იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

1963 წელი

ძვირფასო..! თუმცა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავ ანგელოზისა და დაბადების დღეს. ბოლო დროს რაღაც კარგად ვერა ვარ და ვერაფრით ვაიძულე ჩემი თავი, კალმისთვის მომეკიდა ხელი.

25 წელი შეგისრულდა. უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ. ახალგაზრდობაში ყველა უშვებს დიდ შეცდომას, მომავლისათვის გადადებს იმას, რაც ახლა უნდა გაეკეთებინა მთელი ძალისხმევით.

დრო კი გადის, ადამიანი ბერდება, შეიძლება, პირობებიც გაუარესდეს, ხშირად გვღალატობს ჯანმრთელობაც და ადამიანი ვეღარ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეებინა, რისკენაც უფალი მოუხმობდა, რაც გონებისა და გულისთვის ნათელი იყო. ერთიღა რჩება: მწუხარება უნაყოფო წარსული ცხოვრების გამო და სინანული.

ჩნდება აზრი: რომ შეიძლებოდეს ცხოვრების ხელახლა დაწყება, ბევრ შეცდომას აღარ გავიმეორებდი ეს სავსებით არასწორია. როგორც ვაშლის თესლი მოიცავს მთელი ვაშლის პოტენციას და არა ვერხვისას, ასევე თითოეულის ინდივდუალობა თავისი არსებით არის რაღაც „უცვალებელი“.

შეიძლება და უნდა შეიცვალოს კიდეც გარეგნული ემპირიული ძველი მხარე ახლებურად, სახერების მცნებათა მიხედვით.

ამიტომ, შეიძლება, ჩამოვაყალიბოთ საერთო წესი: ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი საქმიანობის დროს უნდა იმოქმედო სახარების მიხედვით. მაშინ აღარ იქნება შეცდომები, არ იქნება დაგვიანებული მწუხარება და სინანული. სახარების მცნებათა შესრულებით გაიზრდება ადამიანის პიროვნება, მისი ღვთის ხატება, მისი ნოუმენალური არსება, ის თავს შეიცნობს, როგორც ღვთის ხატებას, თავის თავს დაუპირისპირებს გარეგან სამყაროს და მასზე მაღლა დადგება. ის ღმერთთან დაამყარებს რეალურ, სრულიად შეგნებულ და შეგრძნებულ კავშირს, რომელიც ისე მტკიცე იქნება, რომ მას ვერ შეარყევენ ამ წუთისოფლის ვერანაირი ქარები და ქარტეხილები.

ამ მრავალსიტყვაობიდან შეიძლება ასეთი დასკვნა გავაკეთოთ: დღეიდან ყურადრებით დააკვირდი საკუთარ თავს, შეძლებისდაგვარად არ დაარღვიო სახარების უმნიშვნელო მცნებაც კი: არც სიტყვით, არც ხედვით, არც სმენით, არც შეხებით და სხვა და სხვა.

ვინც მცირეზე იქნება სარწმუნო, ის ბევრის მფლობელი გახდება. და არ გინიკითხო არავინ. ამასთანავე, პატივმოყვარეობას ერიდე, როგორც ყველაზე შხამიან გველს, რომელსაც ძალუძს ყოველივე სულიერის მოკვლა და განადგურება, რაც კი მოგიპოვებია.

აი, ჩემი დარიგება შენი დაბადების 25 წელთან დაკავშირებით, რათა ამით იხელმძრვანელო დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე. როგორი იქნება ის გარეგნულად, ეს ღვთის ნებაა, მაგრამ ყოველთვის საქმითაც, გონებითაც და გულითაც ღმერთთან უნდა იყო. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე მტკიცე - მეცნიერება - დღეს უარყოფს გუშინდელს. ხელოვნება ვაჭრული გახდა, ვნებებს ემსახურება. ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება. მხოლოდ უფალშია სიმტკიცე და მშვიდობა, გონებაც, სიხარულიც, ურყევი კლდე წუთისოფლის ზღვასთან საბრძოლველად.

როგორ მინდა, რომ ეს სიტყვები არა მარტო მოისმინო, არამედ ცხოვრებაშიც განახორციელო! ამით მოიპოვებდი ცხონებას, გათავისუფლდებოდი ადამიანებისა და გარემოებებისაგან, მშვიდად იცხოვრებდი წუთისოფლის ზღვის მღელვარებაში. ამას მთელი გულითა და მთელი ძალით გეუბნები. გირჩევ, დაფიქრდე და იმოქმედო. ეს ხომ თავად უფალ იესო ქრისტეს მცნებაა! მე მხოლოდ შეგახსენებ. თუკი გვწამს ღმერთისა და ძე ღმერთის არსებობა, მაშინ მისი სიტყვებიც უნდა გვწამდეს, როგორც უცილობელი კანონი, რომლის აღსრულება ამქვეყნიურ კეთილდღეობასაც გვანიჭებს და ცხონებასაც. ამინ.

 

წინა

შემდეგი