იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო...!

მივიღე თქვენი წერილი ლუბას ავადმყოფობასთან დაკავშირებით. ის ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდის. თუმცა ყველასათვის, დიდისა თუ პატარისათვის, გარდაუვალია ამქვეყნიდან წასვლა. მხოლოდ, როცა ეს ჩვენს მახლობელ ადამიანს მოელის, მაშინ უნებლიედ, მთელი არსებით, პროტესტს გამოვთქვამთ ამის წინააღმდეგ. თითეული ადამიანის სიღრმეში დევს საკუთარი უკვდავების შეგრძნება. ის, მართლაც, უკვდავია, ხოლო რასაც სიკვდილს ვუწოდებთ, არის ახალი დაბადება სხვა სამყაროში, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა და მრავალთათვის, უეჭველად, უკეთესია, უსაზღვროდ უკეთესი. აი, ამიტომ არ უნდა ვგლოვობდეთ სიკვდილის მოახლოებას, არამედ უნდა გვიხაროდეს. მაგრამ ჩვენ ან ნაკლებად გვჯერა მომავალი ცხოვრებისა, ან გვაშინებს იგი და მიწიერი ცხოვრებაც საკმაოდ ძლიერ გვიზიდავს. სულიერი თვალსაზრისით, სიხარული გვმართებს ლ-ს გამო. უფალი მას მომავალი ცხოვრებისათვის მომზადების საშუალებას აძლევს. მაგრამ შიშიც გვიპყრობს, არ დაიწყოს ყვედრება, არ გამოავლინოს სულმოკლეობა. ნეტავ დამდაბლდებოდეს, მთელი გულით უფალს მიენდობოდეს, გულწრფელად მოინანიებდეს თავის ყველა ცოდვას, რწმენითა და კურთხევით ეზიარებოდეს წმინდა საიდუმლოს. მაშინ მისთვის სიკვდილი იქცევა სიხარულად, ახალ დაბადებად, მასთან (ე.ი. უფალთან) შეერთებად, ვისაც ის მთელი არსებით უყვარს, ელოდება მას, რათა აღავსოს სრული, დაუსრულებელი სიხარულით, რომელიც „თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და გულს არ გარდახდომია“.

გადაეცი ლ-ს ჩემგან უდიდესი თანაგრძნობა და უდიდესი სურვილი იმისა, რომ სძლიოს განსაცდელს და მსუბუქად, სიხარულით გადავიდეს მომავალ ცხოვრებაში, ჩვენს ჭეშმარიტ სამშობლოში, რომელიც სამყაროს შექმნის დღიდან ჩვენთვისაა გამზადებული, სადაც ადამიანი ანგელოზს ემსგავსება, სადაც მისი სახე გაბრწყინდება „ვითარცა მზე“.

გადაეცი აგრეთვე, რომ არასდროს დავივიწყებ მას, იმიტომ რომ მრავალი წლის მანძილზე არ მიცნობდა და მაინც სიყვარულით მეპყრობოდა, არ დავივიწყებ, მიუხედავად იმისა, დიდხანს იცოცხლებს, თუ მალე გარდაიცვლება. გარდაცვალების შემდეგაც ის ჩემთვის ძვირფასი იქნება. ოჰ! რომ შემეძლოს კადნიერება, ვიტყოდი, ჩემი სული ყოველთვის მასთან იქნება, აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც!

...ჩახედეთ ლუბას თვალებში მთელი იმ სიყვარულით, რომელიც მისდამი გაგაჩნიათ, გადაუსვით თმებზე, სახეზე ხელი და ათასჯერ აკოცეთ ხელებზე - ეს ჩემგან იყოს. ჩვენთან არს ღმერთი!

თუ ადამიანს ადამიანის სიყვარული და სიბრალული შეუძლია, მაშინ როგორ ვყვარებივართ ჩვენ უფალს, თუ ამ სიყვარულმა ჩვენი ხსნისათვის ჯვარცმამდე მიიყვანა. ამიტომ ნუ ეშინია ლუბას, ჰქონდეს ღვთის უსაზღვრო სიყვარულის იმედი!

დაე, ლ-მ გაამართლოს თავისი სახელი და იგრძნოს ღვთისადმი სიყვარული. უფალმა ხომ მისთვისაც დაითმინა საშინელი ტანჯვა, შეურაცხყოფა, ჯვარცმა. მაშინ ზეციური სიყვარული მიწიერ სიყვარულს (პიროვნებას, ვის შესახებაც იღუმენი ნიკონი საუბრობს, ჰქვია ლუბოვ, ანუ სიყვარული) თავის ღვიძლ შვილად, თავისი ღვთაებრივი დიდებისა და ნეტარი ცხოვრების თანაზიარად აქცევს. ღვთისადმი ჩვენი სიყვარული წუთისოფელთან განშორებით გამოწვეული ტკივილისა და ავადმყოფობის უდრტვინველი დათმენით უნდა დავამტკიცოთ, რათა ქრისტეს ტანჯვათა თანაზიარნი გავხდეთ. „თუკი მასთან დავიტანჯებით, მაშინ მასთანვე განვიდიდებით“.

კიდევ გავიმეორებ: ლ., ჩემი სული თქვენთანაა, მთელი ძალით გისურვებთ იმას, რაც ზემოთ მოგწერეთ. დაითმინეთ, არ იდრტვინვოთ. თუკი რწმენა შეგიმცირდებათ, თქვით: „უფალო, მინდა მწამდეს, მინდა ვიყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას!“ - და უფალი არ მიგატოვებთ!

 

წინა

შემდეგი