წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მეტყევე მანოელს - წმიდა იოანეს ფრთებთან დაკავშირებით

ამბობ, რომ წარმოშობით ბანატიდან ხარ და წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღეს მოინათლე. მართლმადიდებელ რწმენას შენი ცხოვრების აზრად მიიჩნევ. მამის სიკვდილის შემდეგ ბედმა მაკედონიაში მიგიყვანა; საოჯახო ხატი წმ. იოანე წინასწარმეტყველისა სახლში დედასა და დებს დაუტოვე. როდესაც მაკედონელ ხატმწერს სთხოვე, შენთვის შენი ზეციური მფარველის ახალი ხატი დაეწერა, შენდა გასაკვირად, ხატმწერმა წმიდა იოანე ფრთებით გამოსახა. როდესაც ოსტატს ჰკითხე, მან აგიხსნა, რომ ასე გამოისახება მომნათლავი უფლისა მაკედონიის ყველა ტაძარში. შენ მრავალი ტაძარი მოიარე და დარწმუნდი, რომ ეს ასეა და უფრო მეტად გაოცდი. ახლა მეკითხები, თუ რატომ გამოისახება წმინდა იოანე წინამორბედი ფრთებით?

შენთვის ცნობილია (ცნობილია კი?!), რომ ფრთებით მხოლოდ უფლის ანგელოზებს გამოსახავენ. ამგვარად მათ იმიტომ გამოსახავენ, რომ უსხეულო სულები არიან, მსუბუქნი, სწრაფნი დავალებათა შესრულების ჟამს, რისთვისაც მათ შემოქმედი აგზავნის. ახლა კი მოისმინე ქრისტეს მოწმობა იოანეს შესახებ: „აჰა გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაჲ პირისა ჩემისაჲ“ (მალაქ 3,1). ვინ დაწერა ეს? წინასწარმეტყველმა უფლისა, უფლის სულისავე შთაგონებით. წინასწარმეტყველი მესიისა და თავად მესია წმინდა იოანეს ანგელოზს უწოდებენ. და ჭეშმარიტად მსახურება იოანესი ზეციურ ანგელოზთა მსახურების სადარია. როცა სამყაროს მხსნელი ბეთლემს იშვა, ანგელოზებმა მისი დაბადების შესახებ მწყემსებს განუცხდადეს და მოუწოდეს, რომ ეხარათ და განედიდებინათ უფალი. მას შემდეგ ოცდაათმა წელმა განვლო და უფალი იორდანეზე გამოჩნდა, რათა ეწყო თავისი მხსნელი მსახურება. მაშინ გამოუცხადა წმინდა იოანემ იგი ხალხს, მოუწოდა მათ სინანულისა და განწმენდისაკენ, რათა მისი, მესიისა და მხსნელის მიღების ღირსნი გამხდარიყვნენ.

ამიტომაც გამოსახავდნენ ხატმწერები უხსოვარი დროიდან ხშირად ქრისტეს წინამორბედს ანგელოზის მსგავსად ფრთებით. ამიტომაც არის იგი წმიდა წერილში ანგელოზად მოხსენებული, რამეთუ ანგელოზის მსახურებას ეწეოდა კაცობრიობის ხსნის მესიანურ ისტორიაში. დაე წმიდა იოანემ დაგიფაროს ფრთებით ყოველგვარი ბოროტისაგან. ამინ.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 97), თბილისი, 2005 წ.