წმიდა იოანე ოქროპირი

რჩეული ადგილები თხზულებებიდან

სიტყვა მათ მიმართ, რომელნიც ეკლესიაში
მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე მივლენან

დღეს თქვენ ყველა ხარობთ, ხოლო მე ერთი კი მოწყენილი ვარ. რამეთუ, როდესაც ვუმზერ ამ სულიერ ზღვას და ვხედავ ეკლესიის აურაცხელ სიმდიდრეს და შემდეგ ვფიქრობ, რომ დღესასწაულის ჩავლის მერე ეს სიმრავლე ისევ წავა ჩვენგან და გაიფანტება, გულის შემუსვრილებას ვეძლევი და სული მიწუხს, რომ ეკლესიას, რომელმაც ესეოდენი შვილები შვა, მათ მიერ ნუგეშის მიღება ყოველ შეკრებაზე კი არ შეუძლია, არამედ მხოლოდ დღესასწაულებზე. რაოდენი სულიერი მხიარულებაა, როგორი სიხარული, რა დიდება ღვთისა, რაგვარი სარგებლობა სულისა იქნებოდა, თუკი ყოველ შეკრებაზე ტაძარი ასეთი სავსე იქნებოდა! მაშინ, როცა მეზღვაურები და მესაჭენი ყველაფერს აკეთებენ, რათა ზღვა გადაცურონ და ნაპირს მიაღწიონ, ჩვენ გვსურს, განუწყვეტლივ ზღვაზე დავცურავდეთ, ცხოვრებისეულ საქმეთა ტალღებში ვეშვებოდეთ, მივმართავთ რა მოედნებსა და სასამართლოებს, აქ კი მთელი წლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ თუ შემოვდივართ. ან ეგებ არ იცით, რომ ღმერთმა ქალაქებში მოაწყო ეკლესიები, როგორც ზღვაზე ნავთსადგურები, რათა ცხოვრებისეული მშფოთვარების ქარიშხლისაგან აქ თავშეფარებულნი, უდიდესი სიმყუდროვით ვტკბებოდეთ? უეჭველად, აქ არ უნდა გვეშინოდეს არც ტალღების ბობოქრობისა, არც ავაზაკთა თავდასხმისა, არც ბოროტმოქმედთა შემოსევისა, არც გამძვინვარებული ქარებისა, არც ნადირთა სიავისა; რამეთუ ეს ნავთსაყუდარი თავისუფალია ყველაფერ ამისგან: - იგი - სულთა სულიერი ნავთსაყუდარია. და თქვენ თავადაც შეგიძლიათ ნათქვამის ჭეშმარიტება დაადასტუროთ. თუკი რომელიმე თქვენგანი ამჟამად თავის სინდისს მიჰხედავდა, საკუთარ თავში უდიდეს სიმშვიდეს დაინახავდა; არც მრისხანება აღაშფოთებს, არც გულისთქმა აღანთებს, არც შური ღრღნის, არც ამპარტავნება ქედმაღლობს, არც პატივმოყვარეობა ჭამს, არამედ ყველა ეს მხეცი მოთვინიერებულია. ასე და ამგვარად, საღვთო წერილის მოსმენა, როგორც რომელიღაც საღვთო განსწავლებისა, სასმენელის გზით თითოეულის სულში აღწევს და აძინებს ამ უგუნურ ვნებებს. როგორ არ შეგებრალოს ისინი, ვისაც საშუალება აქვთ რა ამგვარი სიბრძნისმოყვარულობის შეძენისა, არცთუ ხშირად აკითხავენ და მოდიან თავიანთ საერთო დედასთან - ეკლესიასთან? ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა საქმიანობა შეგიძლია დამისახელო? რა შეკრებაა უფრო მეტად მნიშვნელოვანი? - და რა გაბრკოლებს აქ მოსასვლელად? შენ, რაღა თქმა უნდა, მეტყვი, რომ ხელმოკლეობაა ამ მშვენიერ შეკრებაზე შენი მოსვლის დამაბრკოლებელი; მაგრამ ეს უსაფუძვლო საბაბია. კვირაში შვიდი დღეა; ეს შვიდი დღე ღმერთმა ისე გადაანაწილა, რომ თავისთვის მეტი არ აიღო და ჩვენ ნაკლები არ მოგვცა, და თანაბრადაც კი არ გაჰყო, - თავისთვის სამი არ მიითვალა და შენ სამი არ მოგცა, არამედ შენ ექვსი დღე განგიჩინა, თავად კი მხოლოდ ერთი დაიტოვა. შენ კი, შენ, ამ ერთ დღესაც არ შეგიძლია ყოფითი საქმეებისაგან თავშეკავება, მაგრამ როგორც სიწმინდეთმკრეხელები იქცევიან, ისევე კადნიერდები ამ დღეს მოექცე, იტაცებ რა და იყენებ მას ყოფითი საზრუნავებისთვის. მაშინ, როცა იგი ნაკურთხია და გამიზნული სულიერ სწავლებათა მოსასმენად. მაგრამ რა ვთქვა მთელ დღეზე? როგორც ქვრივი მოიქცა მოწყალებასთან დაკავშირებით (მარკოზი 12, 42), შენც ისევე მოიქეცი ამ დღის დროსთან მიმართებაში: როგორც მან ორი მწვლილი დადო და ღვთისგან დიდი კურთხევა მოიპოვა, შენც ასევე ორი საათი მიუძღვენი ღმერთს და სახლში აურაცხელ სიკეთეთა შენაძენს შეიტან. ხოლო თუ არ მოისურვებ, რაკი არ გინდა, დღის ამ მონაკვეთში მიწიერი შენაძენისგან თავის შეკავება, წლების განმავლობაში ნაშრომ-ნაჯაფი არ დაკარგო. ღმერთს შეუძლია, (როდესაც მას უგულებელსყოფენ) დაგროვილი სიმდიდრის მოსპობაც, როგორადაც, მაგალითად, იგი იუდეველებს ემუქრებოდა, როცა ტაძრის მიმართ მცონარებას იჩენდნენ: „რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც გავანიავებ, რატომ? - ამბობს საბაოთ უფალი, - იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ“ (ანგია 1, 9). თუკი შენ ჩვენთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოდიხარ, რა აუცილებელი შეიძლება შეგასწავლოთ სულზე, სხეულზე, უკვდავებაზე, ცათა სასუფეველზე, სასჯელზე, გეენიაზე, ღვთის სულგრძელებაზე, მიტევებაზე, ცოდვათაგან გახსნაზე, ზეციურ და მიწიერ ქმნილებებზე, ადამიანის ბუნებაზე, ანგელოსებზე, ეშმაკთა მზაკვრობაზე, ეშმას მანქანებაზე, ყოფა-ქცევაზე, დოგმატებზე, მართალ სარწმუნოებაზე, უკეთურ ერესებზე? ეს და ამაზე მეტი უნდა იცოდეს ქრისტიანმა და შემკითხველს ყველაფერ ამაზე უნდა უპასუხოს. თქვენ ყოველივე ზემოთ დასახელებული და უმნიშვნელოც კი არ იცით, მოდიხართ რა წელიწადში ერთხელ და ისიც გავლითა და დღესასწაულის ჩვეულებით და არა სულის ღვთისმოსავი განწყობით.

