. და არისტიდემაც უყოყმანოდ დაწერა სიტყვები, რომლებიც მისთვის საზიანო იყო.

ქრისტიანულმა რელიგიამ, ისე როგორც არავინ და არასდროს წინათ, გამოაცხადა და დაამტკიცა ერთიანობა მორალისა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპის პატარა კონტინენტზე არეულობებისა და უბედურებებისა გაორებული მორალია. ერთი მორალი გამოიყენება პირად ცხოვრებაში, მეორე - საზოგადოებრივში. იმას, რომ ორმაგ მორალს სიკეთე არ მოაქვს, ებრაელ უხუცესთა ქრისტესადმი დამოკიდებულება და ებრაელი ერის შემდგომი ისტორიაც გვიდასტურებს. მღვდელთმთავრები საკუთარ ხალხში სჯიდნენ ცრუმორწმუნეებს, მაგრამ შემდეგ უკვე თვითონვე ეძებდნენ ისეთებს, ვინც ქრისტეს წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოადგებოდათ. ისინი მას რომაელების მომხრედ თვლიდნენ (იხ. იოან. 11,48), ხოლო რომაელ პილატესთან შეასმენდნენ, რომ იესო რომაელთა და კეისრის წინააღმდეგია, რადგანაც თავს მეფეს უწოდებს (იხ. იოან. 19,12), თანაც მლიქვნელურად დაურთავდნენ: „არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი“ (იოან. 19,15). აი ორმაგი მორალი. აი პოლიტიკური მორალი, რომლითაც იუდეველ პოლიტიკოსებს სურდათ თავისი ხალხის გადარჩენა და რომელთაც დაღუპეს იგი. ხედავდა ყველა ამ ხლართებს, ყველა ამ უზნეო ფარისევლურ ფუსფუსს თავის ირგვლივ და უფალმა იწინასწარმეტყველა: „აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად“ (მათ. 23,38). აი თქვენ - ნაყოფი პოლიტიკური მორალისა. აი საშინელი გაკვეთილი ყველა სახალხო ლიდერისათვის, რომლებიც მორალს ორად ჰყოფენ. სცილდებიან ხალხურ აქსიომას: სიმართლეზე დგას დედამიწა.

მშვიდობა თქვენ და ჯანმრთელობა უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 72), თბილისი, 2005 წ.