წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ობოლს - რატომ არაფერია ნათქვამი სახარებაში ბედნიერების შესახებ

როგორ არ არის ღვთისმოსავო სულო? ასე მგონია, რომ სახარებას ასეც შეიძლება ვუწოდოთ: „ბედნიერების წიგნი“. ქრისტეს სწავლება - სწავლებაა ბედნიერების შესახებ. შენ, რა თქმა უნდა, შეგაცბუნა იმან, რომ სახარებაში არ გხვდება თვით სიტყვა „ბედნიერება“. მაგრამ მის მაგივრად სხვა სიტყვები გამოიყენება: „ნეტარება“, „სიხარული“, „მხიარულება“, „სამოთხე“, „ხსნა“, „მარადიული სიცოცხლე“. განსაკუთრებით სიტყვა „ნეტარება“. იგი აღნიშნავს ბედნიერებას უმაღლესი გაგებით. თუკი ეს იცი, კვლავ წაიკითხე უფლის ქადაგება ნეტარებათა შესახებ. (იხ. მათ. 5,3-12). პირველი გაკვეთილი, რომელიც ქრისტემ ადამიანებს მისცა, ბედნიერების შესახებ იყო. ამ სწავლებას უმეორებს ქრისტიანული ეკლესია თავის სამწყსოს „ნეტარებების“ გალობით ყოველი ლიტურგიის დაწყებისას. ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარნი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი:

ვინც შემუსვრილი სულით წარსდგება უფლის წინაშე, რადგან მასია სასუფეველი ცათა;
ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას, რათა ნუგეშინისცემული იქნეს მარადიული ნუგეშისცემით;
ვინც თვინიერია და უბოროტო, როგორც კრავი, რადგან დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს;
ვინც მოწყალეა გულით და სულით, რადგან შეიწყალებს მას მარჯვენა უფლისა;
ვინც წმიდაა გულით, რადგან ხედავს მეფეს, ზეციურ მამას თვისას;
ვანც დევნლია სიმართლისათვის, ეშმაკთა და ხალხისაგან, რადგან მარადიული სიმართლის სამეფო დევნილთ ეკუთვნით;
ვისაც ცილი დასწამეს და შეურაცხყვეს ქრისტესთვის, რადგან გაიხარებენ და იმხიარულებენ ანგელოზთა სამკვიდრებელში.

მათთან ერთად ნეტარნი არაან ისინიც:

ვისაც სწამს მაცხოვრისა, რომ აცხოვნებს იგი;
ვინც შემოქმედისა და მისი ქმნილებებისადმი სიყვარულით იწვის, რამეთუ დაიდგამს გვირგვინს უკვდავი დიდებისა;
ვინც მსხვერპლად სწირავს მიწიერ სიცოცხლეს, რადგან მოიპოვებს მარადიულს.

ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი ბედნიერება, რომელიც უფალმა გაუმხილა და გამოუცხადა ადამიანთა მოდგმას. ასეთი ბედნიერებისათვის სწირავდნენ მეფეები მსხვერპლად საკუთარ ტახტს, მდიდრები - სიმდიდრეს, მოწამეები - სიცოცხლეს ისევე იოლად, როგორც ხეები იცვლიან ხოლმე შემოდგომის ფოთოლს, მაგრამ ვისაც არ უგემია მცირედ მაინც ეს სიხარული, მისთვის თაფლის სანთელიც მეტად მძიმე მსხვერპლია.

შენ კი - ღვთისშვილო, სასოს ნუ წარიკვეთ საკუთარ ბედნიერებაში. ერთი დარჩი, მეგობრებისა და ახლობლების გარეშე, მიწიერი ბედნიერების კარი დაიხურა შენთვის და ცრემლით უფრო წერ, ვიდრე - მელნით. მაგრამ არ გიფიქრია, რომ ეს ყოველივე შენი ზეციური მამის განგებით იმისათვის მოხდა, რომ შენ მარადიული ბედნიერების კარიბჭის წინაშე დამდგარიყავი?! უფალი ხშირად, ძალიან ხშირად კეტავს ადამიანებისთვის მოჩვენებითი ბედნიერების კარს, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ბედნიერების კარი მუდმივად ღია აქვს ყველასათვის, ვინც შესვლას მოისურვებს. შენც შედი, ქრისტეს შვილო, როდესაც ამ კარში შეიხედავ, ბედნიერთა სამეფოს იხილავ, ნეტართა სამკვიდროს. იხილავ წმინდანებით დასახლებულ ზეცას, უკვე მიწაზევე რომ შეიმეცნეს ქრისტესადმი მსახურების ბედნიერება და ზეცაში ამ ბედნიერებას ბოლომდე იგემებენ. როდესაც შეიგრძნობ ამ ყოველივეს და სულიერი თვალი აგეხილება, არც ერთი წუთით აღარ იქნები მარტო და ვერ იგრძნობ მარტოობას. რადგან მრავალრიცხოვან ზეციურ ოჯახს საკუთარ და-ძმებს, ახლობლებსა და მეგობრებს დაარქმევ.

უფლისა მიერ გიხაროდეს!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 87), თბილისი, 2005 წ.