 

როგორ შეიძლება სული მოვზღუდოთ მანკიერი სურვილებისაგან

სამყაროს შემქმნელმა, უზენაესმა ღმერთმა იმისთვის მიიღო ჩვენი ხატება, რათა ჩვენთვის ზეციდან ანგელოსური სიწმინდე გარდამოეტანა. ამიტომაც, თუკი ადამიანები ამგვარი პატივის შემდეგ ვნებებს ეძლევიან, შეუძლებელიც კია გამოხატო უგუნურების სიღრმე, რომლითაც ქრისტეს ასონი, სიძვის ასოდ შეიქმნებიან, შეურაცხყოფენ უფლის წყალობას და რამდენიც მათზეა დამოკიდებული, ამაოს ხდიან მას. ეშმაკები უსმენენ და თრთიან, რამდენადაც ღმერთს არ სთნავს, რათა ისინი მასთან იყვნენ თანაზიარებაში; ხოლო ჩვენ კი თანაზიარად გვხდის; ამის შემდეგ მორწმუნეთაგან ზოგიერთები კადნიერდებიან ქრისტეს განეყვნენ და მეძავებს შეეყვნენ! იმდენად დიდი ბოროტება არაა ციდან წუმპეში დაენარცხო, რამდენადაც - გახდები რა ქრისტეს ნაწილი, უარჰყო ეს ღვთიური პატივი და შეიქმნე ნაწილი მეძავისა. მაშ, როდესაც მანკიერი გულისთქმა აანთებს შენს სულს, მაშინვე მოიგონე ქრისტე, წარმოიდგინე, რომ შენს წინაშე პავლე დგას, რომელიც ჰხმობს შენდამო და ამბობს: „ან იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი?“ (1 კორინთელთა 6, 15). თუკი შენ ამ სიტყვებს გაიხსენებ, მაშინვე იხილავ, როგორ გაიქცევა გულისთქმა, რამეთუ, თუკი კდემამოსილი ან მორცხვი ქალბატონი თავშეუკავებელ მოსამსახურეებს ერთი მხოლოდ შეხედვით დაარცხვენს ხოლმე, განა არ უნდა განცვიფრებდეს, რომ ქრისტეს გახსენება მაშინვე ასამარებს ანთებულ გულისთქმას? გამუდმებით თვალწინ გქონდეს სხივმფენი ჯვარი, - და შენ ცოდვათაგან შეუბღალავი დარჩები მაშინ, რამეთუ, როგორც ღრუბლის სვეტი, სახე ჯვრისა ჩვენისა, იფარავდა ებრაელ ხალხს, რათა მას რაიმე არ ვნებოდა ეგვიპტელთაგან (გამოსვლათა 13, 21): ასევე ჯვარიც: ჩვენგან ხილული, მაშინვე განსდევნის ყოველგვარ მანკიერ გულისთქმას. იგი ხსნაა სულისთვის და მკურნალობა არაწმინდა გულისთქმების წინააღმდეგ. ხორციელ ავადმყოფს საექიმო ხელოვნება კურნავს, ხოლო ავადმყოფ სულს მალევე აჯანსაღებს ქრისტესმიერი გამონათქვამები.

 

როდის შეგვფერის ლაპარაკი და როდის - დუმილი

თუკი რამ სასარგებლო გაქვს სათქმელი, მაშინ გახსენი ბაგე; ხოლო თუ არაა რაიმე აუცილებლობა, მაშინ სდუმდე, რადგან ეს უმჯობესია. ხელოსანი ხარ? იგალობე ფსალმუნები მჯდომარემ. მაგრამ შენ არ გსურს იგალობო ბაგეებით? გააკეთე ეს აზრით. ფსალმუნი - უდიდესი თანამოსაუბრეა. მისგან შენ არანაირი ვნება არ გექნება, არამედ სახელოსნოშიაც იჯდები, როგორც მონასტეში, რამეთუ, არა ადგილის მოხერხებულობა, არამედ ზნეობის უმანკოება გვანიჭებს სიმშვიდეს. ასე მაგალითად, პავლე მოციქული იქმოდა რა სახელოსნოში ხელსაქმეს, მის სათნოებას რაიმე ზიანი არ მიჰყენებია.

 

რა უნდა გახსოვდეს, როდესაც საზრდელის მისაღებად ჯდები

როდესაც საზრდელის მისაღებად ჯდები, მოიგონე, რომ ამის შემდეგ უნდა ილოცო და ამიტომ ზომიერად მიიღე საკვები, რათა ნაყროვანებით დამძიმებულს არ გაგიჭირდეს მუხლის მოდრეკა და ღვთისადმი ლოცვა... რამეთუ ის, რომ ჭამას ძილი და განსვენება კი არ უნდა მოჰყვეს, არამედ ლოცვა და წმინდა წერილის კითხვა. ეს ნათლად გვიჩვენა თავად ქრისტემ. დააპურა რა უდაბნოში (გენესარეთის ტბასთან) ურიცხვი ხალხი, მან ისინი დასაძინებლად კი არ გაუშვა, არამედ შესთავაზა საღვთო სიტყვების მოსმენა: რამეთუ არ დაამძიმა რა ზედმეტი საჭმელ-სასმელით, არამედ დააკმაყოფილა რა მათი მოთხოვნილება, მოიყვანა სულიერ საზრდელთან. ჩვენც დავისწავლოთ, იმდენი საზრდელი მივიღოთ, რამდენიც სასიცოცხლოდ გვჭირდება და არა სტომაქის დასამძიმებლად. რადგანაც ჩვენ იმისთვის კი არ გავჩნდით და ვცხოვრობთ, რომ ვჭამოთ და ვსვათ, არამედ იმისთვის ვჭამთ, რომ ვიცხოვროთ. არა სიცოცხლე საჭმლისათვის, არამედ სიცოცხლისათვის საზრდელი გვეძლევა დასაბამიდან.

