წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ჯარისკაც სვეტისლავ კ.-ს - თუ რას ნიშნავს „ღმერთი ადამიანში“

შენ ვიღაცას ჰკითხე: სად არის ღმერთი? გიპასუხეს: ღმერთი შენშია. გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით: ეს რანაირადაა შესაძლებელი?! დაახლოვებით ისევე, როგორც სინათლე - ოთახში ანდა ცეცხლი - ღუმელში. ოდესმე შეიგრძნობ საკუთარ თავში უფალს და შეიცნობ, რომ იგი შენშია, მაგრამ ეს სხვისთეის ძნელი ასახსნელი იქნება. ბუნებაში ხატებასა და შედარებებს დაუწყებ ძებნას და ისევე იტყვი, როგორც მე გეუბნები: უფალი ჩემშია, მსგავსად სინათლისა - სახლში, ან ცეცხლისა - ღუმელში, ჰაერისა - ფილტვებში, სიცოცხლისა - ქმნილებაში, ანდა ვით ძალა, სიყვარული და ფიქრი ადამიანში. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხატებანი, შედარებანია და ყველა მათგანს არ ძალუძს იმის გამოხატვა, რასაც ადამიანი გძრნობს, როცა უფალი მთელი თავის სისრულით სახლდება მასში. უფლის მოციქული პავლე ჩვენი სულიერი მამა, მორწმუნეთ უსურვებს „აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა“ (ეფეს. 3,19). ღმერთი ადამიანში ორმაგად მოქმედებს - ეხმარება და სუფევს. შეწევნით უფალი მოქმედებს მცირედ მორწმუნე კაცში, რომელსაც ზოგჯერ ახსენდება ღმერთთ, იცის მცნებანი და გარკვეულწილად მათ შესრულებას ცდილობს. უფალი არ სტოვებს მას, რადგან იგი ცდილობს, დაეყრდნოს უფალს. ხოლო სუფევით, უფალი დიდი რწმენის მქონე ადამიანში მოქმედებს, რომელმაც ფართოდ გაუღო მას კარნი საკუთარი სულისა. დაწერილია: „უკეთუ ვინ განაღოს კარი და შევიდე მის თანა“ (შეად. გამოცხ. 3,20). ასეთი ადამიანი არაფერში არ არის საკუთარი თავის იმედზე, არამედ მხოლოდ უზენაესი ღმერთის იმედზეა. იგი თავის თავში უფლის ყოფნასა და მოქმედებას გრძნობს და მისადმი უდიდეს სიყვარულს განიცდის. ხოლო ქრისტემ ღვთისმოყვარულთ მათში ჩასახლება აღუთქვა: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (იოან. 14,23). შენ ამას ვერ გაიგებ, თუკი ამას დაივიწყებ, რომ ღმერთი სულია, რომელსაც საკუთარი ძალითა და ნებით ყველგან შეღწევა ძალუძს. მსგავსად მზისა, დედამიწას მაღლიდან რომ დაჰყურებს, იგი ყველა ცოცხალ არსებაზე მაღლაა, მაგრამ თავისი შუქით ყველგან შესვლა შეუძლია, სადაც კი მისთვის კარი ღიაა. როგორც მოციქული ამბობს: „ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველსა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის“ (ეფეს. 4,6).

მაგრამ თუკი ვინმე უარყოფს ღმერთს, ლანძღავს მას ფიქრებში და მის წინააღმდეგ ლაპარაკობს, ღმერთი ტოვებს იმ ადამიანს. მსგავსად იმ ადამიანისა, სახლის ფანჯრებიდან სინათლის შესვლას რომ აბრკოლებს. თავნება მეფე საულს სამოელ წინასწარმეტყველმა უთხრა: „აწ, რამეთუ შეურაცხ-ყავ შენ ბრძანება იგი უფლისა, შეურაცხ-გყოს შენცა უფალმან!“ (1 მეფ. 15,23) და სული უფლისა განვიდა საულისაგან, მაგრამ მაშინაც კი, როცა ღმერთი ტოვებს ჯიუტი ადამიანის სულს, განაგრძობს მასზე გარეგან ზემოქმედებას, ისევე, როგორც მოქმედებს წყალზე, ქვაზე ან ხეზე. მაგრამ თუ ადამიანი ურწმუნოებაში ბოლომდე ჯიუტობს და არ ინანიებს, მაშინ ღმერთი ეშმაკებს მის სულში ჩასახლების ნებას რთავს. როგორც საულის შემთხვევაში, როდესაც იგი უფლის სულმა მიატოვა: „ვითარცა მოვიდა სული უკეთური უფლისა მიერ საულის ზედა და იგვემებოდა სახლსა შინა თვისსა“ (1 მეფ. 18,10). ან კიდევ უფრო საშინელი - გამყიდველ იუდას შემთხვევაში: „შევიდა მისა ეშმაკი“ (იოან.13,27). ხალხი, რომელიც ღმერთს უჯანყდება, რა თქმა უნდა, ვერასოდეს შესძლებს საკუთარ თავში მის შეგრძნებას და თქმას: „სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17,21). მაგრამ ისინი, ვისაც უყვართ, სურთ, ეძებენ მას და ლოცულობენ მისადმი, რომ უფალი მათში ჩასახლდეს, შეიგრძნობენ ღმერთს საკუთარ თავში და შეუძლიათ, თქვან: უფალი ჩვენშია სულიწმიდით. სიკეთე ჰქონდეთ ასეთ ნათელ სულებს, რამეთუ მარადის გამეფდებიან ქრისტეს სამეფოში, ისე, როგორც უფალმა აღუთქვა თავის მოყვარულთ, როდესაც უთხრა: „მოვიდე და წარგიყუანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყუნეთ“ (იოან. 14,3).

ქრისტე იშვა!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 94), თბილისი, 2005 წ.