იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ჩემო ძვირფასო...!

მივიღე შენი წერილი და დიდად თანაგიგრძნობ. ბევრს გეტყოდი შენი ეჭვებისა და მწუხარების შესახებ, მაგრამ წერის ოსტატი არა ვარ. შენ აირჩიე ჩვენი დროისთვის განსაკუთრებით ძნელი ცხოვრების გზა და, თუკი ბოლომდე დაითმენ, ყველა შენი განსაცდელის სანაცვლოდ მიიღებ, სულ მცირე, მილიონჯერ მეტს. უბრალოდ, ინანებ კიდეც (არ გეტყვი, რომ დაგავიწყდება), რომ ასე მცირედი განსაცდელი გერგო... შეიძლება, ეს უჩვეულოდ მოგეჩვენოს, მაგრამ ეს ასეა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ძველად დიდი მოწამენიც კი ნანობდნენ, რომ ასე ცოტა ტანჯვა დაითმინეს და ამიტომ ვერ უპასუხეს უფალს იმ სიყვარულით, რომლითაც უნდა ყვარებოდათ იგი. ადამიანებისადმი სიყვარულს ხომ იმით გამოვხატავთ, რომ ვასიამოვნებთ მას, ვინც გვიყვარს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია სწრაფვა მის დასამტკიცებლად... უანგარო სიყვარულის დამტკიცება კი მხოლოდ მსხვერპლით შეიძლება და როგორც ჭეშმარიტ სიყვარულს არა აქვს საზღვარი, ასევე არა აქვს საზღვარი მსხვერპლის გაღების სურვილს ამ სიყვარულის გამოსავლენად. ვისაც უფალი უყვარს, მას სურვილიც ექნება ღვთისთვის იტანჯოს და, სიყვარულის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ყველაფრის გადატანის სურვილიც, ოღონდ კი არ მიგვატოვოს უფალმა, ოღონდაც მის სიახლოვეს ვიყოთ და შეუძლებელია, უფალი არ გვიყვარდეს, თუ მას მივუახლოვდებით, უფრო სწორად, თუ ის მოგვიახლოვდება.

შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მომავალ ცხოვრებაში დაუცხრომელი მატლი და დაუშრეტელი ცეცხლი არის გულის განუწყვეტელი გლოვა იმის გამო, რომ იყო დრო, როცა შეგვეძლო უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დამტკიცება, მისთვის სხვადასხვა განსაცდელის დათმენა, სიყვარულის დამტკიცება არა მხოლოდ ტანჯვით, არამედ ეჭვების მოძალებისას მისდამი რწმენით, შიშისა და სულიერი მარტოობის განცდისას, ჩვენი უძლურების, უსუსურობის შეგნებით და სხვა და სხვა, მაგრამ არ დავამტკიცეთ... სწორედ აქ, წუთისოფელში, შეიძლება, დავამტკიცოთ და უნდა დავამტკიცოთ კიდევ ღვთისადმი ჩვენი სიყვარული შინაგანი გადაწყვეტილებით: გიწამებ შენ, მთელი ძალით შევასრულებ შენს მცნებებს, დავიტანჯები შენდამი რწმენის გამო, უარს ვიტყვი ყველასა და ყველაფერზე - პირად ცხოვრებაზე, ნათესავებზე - მხოლოდ შენ, უფალო, არ უარმყო, ნუ დაუშვებ, რომ დავკარგო რწმენა და სიმტკიცე, ნუ დაუშვებ, რომ გაყვედრო, თუ ჩემს მახლობლებს ან მე შეგვემთხვევა საკმაოდ მძიმე განსაცდელი, მომმადლე, უფალო, რათა მთელი გულით შეგიყვარო. თუ შეინარჩუნებ ასეთ განწყობას, მაშინ შენი ცხოვრების გზის გავლაც გაგიადვილდება, ხოლო თუ მერყევი იქნები, გულში ეჭვებს შეუშვებ, ღვთის მცნებათა დარღვევით თავს დაიბნელებ და სულიერ ძალებს შეასუსტებ, თუ მარად არ მოუხმობ უფალს შეწევნისათვის და, განსაკუთრებით, თუ გაამპარტავნდები და მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების იმედი გექნება, მაშინ დაეცემი უდიდესი დაცემით და ცხოვრებასაც უსაშველოდ დაიმძიმებ. მაგრამ გული მაშინაც არ გაიტეხო, არამედ უფრო მეტად დამდაბლდი და მთელი სასოება უფალზე, მის მოწყალებასა და შეწევნაზე დაამყარე. ასეთია სწორი განწყობა. მაგრამ გამოცდილების, აზრობრივი დაცემისა და აღდგების გარეშე ვერ მიხვალ ჭეშმარიტ სულიერ მდგომარეობამდე. მას ახასიათებს უძლურების ღრმა შეგნება, უძლურებისა - იცხოვრო ისე, როგორც ამას მცნებები მოითხოვს, ისე გიყვარდეს უფალი, როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ. ეს მდგომარეობა ბადებს შემუსვრილობის გრძნობას, გულის მგლოვარებას, გადაუხდელი ვალის შეგნებას (ათი ათასი ტალანტი), ერთი სიტყვით, შემუსვრილსა და დამდაბლებულ გულს, რომელსაც ღმერთი არ შეურაცხყოფს და რომლიდანაც იბადება ის სიყვარული ღვთისადმი, რომლის შესახებაც დასაწყისში მოგახსენებდი. მხოლოდ შენი ნებითა და სურვილით ჯერ კიდევ ვერ მოიპოვებ სიყვარულს, მას მოიპოვებ მცნებათა აღსრულებით, სინანულით, საკუთარ შეცოდებათა გამო გლოვით, ღრმა შემუსვრილობით იმის გამო, რომ ნაცვლად ღვთისადმი სიყვარულისა და მისთვის სამსახურისა, მუდამ ვარღვევთ მის წმინდა ნებას. ამ გლოვითა და შემუსვრილებით იბადება ღვთის შიში, ე.ი. შიში იმისა, რითიმე არ შეურაცხვყოთ უფალი, შემდეგ იბადება ჩვენდამი უფლის სიახლოვის განცდა, რომელიც წმინდა დავითმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „აღუარო ბრალი ჩემი უფალსა...“ შემდეგ თანდათან იბადება მტკიცე გადაწყვეტილება, რომ უმჯობესია, მოკვდე, ვიდრე შეურაცხყო უფალი, ვიდრე მოაკლდე მის სიახლოვეს. განსაცდელის ჟამს ჩნდება სიმტკიცე, არა მარტო უდრტვინველად იტან მას, არამედ მადლიერი ხარ მის გამო, რადგან გულს ექნება განსაცდელით გამოწვეული სიწმინდის განცდა და გარკვეული კმაყოფილებაც, რომ შეგიძლია, ღვთისათვის დაითმინო და ამასთანავე გიყვარდეს იგი. „რაჲ მივაგო უფალსა ყოველისავეთვის, რომელი მომაგო მე?“

მომიტევე... მრავალსიტყვაობა და, შეიძლება, ამ წერილის უდროობაც. მაგრამ შენმა განსაცდელმა მაიძულა მომეწერა. შეიძლება, შენთვის სასარგებლო იყოს და ხელი შეუწყოს შენს დამშვიდებას.

ჩემო მეგობარო, ერთსა გთხოვ, არასდროს განუდგე ღმერთს. რაც არ უნდა დიდად დაეცე, როგორადაც არ უნდა სცოდო და შეურაცხყო უფალი (რისგანაც ღმერთმა დაგიფაროს), არამედ როგორც უძღებმა შვილმა, ითხოვე ღვთისაგან პატიება და კვლავ და კვლავ აიძულე შენი თავი, იცხოვრო მცნებათა მიხედვით. „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“. მცნებათა აღსრულების გზით უფალთან მიმავალი, თუმცა კი ეცემა, ძვირფასო, მაგრამ აღდგომისას წინ მიიწევს, იმყოფება ქრისტეს მხედართა რიცხვში და მისით გვირგვინოსან იქმნება, თუმცა კი ამ ბრძოლაში მრავალ ჭრილობას იღებს თავის ვნებათა გამო, თავისი დაცემული ბუნებისა და ეშმაკების გამო.

უფალმა გაგინათლოს გონება, განამტკიცოს შენი რწმენა და შენი ღვაწლი, დაგიფაროს ყოველგვარი ბოროტებისაგან.

უფალმა გაკურთხოს.

 

წინა

შემდეგი