წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მარტოხელა ქალს - თუ რას ნიშნავს
ქრისტეშობის დღესასწაული და იოვანკასათვის

შენ მარტოობას უჩივი დიდ ქალაქში: რამდენი ადამიანია შენს ირგვლივ, თითქოს ჭიანჭველების ბუდეში იყო, შენ კი თავს ისე გრძნობ, როგორც უდაბნოში. ყველაზე მძიმეა დღესასწაულების ჟამს... ირგვლივ ყველანი სიხარულს ასხივებენ, შენ კი გულს ნაღველი გიწურავს. შობა და აღდგომა ცარიელ ჭურჭლებს გაგონებს, რომელთაც ცრემლებით ავსებ. როდესაც დღესასწაული ჩაივლის, ხოლო შემდგომამდე კი შორია, შენ უფრო მშვიდად ხარ. მაგრამ, როგორც კი წინასადღესასწაულო დრო დგება, როგორც კი დღესასწაული მოდის, კაეშანი და სიცარიელე ავსებს შენს სულს.

რით გიშველო, მე შენ შობის შესახებ ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც და იოვანკასაგან გავიგონე. იქნებ ეს დაგეხმაროს. დაე მან თავადვე გიამბოს, ისევე როგორც მე მომიყვა.

...აი უკვე ორმოც წელზე მეტია ამქვეყნად მარტო ვცხოვრობ. საბავშვო სახლში გატარებული ბავშვობის წლების გარდა სიხარული არასოდეს მინახავს. მაგრამ მწუხარე არავის ვუნახივარ: ხალხის დასანახად მუდამ მხიარული და ხალისიანი ვიყავი, მარტოდ დარჩენილი კი ვტიროდი. ყველა ბედნიერად მთვლიდა, რადგანაც სხვანაირს ვერ მხედავდნენ. ყოველი მხრიდან მესმოდა ხალხის ჩივილი დაოჯახებულთაგან თუ მარტოხელათაგან, მდიდრებისა თუ ღარიბებისაგან, - ყველასაგან და ვფიქრობდი: რისთვის მეწუწუნა უბედურებთან ჩემს უბედურებაზე და მემრავლებინა მწუხარება ჩემს ირგვლივ? უკეთესი იქნება, თუ თავს მხიარულად მოვაჩვენებ: იქნებ ამით უფრო მეტი სარგებლობა მოვუტანო ამ მწუხარე სამყაროს, ხოლო ჩემს საიდუმლოს დავფარავ და საკუთარ თავთან მარტოდ შთენილი გამოვიტირებ - მეთქი.

ღმერთს ვევედრებოდი, რათა გამომცხადებოდა, რათა მცირეოდენი ნიშანი მაინც მოეცა. ვევედრებოდი, რომ არ დავღუპულიყავი ჩემი საიდუმლო მწუხარებისაგან. ყოველგვარი შემოსავლით მოწყალებას გავცემდი. ვნახულობდი ავადმყოფებსა და უპოვრებს და ჩემი მოჩვენებითი მხიარულებით მათთვის ხალისი მიმქონდა. „მე მწამს შენი, ყოვლადკეთილო ღმერთო - ვიმეორებდი ხშირად, - მაგრამ გთხოვ, გამომეცხადე, როგორც თვით გსურს, რათა განმტკიცდეს რწმენა ჩემი. „მრწამს, უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“ (მარკ. 9,24), - ვიმეორებდი სახარებისეულ ლოცვას და მართლაც, უფალი გამომეცხადა.

ჩემთვის ყველაზე მძიმე დიდი დღესასწაულების ჟამი იყო. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ შობაზეც და აღდგომაზეც ოთახში შევიკეტებოდი და მთელი დღე ვტიროდი. მაგრამ, გასულ შაბათს უფალი გამომეცხადა. ეს კი ასე მოხდა: დიდი დღესასწაული ახლოვდებოდა, გადავწყვიტე, ყველაფერი მომემზადებინა, როგორც ოდესღაც დედაჩემი მასწავლიდა. იატაკზე ჩალა გავშალე, თითო კუთხეში სამ-სამი კაკალი დავაგდე. დაე იყოს წმინდა სამების წყალობა ქვეყნიერების ოთხივე ბოლოს. ამას რომ ვაკეთებდი, განუწყვეტლივ ვლოცულობდი: „უფალო, გამომიგზავნე სტუმრები, მხოლოდ ყველაზე ღარიბები და მშივრები! გთხოვ, ჩაგრულთა სახით გამომეცხადე! ხანდახან აზრი გამიელვებდა: „უგუნურო იოვანკა, რომელ სტუმრებს ელი შობის დღესასწაულის ჟამს! ამ წმიდა დღეს ყველა საკუთარ სახლში ხვდება, შენ ვინ გესტუმრება“. და მე კვლავ ვტიროდი და ვტიროდი, ვიმეორებდი ლოცვას, ვამზადებდი და ვტიროდი.