 

მემთვრალეობისაგან თავშეკავებისათვის

თავი შევიკავოთ მემთვრალეობისაგან, მაგრამ როდი ვამბობ: თავი შევიკავოთ ღვინისაგან, არამედ თავშეკავება გვმართებს მემთვრალეობისაგან. ღვინისაგან არ მომდინარეობს მემთვრალეობა, რამეთუ ღვინო ღვთის ქმნილებაა, ხოლო ღვთის ქმნილება არანაირ ზიანს არ მოგიტანს - არამედ მანკიერი ნებელობა წარმოშობს სიმთვრალეს. და რომ სხვაგვარადაც შეიძლება დათრობა, არა მხოლოდ ღვინით, უსმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებით ღჳნითა, - გამოხატავს რა, რომ შესაძლებელია დათრობა სხვაგვარადაც, - რომლითა არს სიბილწე“ (ეფესელთა 5, 18). გასაკვირად მოკლე სიტყვით გამოხატა მან მემთვრალეობის მთელი გაკიცხვა. რას ნიშნავს: „ნუ დაითვრებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე?“ მემრუშეებს (ბილწთ) ჩვენ იმ ახალგაზრდებს ვუწოდებთ, რომელნიც მიიღებენ რა მამის მემკვიდრეობას, ყველაფერს უცბად, დაუფიქრებლად, ფლანგავენ, ვის რა მისცენ და როდის მისცენ განურჩევლად - ტანსაცმელსაც, ოქროსაც, ვერცხლსაც, მამის მთელ ნაანდერძევს - მეძავებსა და გარყვნილებს ახარჯავენ. ამგვარია სიმთვრალე: ეუფლება რა მემთვრალეთა გონებას, როგორც თითქოსდა გარყვნილ ახალგაზრდას, და ატყვევებს რა მათ ჭკუას, აიძულებს მათ აზრთა მთელი მარაგი წინდაუხედავად და სრულიად დაუფიქრებლად გაანიავონ. მთვრალმა არ უწყის, რა თქვას და რაზე დადუმდეს, არამედ განუწყვეტლივ ღია აქვს პირი; არც კარი და არც ურდული აქვს მის ბაგეებს; მთვრალს არ შეუძლია, თავისი საუბარი კეთილგონიერად წარმართოს, არ იცის აზრთა სიმდიდრე როგორ განკარგოს, არ იცის, რომ ერთი უნდა შემოინახოს, ხოლო მეორე შეაკავოს, არამედ ყველაფერს ფლანგავს და ანთხევს. სიმთვრალე - ესაა ნებაყოფლობითი სიშმაგე, დამხობა აზრების; სიმთვრალე უბედურებაა, ღირსი სიცილისა, ავადმყოფობა, ღირსი დაცინვისა, ნებაყოფლობითი ეშმაკეულობა; იგი შეშლილობაზე უარესია. გინდა იცოდე, როგორაა მთვრალი თვით ეშმაკეულზე უარესიც? ეშმაკეული ყველას გვებრალება, მთვრალისგან კი პირს ვიბრუნებთ; იმას ვუთანაგრძნობთ, ამაზე კი მრისხანება გვერევა და ვდრტვინავთ. რატომ? იმიტომ, რომ იმას ავადმყოფობა უბედურებისაგან აქვს, ამას კი უზრუნველობისგან; მას მტრების ბოროტგანზრახულობისგან, ამას კი უგუნურ აზრთა წყობისგან; მაგრამ მთვრალი იგივეს განიცდის, რასაც ეშმაკეული: ისევე ბარბაცებს, ისეთივე სიშმაგე იპყრობს, იმგვარადვე ეცემა, ისევე ბლუტავს თვალებს, მიწაზე დავარდნილი, იმგვარადვე იკლაკნება და პირიდან დუჟი სდის, ბინძურ ნახველს იხრინწება და პირიდან აუტანელი სიმყრალე ამოსდის. ასეთი ადამიანი მეგობრებისთვის არ არის სასურველი, სასაცილოა მტრებისთვის, საძულველი მსახურებისთვის, აუტანელი ცოლისთვის, - მიუღებელია ყველასთვის, საძულველი, თვით პირუტყვზე მეტად. პირუტყვი მანამ სვამს, ვიდრე წყურვილს მოიკლავდეს, ან იფარგლება აუცილებელი მოთხოვნილებით; ეს კი თავისი თავშეუკავებლობის წადილს მოთხოვნილებას ამატებს და პირუტყვზე უგუნური ხდება... მთვრალი მკვდარზე უფრო საცოდავია. ის უგრძნობლად დევს და არ სჩადის არც სიკეთეს და არც ბოროტებას; ამას კი ძალუძს ბოროტების ჩადენა და, გამოკეტილი ჰყავს რა სული სხეულში, როგორც კუბოში, დააქვს მკვდარივით გადაფითრებული სხეული. ხედავ განა, რამდენად უფრო საცოდავია იგი ეშმაკეულთან შედარებით, რამდენად უგრძნობელი მკვდართან შედარებით? თუ გსურს, ყველაფერ ამაზე უფრო მნიშვნელოვან და შემაძრწუნებელ რასმე გეტყვი: მემთვრალე არასოდეს შევა ცათა სასუფეველში. ამას ვინ ამბობს? ნეტარი პავლე: „არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორინთელთა 6, 10). ლოთზე უფრო საცოდავი ვინ შეიძლება იყოს, როდესაც უმნიშვნელო სიამოვნებისთვის ასეთი სასუფევლით დატკბობის საშუალებას კარგავს? უკეთ რომ ვთქვათ, სიამოვნების მიღებაც კი არ ძალუძს მემთვრალეს: რამეთუ სიამოვნება ზომიერებაშია, ხოლო უზომოებაში - უგრძნობელობა, ვინც ვერ გრძნობს, თუ სად ზის ან წევს, ის როგორ იგრძნობს სიამოვნებას სასმელისგან? ვისაც მზის დანახვაც კი არ ძალუძს სიმთვრალის ხშირი ღრუბლის გამო, ის როგორ დატკბება სიხარულით?

