იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო..! მოკითხვა ჩემგან!

როგორ ხარ? ძალიან მინდა, გნახო და გესაუბრო. გავიგე, რომ კვლავაც ბევრს სვამ, რაც შენთვის ძალზე საზიანოა. რა ელის ამ გზით მავალ ადამიანს? ახლავე მოგწერ ამას. თუ ამ სენს არ შეებრძოლები, მაშინ ბოროტი სულების სრული ძალაუფლების ქვეშ მოექცევი. ისინი შენში აღძრავენ რაც შეიძლება ბევრის დალევის სურვილს და ამით ნერვიულ სისტემას მოგიშლიან. შენ გახდები გაღიზიანებული, მრისხანე. უმნიშვენლო კამათი გადაგექცევა ხანგრძლივ, სერიოზულ ჩხუბად. ფული აღარ გეყოფა, სამსახურიდან გამოგაგდებენ, ნივთებს გაყიდი, დამამცირებელი გზით ისესხებ ფულს, შეიძლება, იქურდო კიდეც, მრისხანება ეშმაკეულ ბოროტებად გადაგექცევა, გაგიჩნდება მკვლელობის სურვილი. ეშმაკები, რომლებიც ფარულად მოქმედებენ, ყაჩაღების, ველური მხეცების, გველებისა და სხვათა სახით გამოგეცხაეებიან, შემდეგ კი, შესაძლოა, თავიანთი ყოვლადსაზიზღარი, მახინჯი იერითაც გამოგეცხადონ, გონს მაშინაც თუ ვერ მოხვალ, რომელიმე ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენას გაიძულებენ, მაგალითად, როგორიცაა ხანძრის გაჩენა. ან მკვლელობა, შემდეგ კი სრულ სასოწაკვეთილებამდე მიგიყვანენ და თავის მოკლვას გაიძულებენ. სიკვდილით რომ ადამიანი სრულიად ქრებოდეს, მაშინ, შეიძლება, გაგიხარდეს კიდეც, რომ ტანჯვა დამთავრდება, მაგრამ ასე ხომ არ არის, მცირედი და დროებითი ტანჯვის შემდეგ მემთვრალე თუ თვითმკვლელი საბოლოოდ და საუკუნოდ გადადის ეშმაკების ძალაუფლების ქვეშ, საშინელ ტანჯვაში, რომელსაც არ ექნება დასასრული. როგორც სულიერი ადამიანები, რომლებიც ცოდვებს ებრძვიან და მათ ამარცხებენ, თანდათანობით ჯერ სულიერი სამყაროს შეცნობას იწყებენ, შემდეგ კი ანგელოზებსაც ხედავენ, ასევე ის, ვინც მიეცემა მომაკვდინებელ ვნებებს, განსაკუთრებით კი მემთვრელეობასა და გარყვნილებას, თუ არ მოინანიებს, ეშმაკებს იხილავს და მათ მონად იქცევა. სულიერი ადამიანისა და ეშმაკის მონის გარეგნული სახეც კი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ სად მიყავს ადამიანი ამა თუ იმ გზას. „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“, - ამბობს უფალი.

ძვირფასო, საყვარელო, კეთილო, ჭკვიანო..! გონს მოდი, საით მიდიხარ? თუკი შენ აქ გიმძიმს, სიკვდილის შემდეგ რაღა გელოდება? გაცილებით ძლიერი ვნებები, ვიდრე წუთისოფლისა, ისეთი ცეცხლით დაგწვავენ, რომ ვერანაირად შეძლებ მათ დაცხრომას. დაკარგული ცხოვრებით, ჩადენილი დანაშაულებებით გამოწვეული სინანული, როგორც დაუძინებელი მატლი, ისე დაუწყებს შენს სულს ღრღნას, იმის შეგნება, რომ შენ თავად წაართვი შენს თავს წმინდანთა და ანგელოზთა გარემოცვაში ყოფნის მარადიული ნეტარება, საუკუოდ დაგტანჯავს. თუ არ შეგიძლია, სმას თავი დაანებო, ის მაინც შეიგნე, რომ არასწორად იქცევი, თავს იღუპავ, შენს მახლობლებს ანაწყენებ და ღმერთს შეურაცხყოფ. შეიგნე ეს, დღეში ერთხელ მაინც დაიჩოქე უფლის წინასე და წარმოთქვი: „უფალო, ვიღუპები, შემეწიე, ნუ მიმიყვან სრულ წარწყმედამდე. უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი“. თუ ამას იტყვი ყოველდღე, მთელი გულით, უფალი ყველა ცოდვას შეგინდობს და წარწყმედისაგან გიხსნის. სასუფეველში პირველად ავაზაკი შევიდა. ეს უფალმა ჩვენთვის, ცოდვილთათვის, მოიმოქმედა, რათა წავეხალისებინეთ და ვენუგეშებინეთ. წრფელ მონანიეს მოწყალე უფალი ყველაფერს შეუნდობს. არანაირ ცოდვილს არ მართებს სასოწარკვეთილება. ნუ იტყვი, რომ უკვე დაღუპული ხარ. ეს ეშმაკეული აზრია. „ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა, ერთისათვის ცოდვილისა“ - ამბობს უფალი. ის, ჩვენი მაცხოვარი, დედამიწაზე მოვიდა, რათა მოეძია და ეცხოვნებინა წარწყმედულნი“. ნუ გეშინია ეშმაკებისა. თუ ისინი რაიმე სახით გამოგეცხადებიან, მოუხმე უფალ იესო ქრისტეს სახელს, პირჯვარი გამოისახე და მათაც გარდასახე, ისინი, როგორც კვამლი, ისე გაქრებიან. დანითა და სხვა იარაღით კი არ უნდა დაიცვა თავი. მათ ამის არ ეშინიათ. იბრძოლე უფლის სახელით. „ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდა მათ“. აი, როგორ იცავდნენ თავს ეშმაკებისაგან ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჩვენც ამასვე გვასწავლიან.

