მამა პაისი მთაწმინდელი

ადამიანების შინაგან უწესრიგობასა და მათ გარეგნულ შესახედაობაზე

საბრალო ერის ადამიანები საკუთარი შინაგანი
მდგომარეობის მიხედვით იცვამენ

- წმიდაო მამაო, მისურვეთ რაიმე.

- გისურვებ, რომ წმ. სალოსის ისიდორას მსგავსად [1] „სულიერად შეიმოსო“, რომ შენ „კეთილ თვალღებას“ მიაღწიო. შეხედე - საბრალო ერის ადამიანები საკუთარ ერულ თვალთმაქცობას აჩვენებენ და შინაგანი მდგომარეობის შესაბამისად იმოსებიან. ძველ დროში სამასკარადოდ წელიწადში ერთხელ ირთვებოდნენ - ყველიერის კვირაში, დღეს კი ადამიანების უმრავლესობა ამას ყოველდღიურად აკეთებს. ანუ წარსულში მასკარადს წელიწადში შვიდ დღეს ნახულობდი (ყველიერის კვირაში), ახლა კი - მთელი წლის მანძილზე - ყოველდღიურად. თითოეული ადამიანი ისე იცვამს, როგორც მოეპრიანება! ადამიანები მეტად ახირებულები გახდნენ. ისინი ჭკუიდან შეიშალნენ! ძალიან ცოტაა მოკრძალებული და თავშეკავებული - კაცი იქნება, ქალი თუ ბავშვი. განსაკუთრებით - ქალები, ისინი უკვე საზღვარს გადადიან. დღეს ქალაქისკენ რომ მოვდიოდი, გზად შევხვდი ერთ არსებას. ფართე ბაფთითა თუ ბინტით ერთიანად შემოგრაგნული, უაზრო ჩექმებითა და მოკლე ქვედაკაბით. ასეა მოდაშიო - ამიხსნეს. სხვა ქალები ძალიან მაღალი და წვრილი ქუსლებით დაბაკუნობენ. აქეთ-იქით არათანაბრად მიაბიჯებენ, თითქოს ქირურგი-ორთოპედი ჭირდებოდეთ. ვარცხნილობებზე ხომ საერთოდ, ჯობია, არაფერი თქვა. ვნახე, ერთი ასეთი „ლამაზმანიც“. ღმერთმა მაპატიოს - ეს რა ადამიანი იყო! სახე ველურს უგავდა, კბილებში სიგარეტი და - აბოლებს, თვალები ჩაწითლებული!.. ამბობენ, რომ საზოგადოებაში გადაწყვიტეს, რომ სახლში - ბავშვებთან არ მოსწიონ. საცოდავი ბავშვები! უკვე გამოყვანილი თევზებივით შებოლილები იბადებიან. ყავასაც არ მოაქვს სიკეთე. ღვთის მადლი აღარსადაა, მან დატოვა ადამიანები.

მახსოვს, სინაზე რომ ვიყავი, იმგვარად ჩაცმული ადამიანები მოდიოდნენ, რომ სიტყვას ვერ იპოვიდი - გადმოსაცემად. როგორ მტკიოდა გული იქ მოსული ტურისტების გამო! რა უსახურნი იყვნენ ისინი! ეს იგივეა, სანაგვეზე გადაგდებული, მშვენიერი, ბიზანტიური ხატი რომ ნახო, იმ განსხვავებით, რომ აქ ადამიანები - ღვთის ხატები - საკუთარ თავს თვითონ აგდებენ ნაგავზე. ერთხელ ერთი ქალი ვნახე, რომელსაც ფილონის [2] მსგავსი სამოსი ეცვა და ვთქვი: - „მადლობა ღმერთს, ერთს მაინც ჩაუცვამს წესიერად, იყოს ფილონში ჩაცმული, სამაგიეროდ სხვებისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია“. მაგრამ აი, „ფილონიანი ქალი“ ჩემსკენ სახით მობრუნდა... და რას ვხედავ! წინ მთლიანად ღია ჰქონდა! აი, სადამდე მივიდნენ ადამიანები. ერთი პატარძლის სურათი გამომიგზავნეს და მთხოვეს, მისი ბედნიერი ქორწინებისთვის მელოცა. მისი საქორწინო კაბა არანაირი წესიერების ჩარჩოებში არ თავსდებოდა. ასე რომ ხარ ჩაცმული, ე.ი. უპატივცემულობას გამოხატავ საიდუმლოს მიმართ, თვით ეკლესიის სიწმიდის მიმართ. სულიერი ადამიანები არ ფიქრობენ ამაზე და დანარჩენებზე რაღა უნდა ვთქვათ?! და ამიტომ ვამბობთ, თუ მონასტრები არ გახდა დამამუხრუჭებელი ძალა, მაშინ არანაირი სხვა მუხრუჭი არ უშველის, დღეს ადამიანები აულაგმავები არიან, მათ მუხრუჭი არა აქვთ.

