იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო! 1963 წელი

შევეცდები, გიპასუხოთ თქვენთვის გაურკვეველ საკითხებზე.

1. თქვენი „აზრები და შეგრძნებები“ აშკარად ბოროტისგანაა. მათგან თავის დაღწევის ყველაზე ძლიერი საშუალებაა მოძღვრის წინაშე ყველაფრის აღიარება.

2. მათი აღმოცენებისას განუწყვეტლივ იმეორეთ: „უფალო შემიწყალე“, ანდა - იესოს ლოცვა, უფრო ხშირად მაინც - პირველი, ვიდრე არ გაქრებიან ეს ეშმაკეული შთაგონებანი. გაიხსენეთ სიტყვები: „ყოველი თესლები (ეშმაკები) გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. გარემომადგეს მე, ვითარცა ფუტკარი გოლსა, სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ“. ასე უნდა მოიქცეს ყველა. ჩვენი ძალებით არაფრის გაკეთება ძალგვიძს. ყველაფერში სიმდაბლე გვმართებს.

სრული გულგრილობისა და სულიერი დაბნელებისას აუცილებლად შეასრულე კანონი, მიუხედავად გულგრილობისა, გაფანტულობისა და სხვათა „გაიღე სისხლი და მოიპოვე სული“.

მოძღვრისათვის მონანიე უფრო მახლობელი, საყვარელი და ძვირფასი ხდება, თუ ადგილი აქვს ყოველგვარი ცოდვის გამჟღავნებასა და გულწრფელ აღსარებას. ეს საყოველთაო მოვლენაა. ბოროტი კი მხოლოდ საწინააღდეგო აზრებით გვაფრთხობს.

არავითარ შემთხვევაში არ მიეცეთ სასოწარკვეთილებას და უიმედობას, ეს ყოველგვარ ცოდვაზე მეტი საშინელებაა. ამას მივყავართ სულიერ სიკვდილამდე, ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც კი. „არ არსებობს მიუტევებული ცოდვა, გარდა მოუნანიებელი ცოდვისა“. ამიტომ შენდობა უნდა ვთხოვოთ უფალს, რომელსაც არ სურს ცოდვილის დაღუპვა, ის ხომ წარწყმედილთა საცხონელბად მოვიდა. ამასთანავე ჭეშმარიტებაა უფლის სიტყვები: „უფლის მოყვარულს ყოველივე საცხონებლად წარემართება“. ამრიგად, რატომ უნდა გავიტეხოთ გული, რატომ უნდა ჩავიქნიოთ ხელი? „დაეცი - აღსდექი, კვლად დაეცი - ისევ აღსდექი და ასე - სიკვდილამდე“. ეს წმინდა სისოი დიდის სიტყვებია. დაცემა სიმდებლეს სძენს ადამიანს, სიმდაბლის გარეშე კი შეუძლებელია რაიმე მადლის მიღება. „მდაბალს წყალობს უფალი“. „მოხედე სიმდაბლესა მონისა შენისასა“.

ამპარტავნობა კი უხვადაა თითოეულ ჩვენგანში. მხოლოდ სიტყვით ვერ დავმდაბლდებით. ამიტომაც უშვებს უფალი ჩვენზე ყოველნაირ შერცხვენას, რათა ადამიანებმა უნებლიედ შევიგნოთ ჩვენი არარაობა, ჩვენი უკეთურება. მთელი ჩვენი სილამაზე, სიკეთე უფლისმიერია და უფლისგანაა. „განერიდე მიწიერებას, მიუახლოვდით უფალს“. ის განუგეშებთ აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც.

უფალმა გიხსნათ ყოველგვარი ბოროტებისაგან და მტრის თავდასხმისაგან. ყველაფერი გააკეთე, რაც შეგიძლიათ, ღმერთი კი ყოველივეს იქმს, რაც საჭიროა თქვენი ცხონებისათვის.

 

წინა

შემდეგი