იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასებო!

...გონებაგაფანტული ლოცვა არ არის ნამდვილი ლოცვა, თუმცა კი დასაწყისში უფალი მასაც შეიწირავს იმათგან, ვინც მხოლო იწყებს ლოცვის სწავლას. მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ გონებაგაუფანტავად ლოცვა!

თუ მრისხანებისაგან თავს შეიკავებ და სიმშვიდეს შეინარჩუნებ, ლოცვაც კარგი გამოგივა, ხოლო, თუ მშვიდად არ იქნები, მაშინ ლოცვასაც ვერ შეძლებ.

მრისხანებაში მყოფი ადამიანის ლოცვას ღმერთი არ შეიწირავს და ასეთ მლოცველებს უფალი გადასცემს უწმინდურ მსახურებს, ე.ი. დემონებს, რომლებიც მას სულიერი ნადიმიდან - ლოცვიდან, განდევნიან საქორწინო ნადიმს მიღმა, ცარიელ, ზოგჯერ კი საზიზღარ გულისთქმათა წყვდიადში. და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ დავმდაბლდებით, სანამ მთელი გულით არ დავღვრით ცრემლებს ღვთის წინაშე, არ მივუტევებთ ყველას და ყველასგან არ ვითხოვთ მოტევებას, ერთი სიტყვით, სანამ არ მოვიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, რადგან ნათქვამია: „სულიერი სიმშვიდე ღვთის განსასვენებელია“. სადაც არაა სიმშვიდე, იქ ეშმაკი, სულიერი წყვდიადი, სიმძიმილი და სხვა ჯოჯოხეთური საწყისებია.

სიმდაბლეს შესწევს უნარი, გულისთქმები ღმერთზე ფიქრისკენ წარმართოს, ხოლო შფოთი, პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა და ამპარტავნება ფანტავს აზროვნებას. თუკი აზრი მეტისმეტად გვეფანტება, ეს იმას ნიშნავს, რომ სულში რაღაც მოუწესრიგებელი გვაქვს, მაშასადამე, მტერმა შეძლო ჩვენს სულში შეღწევა. ამიტომ უფლის წინაშე უნდა შევინანოთ და ვითხოვოთ შენდობა და შეწევნა. უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები. ზოგჯერ ამის მიზეზია (თუ მრისხანება არა) ზედმეტი ფუსფუსი, წუთისოფლისადმი მიჯაჭვულობა, ხანგრძლივი ყოფითი საუბრები, მოყვასის განკითხვა.

კარგი, ყურადღებიანი, გულიდან ამოსული ლოცვა არის ღვთის სასუფევლისაკენ მიმავალი გზა, სასუფევლისაკენ, რომელიც ჩვენშია. თუ ასე ვერ ვლოცულობთ, მაშინ რაღაცით განგვირისხებია უფალი.

თვალყური ადევნე შენს თავს. შეინარჩუნე სიმშვიდე. მალე შეურიგდი ყველას, ხშირად აღიარე ღვთის წინაშე შენი ცოდვები და განცდები, მოიქეცი სინდისიერად - მაშინ თავსაც კარგად იგრძნობ და ცხონდები. უშრომელად ვერაფერს მიაღწევ. იღვაწე უფლისთვის და ცხონდები. აქაც კარგად იქნები და სიკვდილის შემდეგაც შეხვალ მარადიულ სასუფეველში.

ილოცე ჩემთვის.

 

წინა

შემდეგი