იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

...მშვიდობა და ცხონება!

...დიდი ტანჯვით გარდაგვეცვალა მონაზონი დედა. წინასწარ უნდა ვევედროთ ღმერთს, რათა მოგვმადლოს „ქრისტიანობითი აღსასრული, უჭირველი, ურცხვენელი, მშვიდობითი და კეთილი სიტყვის გება“. უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი აღსასრული, ავადმყოფობა, გასაჭირი, გამოცხადებული ეშმაკები, უამრავი უკეთურობა, ჩვენი სულის ეშმაკეული თვისებები და ეშმაკთა ბატონობა სულის ნაწილზე; იმ კეთილ საქმეთა ნაკლულოვანება, რომლებსაც დავეყრდნობით. ერთადრეთი ნუგეშია ღვთის მოწყალება მათთვის, ვისაც სწამს უფალი და შეგნებული აქვს თავისი უკეთურება.

ლოცვის დროს, ყოველგვარი თავისმართლების გარეშე, განაშიშვლეთ სულის მთელი სისაძაგლე უფლის წინაშე და, როგორც კეთროვანმა, წარმოთქვით: „უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი“ ამ და სხვა ამგვარი მაგალითებით უფალმა მიგვითითა, თუ როგორ განვაწყოთ ჩვენი ცოდვილი სული, ასევე მიგვითითა, რომ მხოლოდ ამგვარი სულიერი განწყობით შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტი ლოცვა ხიბლის გარეშე. ამგვარ ლოცვას ყოველთვის ეფინება ღვთის მადლი და ამართლებს სულიერი კეთრით აღსავსე ცოდვილს (მეზვერე გამოვიდა გამართლებული, კეთროვანი - განწმენდილი).

ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში ორი პერიოდია:

1) საკუთარი უკეთურების, დაცემულობისა და ცოდვილობის აღიარება.

2) სულიერი წყლულების განუწყვეტელი მკურნალობა.

პირველის გარეშე ვერ იარსებებს მეორე. პირველს ადამიანი მიჰყავს ღრმა, გულწრფელ სიმდაბლემდე, მხოლოდ მისი წყალობით შეიძლება განიკურნო ზიანის გარეშე და მიიღო სხვა ღვთაებრივი მადლი.

სიმდაბლის გარეშე ყოველივე საზიანო იქნება და დამღუპველიც კი.

სასულიერო წიგნებითა და გამოცდილებით მოიპოვეთ საცხონებელი გზის სულიერი შემეცნება.

ღმერთმა გაგინათოთ გონება ყოველივე სიკეთისათვის, გაკურთხოთ და დაგიფაროთ ყოველგვარი ბოროტებისგან.

 

წინა

შემდეგი