იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

1962 წელი

ძვირფასო.., მშვიდობა შენდა, მშვიდობა ყველას!

შენ მწერ ნ.ს-თან მიმდინარე კამათზე კათოლიციზმის მიმდევრებთნ დაკავშირებით. აქ ლოგომახია ვერ დაგვეხმარება. საქმე ეხება არა ლოგოსს, არამედ სულიერ მოღვაწეობას. რას ეძიებდნენ აღმოსავლელი მოღვაწენი და რას - დასავლელნი? რასაც (კატეგოიიულად - რატომ უნდა გამოვიყენოთ უცხოური სიტყვა!) მკაცრად, გადაჭრით, მუქარითა და მტკიცებით კრძალავენ აღმოსავლელი წმინდა მამები, მთელი ძალებითა და საშუალებებით იმისკენ მიილტვიან დასავლელი მოღვაწეები. ყველა აღმოსავლელი წმინდა მამა იმათ გარდა, ვინც ხიბლში იყო, თავის თავს უღირსად მიიჩნევდა იმისათვის, რომ ჰქონოდა ხილვა, ან რაიმე ნიჭი და თუკი თავისი ნების გარეშე ამას მიიღებდნენ, უფალს ევედრებოდნენ, ან წაეღო მათგან ეს ნიჭი, ან გამორჩეულად დაეცვა ისინი, რომ არ ყოფილიყო მათთვის საზიაო, ან საერთოდ, დამღუპველიც კი. ისინი თვლიდნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყველასთვის ღრმა, დაუცხრომელი სინანულია აუცილებელი, იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის აქვს ღვთის გადაუხდელი ვალი. ის ვერასდროს „იშოვის“ იმდენს, რომ ვალი გადაიხადოს. ცხადია, არ არსებობს არვითარი ღირსება, რომელიც ამ ვალს აღემატება. „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, ჰსთქუთ, ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა გუედვა ყოფად, ვჰყავთ“. როგორც სახარება გვიჩვენებს, ყველა თანამდებმა მხოლოდ თანანადების პატიება ითხოვა, გადახდა კი არავის ძალედვა, არც იმას, ვისაც 50 დინარრი ემართა, არც იმას, ვისაც 500, მით უმეტეს, არც მას, ვისაც 10000 ტალანტი ემართა. მაშ, სადღაა ის ღირსება, რომელიც მოციქულება ჰქონდათ, უფალი ამბობს: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“.

აღმოსავლელი წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ ადამიანი დაიწყებს რაიმე ნიჭის ძიებას, მაშინ ეშმაკი, რომელიც მის ამგვარ სურვილს დაინახავს, ძალზე ფრთხილად და მზაკვრულად მოაჩვენებს მას რაღაც-რაღაცეებს, რითაც ადამიანს საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას შეუქმნის, ამით ის სავსებით დაეუფლება მოღვაწეს და წარწყმედს, თუკი დროულდ არ მოეგება გონს. რა იოლია იმათი მოტყუება, ვინც (როგორც ეს დასავლელ მოღვაწეებთან ხდება) სულიერი განწმენდის გარეშე, ძველი ადამიანის მთელი ძალებით ესწრაფვის მაღალ სულიერ მდგომარეობას! ყველა მათგანი ეშმაკის სათამაშო იარაღი ხდება.

სახარებაც და წმინდა მამაებიც საკუთარი გამოცდილებით გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მდაბლანი მიიღებენ ნიჭს, იმიტომ რომ მხოლოდ მათ ძალუძთ ამ ღვთიური მადლის ტარება ისე, რომ საკუთარ თავს არ ავნონ, რამეთუ ისინი თავს უღირსად მიიჩნევენ და, თუ ამგვარ მადლს მიიღებენ, მას დროებითად ჩათვლიან, გაუფრთხილდებიან, რადგან ამის გამო ღვთის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ამიტომ სთხოვდნენ წმინდა მამები ღმერთს, წაეღო მათგან ეს ნიჭები.

მთავარია, რომ გამოცდილებით შეიცნო სიმდაბლის აუცილებლობა და მისი ფასი. მაშინ გასაგები გახდება აღმოსავლელ და არა დასავლელ მამთა სიმართლე. გამოცდილებით უნდა შეიგნოთ წმინდა ეფრემ ასურის მტკიცება, რომ „ცოდვათა გამო მგლოვიარე უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიტყვით მკვდართა აღმდგენელი“. თუკი ადამიანს ეს არ ესმის, მაშინ მისთვის შეუძლებელია დასავლელებთან კამათი. ეს იქნება მხოლოდ სიტყვიერი პაექრობა, სადაც არცერთმა მათგანმა არაფერი ცის, სარგებლობს სხვისი სიტყვებით და მოწინაარმდეგეს თავს ესხმის არა იმ იარაღით და არა ისე, რომლითაც და როგორაც საჭიროა.

უფალი იყოს შენი მფარველი! გელოდებით. მოკითხვა გადაეცი ნ.გ-სა და ყველას, ვისი მოკითხვაც შეიძლება. ამ უკანასკნელი ფრაზის გაგებაც ხომ სხვადასხვგვარად შეიძლება. უფრო რთულ საკითხებზე რაღა უნდა ითქვას...

ისწავლე სიმდაბლე...

 

წინა

შემდეგი