წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

კ.კ.-ს - შეიძლება თუ არა ჯვარზე მკითხაობა

მწერთ, რომ წმიდა გიორგობის დღესასწაულზე, ერთ-ერთ სოფელში „ჯვარზე მკითხაობას“ აკვირდებოდით. დაინახეთ, თუ როგორ „სთესდნენ“ ადამიანები მინდვრის გასწვრივ მიწაში წვრილი წკნელისაგან გაკეთებულ ჯვრებს, და მეკითხებით, რა მკითხაობაა ეს? პირდაპირ გეტყვით: ეს მკითხაობა არ გახლავთ.

როგორ შეიძლება მკითხაობა ჯვრის გამოსახულებაზე? ჯვარი სიმბოლოა ქრისტეს ჯვარცმისმიერი ტანჯვისა, რომელიც მან სწორედ იმისათვის მიიღო, რომ გაეთავისუფლებინა ხალხი ყოველგვარი მკითხაობისა და კერპთაყვანისმცემლობისაგან. ამ წმიდა ნიშანს მაღლიდან მიეცა საუკუნო ძალა, რომ განდევნოს ყოველგვარი ბოროტი და უწმინდური სული, დაიცვას მათგან ადამიანები. ეკლესია ქრისტეს წმინდა ჯვარს კვირის ორ დღეს უძღვნის - ოთხშაბათსა და პარასკევს. ამით იგი ქრისტიანებს შეახსენებს კაცობრიობისათვის უფლის ტანჯვათა შესახებ და შეახსენებს შვილებს თვისას, რომ ჯვარი - უძლეველი იარაღია.

ერიდეთ, რამეთუ მათთვის ვინც სულს იღუპავს და იღუპება უკუნითი უკუნისამდე, ჯვრის ნიშანი უგუნურებაა, როგორც მოციქულისგანაა თქმული: „რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხონებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს“ (1 კორ.1,18). ვისაც შოტლანდიაში უმოგზაურია, შეეძლო, ენახა გზების გასწვრივ, მინდვრებში, სახლების და საფუტკრეების თავზე ფილები წარწერებით, რომლებიც წმინდა წერილიდან არის აღებული. მათზე შეიძლება წავიკითხოთ: „შენ ხარ სასო ჩემი, მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან“ (ფს. 141,6-7), „ღმერთო, მწყემსო ჩემო“ (შეად. ფს. 22,15), „უფლისაი არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა“ (ფს. 23,1), „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის?“ (ფს. 26,1) „მარადის გიხაროდენ. მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით“ (1 თეს. 5,16,17,18). ასეა შოტლანდიაში.

ჩვენს მხარეში სხვა ჩვეულებებია: ამის ნაცვლად ჩვენ ჯვარს მკერდზე ვატარებთ, გამოვსახავთ მას სახლის შესასვლელ კარზე, ვდგამთ სახლებსა და მინდვრებში, ვქარგავთ ტანსაცმელზე. ნაცვლად სიტყვებისა წმინდა წერილიდან, ჩვენი ხალხი ჯვრებს აღმართავს. წმინდა წერილის სიტყვები უდიდეს ძალას შეიცავს, როგორც ქრისტე ეტყოდა მოციქულებს: „ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყვითა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ“ (იოან.15,3). მაშინ რაღა ძალაა ჯვარში?! ძალა, რომელიც განწმენდს, იცავს და ანათლებს! ჯვრით იკურთხება წყალი და ზეთი, პური და პირველი ნაყოფი მიწისა, სახლი და ადამიანი. ამ ძალას ჩვენი ხალხი გამოცდილებით იცნობს, ამიტომაც აკურთხებს ქრისტეს ჯვრით ნათესებსა და სახლებს, პირუტყვს, ტანსაცმელსა და საკვებს. ხოლო წყეული მკითხაობა კი ჯვართან შეუთავსებელია, ისევე როგორც ჯვარი - მკითხაობასთან.

მშვიდობა და ჯანმრთელობა თქვენ უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 98), თბილისი, 2005 წ.