წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ახალგაზრდა კაცს, რომელიც თავის პატივმოყვარე მეგობრის გამო სწუხს

პატივმოყვარეობა - სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან - არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: „სიბრძნის დასაბამი - გფლის შიშია“ (იხ. იგავ. 1,7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს - საკუთარ თავზე. შენი მეგობარი მხოლოდ მათ ეკვრის, ვინც აქებს და განადიდებს მას. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობს და მოითხოვს, რომ მხოლოდ მასზე ილაპარაკონ. გაზეთებიდან საკუთარ ფოტოსურათებს აგროვებს, თუმცა იცის, რომ გაზეთში დამნაშავეთა ფოტოებიც ქვეყნდება. ყველას უკითხავს წერილებს, რომლებშიაც მას ვიღაც აქებს. იგი ყველას თავს აბეზრებს, მას ყველანი გაურბიან. ის საკუთარ დიდებას ყველაზე არამყარ ფუნდამენტზე ამყარებს - ხალხის ხმებზე. უბედური ადამიანი! იგი სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, რადგანაც თუკი ეს გაგრძელდება, პატივმოჯღრების სენი მას აუცილებლად ვიღაცის, ან საკუთარი თავისადმი დანაშაულამდე მიიყვანს. შეეცადე, მას ეკლესიასტეს წიგნი წააკითხო, განსაკუთრებით გამოჰყავი სიტყვები: „ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო!“ (ეკლ. 1,2). გაიარე მასთან ერთად სასაფლაოზე და უთხარი: „აქ, ჩვენ ფეხქვეშ იხრწნებიან ბაგენი, რომლებიც გვაქებდნენ!“.

უამბე მას ეს აღმოსავლური იგავი. გზისპირს პალმა იზრდებოდა, მის ძირას კი - ეკალი. გზაზე მგზავრები მიმოდიოდნენ. ეკალი ებღაუჭებოდა და კაწრავდა თითოეულს. მგზავრები ბრაზობდნენ და ეკალს ლანძღავდნენ, წუხდნენ, რომ არ გამოჩნდა ადამიანი, მას რომ მოგლეჯდა, რათა ზიანი აღარ მიეტანა ხალხისათვის. გაამაყდა ეკალი, თავი ასწია და ქედმაღლურად უთხრა პალმას: „რა ფასი აქვს შენს სიმაღლეს, თუკი შენს შესახებ არავინ არაფერს იტყვის? გესმის, მხოლოდ ჩემს შესახებ ლაპარაკობენ? განთქმულია ჩემი სახელი ქვეყანაზე. შენ კი არარაობა ხარ“. - „ბოროტია დიდება შენი, ისეთივე ბოროტი, როგორიც შენ თვითონ ხარ. ხოლო რასაც შენზე ამბობენ, დუმილზე უარესი. - უპასუხა პალმამ. - ჩემზე მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როცა ტოტებიდან ფინიკს აგროვებენ. მართალი ხარ, იშვიათად ლაპარაკობენ, მაგრამ ეს სიტყვები სავსეა ლოცვა-კურთხევით“.

ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს, და არა - მეზობელთა ქება-დიდებისათვის. დიდება ექოს მსგავსად მათი თანმდევია, და თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად ჰპოვებს გამოძახილს ზეცაში. რადგანაც ცხოვრება ნამდვილი ადამიანისა დაკავშირებულია მარადიულობასა და ზეცასთან. როცა ქრისტე სიკეთეს იქმოდა, იგი ხშირად გადაჭრით კრძალავდა ამაზე საუბარს. უფლის წმიდანებმა აითვისეს ეს მეცნიერება და ადამიანურ დიდებას გაურბოდნენ ისე, როგორც ცეცხლს. ვინმე რომაელი მატრონა რომიდან ეგვიპტეს გაემგზავრა, რათა წმიდა არსენი დიდი ეხილა. არსენიმ იგი მიიღო, მაგრამ, როდესაც ქალმა მისი ქება იწყო, იგი სწრაფად შებრუნდა სენაკში და ზურგს უკან კარები მიიხურა. სხვა მიმდევარი სახარებისა ამბობდა: „ყოველგვარი საქებარი სიტყვა ჩემზე მიახლებს სულის ჭრილობებს“.

ვისაც მთელი გულით სურს გზააბნეული კაცის გამოსწორება, მას თვით უფალი ეხმარება. მჯერა, რომ შემოქმედი დაგეხმარება შენი მეგობრის პატივმოყვარეობისაგან კეთილად განკურნებაში. შენ კი არ განკურნავ მას, არამედ - ზეციური მკურნალი, შენი მხურვალე ლოცვითა და გულითადი სურვილით.

მშვიდობა და ჯანმრთელობა უფლისაგან თქვენ ორივეს.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 82), თბილისი, 2005 წ.