 

ღვთის სახელის კეთილმოკრძალებულ ხმარებაზე

რაოდენ გასაკვირიც არაა, მსახური ვერ ბედავს, თავისი პატრონის სახელი საჭიროების გარეშე და როგორც მოუხდება მოიხსენოს, ჩვენ კი - ანგელოსთა მეუფის სახელს საჭიროების გარეშე და უდიდესი დაუდევრობით წარმოვთქვამთ? როდესაც სახარების ხელში აღებას ფიქრობ, შენ ხელებს იბან და მას დიდი პატივისცემითა და მოწიწებით, თრთოლვითა და შიშით იღებ; ხოლო სახელი კი სახარების მეუფისა საჭიროების გარეშე ყოველთვის ენის წვერზე გაქვს? გსურს შეიტყო, ზეციური ძალები მის სახელს როგორი თრთოლვით, რა ძრწოლით, რაოდენი განკვირვებით წარმოსთქვამენ? „ვიხილე უფალი, - ამბობს ესაია, - მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! ხედავ, როგორი შიშით, როგორი თრთოლვით წარმოსთქვამენ ისინი მის სახელს, როდესაც ადიდებენ და უგალობენ მას? ხოლო ჩვენ კი ლოცვა-ვედრების ჟამს მის სახელს უდიდესი დაუდევრობით წარმოვთქვამთ, მაშინ, როცა შეგვფეროდა თრთოლვას მივცემოდით, ფრთხილნი და ყურადღებიანნი ვყოფილიყავით! დაფიცებისას კი, როცა სავსებითაც არ ეგების ამ საკვირველი სახელის ხსენება, ერთ ფიცილს მეორე ცვლის! და რა მიტევებას მივიღებთ, რა გამართლება გვექნება, თუმც ათასჯერ გადავაბრალოთ ეს ჩვეულებას?.. დაფიცება როდი ანიჭებს ადამიანს რწმენას, არამედ მოწმობა ცხოვრებისა, უბიწო ქცევა და მისი კარგი სახელი.