ადრე, როდესაც ქრისტესთვის სულელები ცხოვრობდნენ, ქვეყანაზე ცოტა შეშლილი მოიძებნებოდა. ამიტომ ალბათ ქრისტესთვის სულელებს უნდა მივმართოთ, რომ განკურნონ ბუნებით სულელები და კვლავ ქრისტესთვის სულელთა სამყაროში აღმოვჩნდეთ. და რა არის სათქმელი: დღეს ყველაზე უაზრო და წარმოუდგენელ რამეს ხედავ და ისმენ. ერთი კაცი მიყვებოდა, რომ დღევანდელი მოდის მიმდევარი - უქნარები იღებენ საკუთარ ტანსაცმელს, ადგილ-ადგილ ხეხავენ და ძენძავენ, შემდეგ ჭრიან და მსხვილი ნემსით აკერებენ საკერებლებს. ეს რომ მოვისმინე, პირჯვარიც კი გადავიწერე. კარგი, შეიძლება, მშრომელი ადამიანი იყოს ასე ჩაცმული, მაგრამ - უქნარა? ამ კაცმა კიდევ მომიყვა რაღაც:

„წმიდაო მამაო, უარესსაც გეტყვი, - მეუბნება იგი. - თანხმობის მოედანზე [3] ჩემი ცოლი ჩვენი ახლობელი ოჯახის შვილს შეხვდა. ხედავს, რომ ამ ყმაწვილს, იმ ადგილას, სადაც ფეხები ეწყება, შარვალი აქვს გახეული. „შვილო, ხელი მაინც მიიფარე უკან“ - ეუბნება ჩემი ცოლი. „თავი დამანებე, ახლა ასეთი მოდაა!“ - პასუხობს ეს ახალგაზრდა უსაქმური. საბრალო ბავშვები!..“

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი წმიდანების გამოსახულებიან ბლუზსა და ხალათს ატარებს. შეიძლება?

- თუ წმიდანები კურტაკებსა და ბლუზებზეა გამოსახული, კიდევ არაუშავს, საშინელება არ არის. სჯობს, წმიდანების გამოსახულება ატარონ, ვიდრე - ეშმაკის სურათები; მაგრამ შარვალზე - წმიდანის გამოსახულება - არ შეიძლება. ეს ღვთისმოსაობას არ ჰგავს. არსებობენ ღვთისმოსავი ადამიანები, რომელთაც სურთ, სამოსი ქრისტიანული გამოსახულებებით შეიმკონ. მაგალითად, როდესაც პატრიარქი დიმიტრი ამერიკაში იყო, იქ გამოუშვეს ბლუზები და მაისურები პატრიარქისა და კონსტანტინეპოლის წმ. სოფიას ტაძრის გამოსახულებით.

- ეს მათ ღვთისმოსაობის კარნახით გააკეთეს?

- ეს ებრაელებმა კი არ გააკეთეს, არამედ - ქრისტიანებმა. ხომ არსებობენ კარგის გამკეთებელი ადამიანები, ისევე, როგორც შარლატანების გვერდით არსებობენ კარგი ექიმები.