მე ყოველთვის გიხსენიებ ლოცვებში. გპირდები, რომ ყოველი ლიტურგიის დროს ამოვკვეთ ნაწილს შენს სახელზე და შევევედრები უფალს, რომ განგინათლოს გონება და გიხსნას განსაცდელისაგან. ოღონდ შენ ცოტა მაინც იბრძოლე, ნუ ჩავარდები ეშმაკების ხელში. კიდევ გიმეორებ, დღეში ერთხელ მაინც შესთხოვე უფალს მუხლმოდრეკით, რომ არ მიგატოვოს წარწყმედისთვის, არამედ გიხსნას საუკნო ტანჯვისაგან. შეიბრალე შენი თავი, შეიბრალე... შენ ხომ ოდესღაც გიყვარდა იგი. იქნებ, ახლაც გიყვარს. ნუთუ არ გებრალება, რომ ტანჯავ? თხოვე მას მიტევება, როცა აწყენინებ, თუ გინდა, რომ უფალმაც მოგიტევოს. თუკი მშვიდობაიანდ არ იქნები შენს მახლობლებთან, მაშინ როგორღა გინდა უფალთან შერიგება? რაც არ უნდა ჩაიდინო, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე. ნათელ წუთებში ევედრე უფალს და ის შეგეწევა, ყველაფერს შეგინდობს. გონს მოდი, შეიბრალე შენი თავი! ჩვენთან ჩამოდი. აქ შეიძლება აღსარების თქმა, ზიარება, ეკლესიაში ივლი, სასულიერო წიგნებს წაიკითხავ...

მე ცოდვილი ადამიანი ვარ, შენ კი მთელი გულით მებრალები. უფალს ხომ ათასჯერ მეტად ებრალება ყოველი ცოდვილი და მხოლოდ მის მოქცევას ელოდება, რათა ყველა ცოდვა და უკეთურობა მიუტევოს და აცხონოს. ლოცვით მიმართე უფალს, შეინანე შენი ცოდვები, ჩამოშორდი ცუდ ადამიანებს და შენს წყეულ სამსახურს, მაშინ უფალიც გიხსნის. უმჯობესია არსად იმუშავო, ოღონდ არ დალიო და თავი არ დაიღუპო...

თუკი სინანულითა და სიმდაბლით არ მიმართავ უფალს, მაშინ ჯერ ამქვეყნად გელოდება დიდი ტანჯვა, სიკვდილის შემდეგ კი - ტირილი, კბილთა ღრჭენა, წყვდიადი, ჯოჯოხეთი, მატლი დაუცხრომელი და ცეცხლი დაუშრეტელი. მარადიული საშინელი, შეუდარებელი და საუკუოდ დაუსრულებელი ტანჯვა.

როგორც არ უნდა გვიმძიმდეს, ყოველგვარ მიწიერს აქვს დასასრული. სიკვდილის შემდეგ კი უსასრულო მარადისობა, მარადისობა - ან ენითუთქმელ ნეტარებაში, ან საშინელ ტანჯვაში. არჩევანი ჩვენს ხელთაა. ღმერთს ყველასათვის საუკნო სიხარული ნებავს, მაგრამ იძულებით არავის გვიზიდავს. არ გინდა უფალთან იყო მარადიულ ნათელსა და ნეტარებაში? - ეშმაკთან წახვალ მარადიულ წყვდიადსა და სატანჯველში.

ყველაფერი, რაც აქ წეირა, უდავო ჭეშმარიტებაა. შეიბრალე და შეიწყალე შენი თავი, ამინ.

 

წინა

შემდეგი