 

უზრუნველობას არ უნდა ვეძლეოდეთ მცირე შეცოდებისას

როდესაც შენში პატარა ვნება გაჩნდება, ნუ იფიქრებ, რომ იგი პატარაა, არამედ წარმოიდგინე, რომ საზრდოობის შემთხვევაში, მას უდიდესი უბედურების მოტანა შეუძლია. როდესაც სახლში სელის აალებულ პატარა ნაგლეჯს დავინახავთ, ავფორიაქდებით ხოლმე და ხმაურს ვტეხთ, იმას კი არ ვუყურებთ, რომ ცეცხლი პატარაა, არამედ იმას, თუ რა შეიძლება ამან მოიტანოს. ვღელავთ და მიმოვრბივართ, რათა ცეცხლი ჩავაქროთ, მაგრამ ცეცხლზე უფრო ძლიერ სულში მანკიერება ვრცელდება. ამიტომაც საჭიროა გავფრთხილდეთ. რამეთუ, თუკი უზრუნველობას მივეცემით, მოგვიანებით ძნელი იქნება მისი გამოსწორება. იგივეს შეიძლება დავაკვირდეთ გემზედაც: მეზღვაურები მაშინ კი არ იწყებენ მღელვარებას, როცა ზღვა უკვე მეტისმეტად აღელდება, არამედ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი მზადაა აღელდეს. მაშ უზრუნველობას ნუ გამოიჩენთ მცირედი შეცოდების ჟამს, არამედ დიდი ძალისხმევით აღმოვფხვრათ ისინი, რათა გადავურჩეთ დიდ-დიდთ და მივემთხვივნეთ მომავალში სიკეთეს, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლის ჩვენისა იესუ ქრისტესისა, რომლისა თანა მამასა, სულიწმიდითურთ ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სიმდიდრის მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლოა სიღარიბე ეწვიოს

სიმაძღრისას, - ნათქვამია წმიდა წერილში, - შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი - სიღატაკე და გაჭირვება (სიბრძნე ზირაქისა 18, 25). თუკი ამგვარი განწყობა გექნება, სიმდიდრესაც უდიდესი კეთილგონიერებით განაგებ და თავსდატეხილ სიღარიბესაც დიდი სიმამაცით გადაიტან. რამეთუ მოულოდნელად მოსული ბოროტება გვაფორიაქებს და აღგვაშფოთებს; ხოლო მოსალოდნელი, მეტისმეტად არ გვამღვრევს. ამრიგად, შენ ორ სიკეთეს მიემთხვევი: იმას, რომ არ დაგათრობს და გონებას არ წაგართმევს კეთილდღეობა და - იმასაც, რომ ვითარების შეცვლა დიდ შფოთსა და განგაშს არ მოგიტანს, - განსაკუთრებით კი, თუკი საპირისპიროს მოლოდინი გექნება, რადგანაც მოლოდინი გამოცდილებას ენაცვლება. მაგალითად, შენ მდიდარი ხარ? ყოველდღე ელოდე სიღარიბეს. რატომ და რისთვის? იმისთვის, რომ ეს მოლოდინი შენთვის განსაკუთრებულად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს: ვინც სიღატაკეს ელის, ის სიმდიდრეშიაც არ მზვაობრობს, არ ეძლევა ფუფუნებასა და გაბნეულობას, სხვისას არ ეძიებს; რამეთუ მოლოდინის შიში, როგორც რომელიღაც მასწავლებელი, ჭკუას გარიგებს, აკავებს გულისთქმებს და ცუდ გამონაზარდებს არ აძლევს საშუალებას, განვითარდეს. ვერცხლისმოყვარეობისაგან, საწინააღმდეგოს შიშით, როგორც თითქოსდა ნამგლისგან, მოჰკვეთს და აჩერებს ზრდას. მაშ, ამ ერთ დიდ სიკეთეს მიიღებ შენ; მეორე კი, ამაზე არანაკლები, იმაში მდგომარეობს, რომ შენ იმის შიში არ გექნება, თუ როდის დადგება სიღატაკე და გაჭირვება. დე, მოლოდინი უსწრებდეს წინ მწუხარებას, რათა არ დადგეს მწუხარებით გამოცდის ჟამი. გამოცდა სწორედაც იმის გამო მოდის, რომ არა გვაქვს მოლოდინი. რამეთუ ეს უკანასკნელი თუ გამოასწორებდა ადამიანს, პირველის აუცილებლობა არ იქნებოდა. თუკი შენს სულს საწინააღმდეგოს მოლოდინს მიაჩვევ, მაშინ საწინააღმდეგო ნაკლებად შეგემთხვევა და რომ შეგემთხვეს, დიდად არ შეგეხება.