როდესაც ეკლესიიდან, საშობაო მსახურებიდან მოვბრუნდი, ოთახში სანთელი ავანთე, მაგიდაზე ნამზადი დავაწყვე და ოთახში ვიწყე ბოლთისცემა. „უფალო, ნუ მიმატოვებ!“ - ვევედრებოდი მე, მაგრამ ცარიელ ქუჩაზე გამვლელნი არ ჩანდნენ: შობაა! ჩვენი ქუჩა უკაცრიელია. უცებ ფეხებქვეშ თოვლმა გაიჭრიალა, - კარებს მივვარდი! ნუთუ ჩემი სტუმარია? არა, ახლოს ჩაიარა. საათმა შუადღე მამცნო, მე კი მარტო ვარ. ავტირდი და წამოვიძახე: „ახლა ვხედავ, უფალო, რომ შენ მიმატოვე!“ ვქვითინებდი და ვტიროდი, რომ უეცრად!.. უეცრად ვიღაცამ კარზე დააკაკუნა, და ტირილისაგან ჩახლეჩილი ხმა გავიგონე: „დამეხმარე ძმაო! დამეხმარე დაო!“. მე წამოვხტი და კარი გამოვაღე. ჩემს წინ ბრმა იდგა გამყოლთან ერთად, ორივენი ძონძებში, გათოშილნი. „ქრისტე იშვა, ძმანო ჩემნო!“ - წამოვიძახე სიხარულით. „ჭეშმარიტად იშვა! - შემღაღადეს მათ პასუხად, - გაიღე მოწყალება დაო! ფულს არ გთხოვთ, დილიდან ჩვენთვის პური არავის მოუწოდებაა, მხოლოდ რამოდენიმე ყლუპი არაყი და ცოტაოდენი ხურდა, ხოლო პური კი - არავის. ძლიერ გვშია“. სიხარულასაგან მეცხრე ცაზე მყოფი მათ ოთახში შევუძეხი, მაგიდასთან დავსვი და მოვემსახურე სიხარულის ცრემლმდანარი. მათ გაკვირვებულებმა მკითხეს: - „რად სტარი, დაო?“. - „სიხარულისაგან, ძმებო, წმინდა და ნათელი სიხარულისგან! ღმერთმა მომცა ის, რაც ვთხოვე. აი უკვე რამოდენიმე დღეა ვევედრები მას, რომ გამომიგზავნოს ისეთი სტუმრები, როგორიც თქვენ ხართ, და აი, გამომიგზავნა. თქვენ უბრალოდ კი არ მოსულხართ ჩემთან: ყოვლადკეთილმა ღმერთმა გამოგაგზაენათ. დღეს იგი თქვენთან ერთად მომევლინა. ეს ყველაზე სასიხარულო შობაა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ვიცი: ცოცხალია უფალი ჩვენი!“ - „ქება და დიდება მას, ამინ!“ - მიპასუხეს ჩემმა სტუმრებმა. ისინი ჩემთან საღამომდე დავტოვე, შემდეგ თოფრები ხორაგით გავუვსე და გავაცილე.

ასეთი გახლდათ შობა უფლისა იოვანკასათვის. ღმერთმა ქნას, რომ წელს უფრო სასიხარულო იყოს. შენც შეევედრე, შვილო, რათა გამოგეცხადოს ზეციური მამა, მას მრავალი წყალობა აქვს და სასწაულს იხილავ. ნუ გაემზადები მწუხარებისათვის ამ წმინდა დღეს, სიხარულისათვის ემზადე და ყოვლისმხილველი, ყოვლადმოწყალე შენთვის სიხარულს იქმს.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 92), თბილისი, 2005 წ.