წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ქრისტეშობას საძმოს კითხვაზე იმის შესახებ,
თუ რატომ ვესალმებით ერთმანეთს სიტყვებით „ქრისტე იშვა!“

როცა ჩვენ შევძახებთ „ქრისტე იშვა!“ ეს იმასვე ნიშნავს, რასაც თქმა იმისა, რომ „მესია იშვა!“ ან „მეფე დაიბადა!“, „მხსნელი დაიბადა!“. ამ მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ვუმტკიცებთ და ვუდასტურებთ, რომ ქვეყანას მოევლინა ის, ვინც უნდა მოვლენილიყო ხალხის გადასარჩენად და ვაფრთხილებთ, რათა სხვას არ ველოდოთ; მოვიდა ის, ვისი მოვლინებაც მამა ღმერთმა აღუთქვა სამოთხიდან გამოდევნილ ჩვენს წინაპრებს; ის, რომლის მოსვლასაც წარმართული ტომები და ხალხები წინათგრძნობდნენ; ის, ვის შესახებაც ებრაელი წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ; ის, ვინც გაბრწყინდა დედამიწაზე - მსგავსად მზისა - ხანგრძლივი ბნელი ღამის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენ შევძახებთ: „ქრისტე იშვა!“ ვამოწმებთ, რომ, უზენაესმა თავისი აღთქმა შეასრულა, ადამიანთა იმედი, წინასწარმეტყველთა ნათქვამი ასრულდა და მრავალსაუკუნოვანი კვნესა სიხარულით შეიცვალა.

მესია დაიბადა, საოცარია, ღმერთი და კაცი ერთდროულად, დაე, ადამიანთა დაღლილ მზერას ნუგეშისცეს და სხვა მესიის მოლოდინში ნურვინ იქნება.

მეფე დაიბადა, უძლიერესი, ერთდროულად ძლევამოსილების კვერთხითა და მოწყალების ნათლით, დაე ყველაზე უძლურებმაც კი შეიწყნარონ და შესძახონ: ჩვენ შვილნი ვართ მეფისანი!

კაცი იშვა უძლეველი, დაე დაიცვას მორწმუნენი და მოაქციოს ურწმუნონი, დაე დაამხოს სულნი ბოროტებისანი ცისქვეშეთისა.

გზის წარმმართებელი იშვა - შორსმჭვრეტელი, დაე გზააბნეულნი სამშვიდობოს გაიყვანოს და წარუძღვეს.

განმანათლებელი დაიბადა, უბრწყინვალესი, დაე გაფანტოს უკუნი და გაანათლოს.

მწყემსი იშვა - მზრუნველი, დაე იხსნას ფარა მგლებისაგან და შეკრიბოს იგი თავის კალთის ქვეშ.

მზრდელი დაიბადა - უხვი, დაე გააძღოს გაუმაძღარნი არა მიწიერი, არამედ - ზეციური ღვთაებრივი ხორცით ღა შემწველი სისხლით თვისით.

კაცთმოყვარე იშვა - ერთადერთი, დაე შეიფაროს საკუთარ მკერდქვეშ და სიყვარულით გააცოცხლოს სიკვდილ-სიცოცხლის გზაზე ხანგრძლივად მოხეტიალე ყველა თავისი ობოლი.

განმცხადებელი იშვა უდიდესი, დაე გადასწიოს ფარდა და გვიჩვენოს მოკვდავთ უკვდავი ზეციური სამეფო.

ყველაფერი ეს იგულისხმება იმ საოცარ სიტყვებში, რომლითაც ქრისტიანები ესალმებიან ურთიერთს ქრისტეშობის ჟამს და რომლითაც მე თქვენ მოგესალმებით, ძმანო:

ქრისტე იშვა!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 88), თბილისი, 2005 წ.