- წმიდაო მამაო, უწესო ჩაცმა საზღვარგარეთის გავლენის შედეგია?

- აბა, კიდევ რისი?! ამიტომ იყო, რომ ჩემს ახალგაზრდობაში ამბობდნენ: ესენი „სმირნელები არიანო“. სმირნა ზღვისპირა ქალაქი იყო და იქ ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა. წმ. არსენი ძალიან მკაცრი იყო ტანსაცმელთან მიმართებაში. ერთი გოგონა გათხოვდა და სმირნიდან ჩამოტანილ ჭრელ ხილაბანდს ატარებდა. წმ. არსენიმ არაერთგზის მისცა შენიშვნა და ეუბნებოდა, რომ გადაეგდო ეს ხილაბანდი და მოკრძალებულად ჩაეცვა, როგორც ეს ფარსელს შეეფერებოდა, მაგრამ ახალგაზრდა კოპწია მას არ უსმენდა. ერთხელ წმ. არსენიმ ის ისევ ჭრელ ხილაბანდში დაინახა და მკაცრად უთხრა: „დასავლეთის სენი ფარასაში არ მჭირდება. იცოდე, თუ გონს არ მოეგები, შენგან შობილი შვილები ნათლობისთანავე მოკვდებიან. ისინი ღმერთთან ანგელოზებად მივლენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანით შენ ვერ გაიხარებ“. მაგრამ იგი არც ამის შემდეგ მოეგო გონს და მას ორი ჩვილი მოუკვდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, გადააგდო ის ჭრელი ხილაბანდი, მივიდა წმ. არსენისთან და შენდობა სთხოვა.

- წმიდაო მამაო, ეხმარება მუქი ტანსაცმელი სულიერ ცხოვრებაში მონაზვნობის მსურველთ?

- დიახ, მუქი ფერის სამოსი ძალიან ეხმარება. ის შველის სოფლიდან განრიდებაში, ხოლო ფერადი ტანსაცმელი ადამიანს ერს მიაჯაჭვავს ხოლმე. თუ იგი, ვისაც ბერობა სურს, იტყვის: „აი, როცა მონასტერში წავალ, შავს მაშინ ჩავიცვამ და მონაზვნურ წესებს მაშინ შევასრულებ“, - ის იქ - მონასტერშიც თავის შავბნელ ცხოვრებას განაგრძობს. თუ ერში ყოფნისთანავე ადამიანი სიხარულით აკეთებს იმას, რასაც ბერები აკეთებენ და მოუთმენლად ელის ამას. იგი ერშიც ხარობს სულით და მონაზვნურ ცხოვრებაშიც წინ მიიწევს. - ორ და სამ საფეხურს ერთად ადის.

- წმიდაო მამაო, ხშირად მოკრძალებულად ჩაცმული და ეკლესიაში მოსიარულე ბავშვები უფროსებისაგან მკაცრ შენიშვნებს იღებენ.

- როდესაც ისინი ამგვარად სარწმუნოებისა და გულის კარნახით იქცევიან, იმასაც შეძლებენ, რომ მშობლებს თავისი ადგილი მიუჩინონ. ვიცნობდი ერთ გოგონას, რომელიც შავ, გრძელსახელოებიან კაბას ატარებდა. რა ღვისმოსაობას ფლობდა იგი! ერთხელ ერთი ძალიან „მოდასაყოლილი“ ბებრუხანა ეუბნება მას: - „არ გრცხვენია, რომ ახალგაზრდა გოგონა შავებში და გრძელსახელოიან კაბაში დადიხარ?“ „- რადგან, თქვენ, ხანშიშესულები არ გვაძლევთ ასეთ მაგალითს, მაშინ ჩვენ, ახალგაზრდებმა, მაინც უნდა ჩავიცვათ შავები“. - უპასუხა გოგონამ და ასე მიუჩინა ამ მოხუც მოდასაყოლილს თავისი ადგილი.

