წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მასწავლებელ ნიკოლა ს.-ს... - თუ რატომ უნდა
დაბადებულიყო ქრისტე და არა  - გამოცხადებულიყო

თქვენ კითხულობთ, რატომ უნდა დაბადებულიყო ქრისტე, გაზრდილიყო და ბოლოს ტანჯულიყო? რატომ არ მოგვევლინა ზეციდან იგი უკვე მოწიფულ მამაკაცად, მსგავსად ბერძნული ლეგენდებისა, იმგვარად, ხალხს აპოლონი რომ გამოეცხადა? საერთოდაც არ არის შესაფერისი შედარება! როგორ შეიძლება, ჭეშმარიტი ადამიანი ლანდს შევადაროთ, ჭეშმარიტი ღმერთი კი გამოგონილ ურჩხულს?

რაც უფრო მაღალაა ზეცა მიწისაგან, იმდენად სიბრძნე უფლისა აღემატება ადამიანურ გონებას. უზენაესის განგებით ქრისტე მსოფლიოს ჩვილადაც უნდა მოვლენოდა, ყმაწვილადაც და მოწიფულ მამაკაცადაც, ყველასათვის ადვილად მისაწვდომი ყოფილიყო და ყველა თავისკენ მიექცია. იგი დედამიწაზე იმისათვის მოივლინა, რომ მისი სიტყვები: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 19,14; მარკ. 10,14) - ცივი და უსიცოცხლონი არ დარჩენილიყვნენ; ანდა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18,3). თქვენ ასწავლით ბავშვებს: წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მათთან თქვენი დამოკიდებულება, თავად რომ ბავშვობა არასოდეს გქონოდათ განცდილი? უეჭველია, ქრისტეს ძალუძდა ამ ქვეყანას მოვლენოდა იმ სახით, როგორც თქვენ გსურდათ, მაგრამ ასე რომ გაეკეთებინა, მაშინ იგი ვეღარ იქნებოდა კაცობრიობისათვის ის, ვინც სურდა, რომ ყოფილიყო - მასწავლებელი და მხსნელი, მაგალითი ადამიანთა ყველა თაობისათვის.

თქვენ გაწუხებთ ფიქრი, რომ უფალმა თავისი საოცარი დაბადებით, კიდევ უფრო გააღრმავა საკუთარი ყოფიერების საიდუმლო, მაგრამ განა არ იქნებოდა მისი საიდუმლო უფრო ღრმა და მიუწვდომელი, თუკი იგი მოულოდნელად დაეშვებოდა ზეციდან და ხალხთან ნათესაური კავშირი არ ექნებოდა?!. განა ადამიანები არ ილაპარაკებდნენ მასზე, როგორც ვიღაც მოჩვენებაზე? მაშინ მისი პიროვნება, და მასთან ერთად სწავლება და მხსვერპლიც რეალურ საფუძველს და მნიშვნელობას იქნებოდა მოკლებული, რადგანაც რომელი ჩვენგანი დაუჯერებდა და მიბაძავდა მოჩვენებას?

და კიდევ: უფალი იმ სახით, რა სახითაც დაიბადა - იმიტომაც უნდა დაბადებულიყო, რომ ჩვენთვის ჩვენი სულიერი დაბადების შესაძლებლობა ეჩვენებინა, რომელიც ადამიანის შესახებ მისი მოძღვრების ცენტრში დგას, და ხაზი გაესვა მისი მნიშვნელობისათვის. მისი სიტყვებით: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი“ (იოან. 3,3). მსგავსად იმისა, თუ როგორ იშვა იგი სულიწმიდით უწმიდესი ქალწულის სხეულიდან, ჩვენც ასევე ძალგვიძს საკუთარი სულის სიწმიდეში სულიწმიდით სულიერად დაბადება. უდიდესი წმიდა მართლმადიდებელი მამები საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი დაბადება სულის ქალწულებრივი სიწმიდითაა განპირობებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულისა, რომელიც განწმენდილია თვით ცოდვილ ზრახვათაგანაც კი ემსგავსება ყოვლადწმინდა ქალწულს და უფლის ნებით ხდება ღირსი ქრისტეს სამკვიდროდ ქცევისა. თუკი ქრისტეს შობა ქალწულისაგან მიუწვდომელია ჩვეულებრივი გონისათვის, იგი ანუგეშებს და აფხიზლებს ყველას, ვინც საკუთარი არსების და სულიერი ზნეობრივი გარდაქმინისაკენ ისწრაფის.

ამიტომაც დამშვიდდით და მადლობა შესწირეთ მარადიულ სიბრძნეს, იმისათვის რომ კაცობრიობის მხსნელი ისე მოგვევლინა, როგორც ეს მან ჩათვალა უმჯობესად და პავლე მოციქულთან ერთად შესძახეთ: „ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!“ (რომ. 11,33) და ბავშვური სიხარულით მიულოცეთ თქვენს მოსწავლეებს: „ბავშვებო, ქრისტე იშვა!“.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 90), თბილისი, 2005 წ.