იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო..! 1960 წელი

ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია. ბოროტებას არსი არ გააჩნია. იგი არის ადამიანისა და ანგელოზთა მსოფლიო წესრიგის (ხოლო ადამინსა და ანგელოზებთან მიმართებაში ზნეობრივი თავისუფალი ნების დამახინჯება) თავისუფალი ნების დამახინჯება. რომ არ ყოფილლიყო თავისუფალი ნება, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა უაღრესად ბრძნული და სრულყოფილი ზნეობრივი წესრიგის დამახინჯება. ანგელოზები და ადამიანები ავტომატურად დაექვემდებარებოდნენ ფიზიკური და ზნეობრივი სამყაროს კანონებს და ბოროტებაც არ ექნებოდათ. მაგრამ თავისუფალი ნების გარეშე არც ანგელოზებსა და არც ადამიანებს ღვთის ხატება და მსგავსება არ ექნებოდათ. სრულყოფილი არსება წარმოუდგენელია თავისუფალი ნების გარეშე. სხვათა შორის, ყველა ათეისტური სწავლება იძულებულია, უარყოს ნების თავისუფლება: თეორიულად კი უარყოფენ, პრაქტიკულად კი ფარულად დასაშვებად მიიჩნევენ ნების თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღშფოთებით მოუწევდათ იმის აღიარება, რომ ადამიანი უზარმაზარი უსულო მანქანის უმაქნისი ნაწილია. ეს მანქანა არ ცნობს და არც უნდა, ცნობდეს ადამიანს, უმოწყალოდ ამახინჯებს თუ ანადგურებს მას მაშინ, როცა ამ მანქანის კანონები ამას მოითხოვენ.

გონიერი არსებანი, რომელთაც თავიანთი თავი შეიმეცნეს, როგორც „პიროვნება“, როგორც „მე“, როგორც სინათლის ახალი დამოუკიდებელი წყარო, როგორც ცენტრი, რომლისთვისაც მთელი სამყარო მხოლოდ მისთვის არსებული ობიექტია, შემეცნებისა და მოქმედების ობიექტი. ამასთანავე, შეიძლება, თვით უფალი ღმერთიც კი გარკვეულწილად, მხოლოდ ობიექტი იყოს, ეს პირები (ანგელოზები) დაცემამდე გაცილებით მეტად შეიმეცნებდნენ თავიანთ სიდიადეს, ვიდრე დაცემული ადამიანები. მათ შესახებ იყო ნათქვამი „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“. მათ არ იცოდნენ, რა იყო ბოროტება და არ შეეძლოთ, ბოლომდე შეეფასებინათ ის სიკეთე, რომლითაც სარგებლობდნენ. სურვილმა, გამხდარიყვნენ „ვითარცა ღმერთი მცოდნენი კეთილისა და ბოროტისა“, დაცემამდე მიიყვანა როგორც ანგელოზები, ასევე ადამიანები. აქედან იწყება კაცობრიობის ისტორია. ადამიანის ღვთისადმი მოწიწებით, ღვთისა და ადამიანისადმი სიყვარულით აღზრდა ისე, რომ არ შეილახოს მისი თავისუფალი ნება, მისი ღვთის შვილობის ღირსებამდე ამაღლება არის ურთულესი ამოცანა. ეს ადამიანებისათვის სავსებით შეუძლებელია. ამან თვით ღვთისგანაც კი უდიდესი მსხვერპლი მოითხოვა: განკაცება, ჯვარცმა და აღდგომა თავად უფლისა.

ადამიანი ამპარტავნობით ვერ ცხონდება. ის, ამპარტავნობის მქონე, შეიძლება, სამოთხეშიც განგდებულ იქნას ღვთისაგან, მსგავსად დემონებისა, უკვე საბოლოო დაცემით.