 

უნდა პატივსცემდეთ მღვდლებს

ყველა ზომა გამოვიყენოთ საიმისოდ, რათა თავსა შორის თვისსა გვაქვნდეს სული წმიდა, და ყოველგვარი პატივისცემით ვექცეოდეთ იმათ, ვისაც მინდობილი აქვთ ხელმწიფება მადლიანი ნიჭებით მოქმედებდნენ. უეჭველად, დიდებულია მღვდლების ღირსება!.. „რომელთაცა, - ნათქვამია, - მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნეს“. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქვენთა და ერჩდით მათ“ (ებრაელთა 13, 17), და: „და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით“ (1 თესალონიკელთა მიმართ 5, 13). მართლაცდა, შენ ზრუნავ მხოლოდ შენს საქმეებზე და თუ კარგად წარმართავ, სხვის ნაცვლად პასუხს არ აგებ. მღვდელი კი, კარგადაც რომ წარმართოს თავისი საკუთარი ცხოვრება, თუკი შენი და სხვისი ცხოვრებისათვის არ იზრუნებს საჭირო გულსმოდგინებით, მათთვის, ვინც მის მზრუნველობას არიან მიბარებულნი, მანკიერ ადამიანებთან ერთად წარვალს გეენიაში, და ხშირად უდანაშაულო თავისი საქმეების მიხედვით, იგი იღუპება თქვენი უსჯულოებისთვის, თუკიღა შესატყვისი სახით არ აღასრულებს ყოველივეს, რაც კი მას ეხება. მაშასადამე, უწყით რა, რაოდენ დიდი საფრთხე ემუქრებათ მღვდლებს, გამოიჩინეთ მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა. ამაზევე მიუთითა პავლემაც, თქვა რა: „იგინი იღჳიძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ“ (ებრაელთა მიმართ 13, 17). ამიტომაც გვმართებს მათ მიმართ დიდი პატივისცემის გამოჩენა. და თუ თქვენც სხვებთან ერთად დაიწყებთ მათ შეურაცხყოფას, მაშინ თქვენი საქმეებიც არ იქნება კეთილწარმატებული. ვიდრე მესაჭე კეთილსულოვნადაა, მანამ თანამგზავრებიც უსაფრთხოდ არიან; მაგრამ როგორც კი თანამგზავრები მის შეურაცხყოფასა და მტრულ მოქმედებას იწყებენ, იგი წუხილს ეძლევა და აღარ შეუძლია ძველებურად იფხიზლოს, ან ჩვეულებისამებრ ხელოვნებით მართოს ხომალდი, და თავისდაუნებურად, თანამგზავრებს აურაცხელ უბედურებას შეამთხვევს. ასეა მღვდლებთანაც: თუკი ისინი თქვენგან ღირსშესატყვისი პატივისცემით ისარგებლებენ, თქვენს საქმეებსაც კეთილად წარმართავენ, ისე, როგორც საჭიროა; ხოლო თუ თქვენ მათ დაამწუხრებთ, ძალა წაერთმევათ და იმას გააკეთებთ, რომ მათაც ადვილად გაიტაცებენ თქვენთან ერთად ტალღები, თუნდაც ისინი ფრიად მამაცნიც იყვნენ... დაფიქრდი იმაზე, რაც ქრისტემ იუდეველებზე თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი: ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან“ (მათე 23, 2-3). ახლა კი არ შეიძლება ითქვას, რომ მღვდელნი მოსეს სავარძელზე დასხდნენ; არა, ისინი ქრისტეს სავარძელზე სხედან, რადგანაც ქრისტეს სწავლება მიიღეს. ამიტომაც ამბობს პავლე: „ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ“ (2 კორინთელთა მიმართ 5, 20). ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ ემორჩილებიან ყველანი საერო ხელისუფლებას? მიუხედავად იმისა, რომ მათგან მრავალნი ხელისუფლათ აღემატებიან გვარითაც და ცხოვრებითაც და სიბრძნითაც; მიუხედავად ამისა, მისდამი პატივისცემის გამო, ვინც ისინი დაადგინა, ისინი არაფერ ამაზე არ ფიქრობენ, არამედ პატივს მიაგებენ მეფის დადგენილებას, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ვინც მთავრობა მიიღო მათზე. აი, ამგვარი შიში გვაქვს ჩვენ, როდესაც მთავარს ადამიანი გვიდგენს! მაგრამ, როცა ღმერთი ასხამს ხელს, ჩვენ მოძულებულიც გვყავს ხელდასხმული, შეურაცხყოფასაც ვაყენებთ, ვავიწროებთ ათასგვარად, და მაშინ, როდესაც საკუთარი ძმების განკითხვა აკრძალული გვაქვს, მღვდლებზე ვილესავთ ენას! და რა გამართლებას ვიპოვით, როდესაც საკუთარ თვალში მორს ვერ ვხედავთ, ხოლო სხვებს კი ბოროტ მონდომების ბეწვსაც კი ვამჩნევთ? ნუთუ არ იცი, რომ როდესაც ამგვარად სხვებს განიკითხავ, შენთვისაც უმძიმეს განკითხვას იმზადებ? ამას იმისთვის როდი ვამბობ, რომ თითქოსდა მე ვიწონებდე მსახურების უღირსად აღმასრულებელ სამღვდელოებას. არა, - მე უკიდურესად ვნანობ მათ გამო, და მიუხედავად ამისა, იმავე დროს ვამტკიცებ, რომ მისდამი დამორჩილებულთ და, მით უფრო, უბრალო ადამიანებს არა აქვთ განკითხვის უფლება. ვთქვათ, მღვდლის ცხოვრება ყველაზე უფრო მანკიერია: თუ შენ ყურადღებიანი ხარ საკუთარი ცხოვრების მიმართ, არანაირ ვნებას არ ნახავ იმისგან, რაც მას ღვთისგან აქვს მინდობილი. თუკი უფალმა ვირი აიძულა ალაპარაკებულიყო და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა; თუკი, ამ გზით, სახედარის უტყვი ბაგითა და ბალაამის უწმინდური ენით იგი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა: მით უფრო, თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, იგი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, და გარდამოგივლენთ სულიწმიდას, - თუნდაც უკიდურესად მანკიერნიც რომ იყვნენ სამღვდელონი. წმინდა მღვდელიც ხომ საკუთარი სიწმინდით არ მოიზიდავს სულიწმიდას, არამედ ყოველივეს მადლი აღასრულებს. „ყოველივე თქუენი არს, - ამბობს მოციქული, - გინათუ პავლე, გინათუ აპოლო, გინათუ კეფა“ (1 კორინთელთა მიმართ 3, 22), ყველაფერი, რაც კი მინდობილი აქვს მღვდელს, ერთი მხოლოდ ღვთის ნიჭია და ადამიანური სიბრძნისმეტყველება რამდენსაც უნდა აზვიადებდეს, იგი ყოველთვის იმ მადლზე დაბლა იქნება. ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რათა ჩვენი ცხოვრება უზრუნველად წარვმართოთ, არამედ იმად, რათა ჩვენ, მორჩილებაში მყოფთა, ვხედავთ რა რომელიმე წინამძღვრის მცონარებას, ამის მომიზეზებით საკუთარი თავისთვის ბოროტება არ გავიმრავლოთ. მაგრამ რას ვამბობ მღვდლებზე? არცა ანგელოსთა, არცა მთავარანგელოსთა არ ძალუძთ რაიმე ზეგავლენის მოხდენა მასზე, რაც ღვთით გვებოძება; აქ ყოველივეს განაწყობს მამაჲ და ძეჲ და სულიწმიდაჲ, ხოლო მღვდელი მხოლოდ ენით ითხოვს და თავის ხელს განართხამს. ესეც არ იყოს, უსამართლობა იქნებოდა, რომ სხვა პირის მანკიერების გამო, ზიანი იმათ მისდგომოდათ, ვინც რწმენით ეკიდებიან ჩვენი ცხონების სიმბოლოებს. მაშ, ვიცით რა ეს ყოველივე, ღვთის შიშიც ვიქონიოთ და მღვდლებსაც პატივი მივაგოთ, ყოველნაირად ვცეთ პატივი, რათა როგორც ჩვენი კეთილი საქმეების გამო, ასევე მათი პატივისცემისთვის, ღვთისაგან უდიდესი ჯილდო მივიღოთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესაგან, რომლისა თანა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.