ამიტომ უფალი ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე აძლევს საშუალებას, შეიცნოს, თუ რა არარაობაა ღვთის გარეშე, რომ ის თავისი ვნებებისა და ეშმაკის მონაა. აი, ამიტომ არ იძლევა უფალი სიკვდილამდე ღვარძლის აღმოფხვრის საშუალებას, რომ იფქლი არ დაზიანდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, უარყოფითი თვისებების გარეშე, მხოლოდ დადებითით, აუცილებლად გაამპარტავნდებოდა. თუ ახლა მცირე სათნოებებით ვპოულობთ ამპარტავნობის მიზეზს, მაშინ რაღა იქნებოდა, გაღმერთებული სულის მთელი დიდება ამქვეყნადვე რომ განგვეცხადებოდა? თვით პავლე მოციქულსაც კი, რომ არ განდიდებულიყო, დასჭირდა საძაგლის მიმცემები ანგელოზის - სატნის, უარყოფითი დახმარება, ჩვენზე რაღა უნდა ითქვას!

როგორც უფალი ცდილობს ადამიანის ცხოვნებას, ასევე ეშმაკი წარწყმედას. ეშმაკი ადამიანს მოაჩვენებს, რომ თავის თავზე გაიმარჯვა და ამ გზით შთაუნერგავს თვითკმაყოფილებასა და ამპარტავნობას; ეხმარება ბუნების ძალთა დამორჩილებაში და შთააგონებს აზრს: „ცოდნით (მეცნიერებით) თქვენ დაიმონებთ ბუნებას, იქნებით უკვდავნი და გახდებით ღმერთები, უკვე შეგიძლიათ კიდევაც იამაყოთ თქვენი მიღწევებით...“ ორი მიმართულების წინააღმდეგობა აშკარაა. სავსებით ნათელია, რომ უფალი ზრუნავს ადამიანის ცხონებისათვის, ეშმაკი კი მთელი ძალისხმევით ცდილობს იმის დაღუპვასაც კი, ვინც მთელ ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა პოვოს „ერთადერთი საჭირო“, ე.ი. ღვთის სასუფეველი. თეორიიდან ეს თვით ცხოვრებაში გადადის, ადამიანი განუწყვეტლივ ებრძვის ბოროტებას, ეშმაკს, მის შთაგონებებს, ხან ეცემა, ხან აღდგება. ამ ბრძოლაში ის შეიცნობს თავის უძლურებას, მტრის მზაკვრობას, ღვთის შეწევნასა და მისდამი ღვთის სიყვარულს. იგი გაიგებს სიკეთისა და ბოროტების ფასს და უკვე მთელი თავისი შეგნებით ირჩევს სიკეთეს, ურყევი ხდება სიკეთისა და მისი წყაროს - ღვთის, უპირატესობის აღიარებაში, უარყოფს ბოროტებასა და ეშმაკს.

თუმცა იგი ეცემა, ბოროტებას ჩადის, მაგრამ მაინც შეიგნებს იმას, რომ ეს ბოროტებაა, რომ ეს ცოდვაა, განიკითხავს თავის თავს, ინანიებს, შენდობას სთხოვს უფალს და ყოველივე ამით უფრო მეტად ამტკიცებს ღვთისა და სიკეთის უპირატესობას, თუნდაც უარყოფითი გზით.

ეს საკმაოდ ვრცელი საკითხია. შენ სწორად აღნიშნე, რომ ადამიანი სიმდაბლემდე უნდა მივიდეს, როგორც ამპარტავნობის საპირისპირო თვისებამდე. იგივე აზრი გამოვთქვი მე აქ, ოღონდ სხვაგვარად. იქნებ, შენთვის საინტერესო იყო ამის წაკითხვა, თუ არა, ოდესმე მაინც გამოგადგება. ამის უფრო ლამაზად და უფრო დამაჯერებლად გადმოცემა შეიძლება წმინდა მამათა დამოწმებით. აქ მხოლოდ იმ მოსაზრებათა მონახაზია, რომლებიც ამ ბოლო წლებში „ჩემი“ გახდნენ. მომიტევე...

 

წინა

შემდეგი