ხედავ, რა ხდება: ქალი მარხავს ქმარს და მაშინვე ფერადებს იცვამს. რაღა გვეთქმის? ჩემს დას, რომელსაც ოცდასამი წლისას გარდაეცვალა მეუღლე, სიკვდილამდე შავი არ გაუხდია. ჩემთვის ნეტარნი ეს თვალშისაცემად შემოსილი საბრალონი კი არ არიან, ცოდვილ „თვალშისაცემ“ ცხოვრებას რომ ატარებენ, არამედ ის ქვრივები, სიკვდილამდე შავით მოსილნი რომ დადიან, თეთრი, სპეტაკი ცხოვრებით ცხოვრობენ და უდრტვინველად ადიდებენ ღმერთს.

 

დღეს ქალსა და კაცს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ

ერთხელ ყოვლადბრძენ სოლომონს ზუსტად ერთნაირად ჩაცმული ბიჭები და გოგონები მიუყვანეს, რომ ერთმანეთისგან გაერჩია ისინი. სოლომონმა ისინი წყაროზე მიიყვანა და უბრძანა, პირი დაებანათ. იმის მიხედვით, თუ როგორ იბანდნენ ისინი, სოლომონმა გაარჩია ბიჭები და გოგონები. გოგონები ნაზად იბანდნენ თვალებს, ბიჭები კი თამამად ისხამდნენ წყალს და ლოყებზე ხელებს იტყაპუნებდნენ.

დღეს კაცები იმდენად დაემსგავსნენ ქალებს, რომ მათში კაცების ამოცნობა ჭირს. ძველ დროში ორმოცდაათ მეტრზე შეიძლებოდა კაცის და ქალის ერთმანეთისაგან გარჩევა. ახლა კი ახლოდანაც ვერ გაარჩევ. ვერ გაიგებ, კაცია შენს წინ თუ ქალი. ამიტომაა, რომ წინასწარმეტყველება ამბობს, მოვა დრო, ქალი და კაცი ერთმანეთისგან არ გაირჩევიანო. მამა არსენიმ ერთ გრძელთმიან ახალგაზრდას ჰკითხა: - „ბოლოს და ბოლოს, გოგო ხარ თუ ბიჭი?“ თვითონ ბერი ამას ვერ მიხვდა. ადრე წმ. მთაზე ასეთებს კრეჭდნენ. იმ მაკრატლით, რომელსაც დასართავი ძაფისთვის ვხმარობ, მერე სკვნილები რომ მოვქსოვო, მე ახლაც ვკრეჭ ხოლმე მათ. იცით უკვე რამდენი გავკრიჭე?! მე მათ ვკრეჭ ეზოში - საკურთხევლის კედელთან. ასეთი გრძელთმიანები რომ მოდიან, ვეუბნები: „რა კარგია! რამდენიმე ქაჩალი ახლობელი მყავს და შევპირდი, რომ პარიკებს გავუკეთებდი. სიყვარული გამოიჩინეთ და ნება მომეცით, გაგკრიჭოთ! რას ვიზამთ, იმ ხალხს სიტყვა მივეცი“.

- თანხმდებიან ისინი, წმიდაო მამაო?

- იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეტყვი ამას. მე ხომ მათ ყვირილით არ მივვარდები: „რა სამარცხვინოა, თქვენ პატივს არ სცემთ ამ წმიდა ადგილს?“ არამედ ვეტყვი: „მისმინე, ყმაწვილო, ამ თმით ხომ საკუთარ მამაკაცურ ღირსებას შეურაცხყოფ. შენ რომ გენახა, როგორ მიაბიჯებს საპატიო ყარაულის მწყობრში გვარდიელი ქალის რედიკულით, როგორ შეხედავდი ამას? მოუხდება გვარდიელს რედიკული?! მოდი თმები შევიკრიჭოთ!“ და ვკრეჭ. ზოგჯერ, როცა ვინმე გაჯიუტდება და „რატომ“ და „რისთვისო“ დაიწყებს, ვპასუხობ: „- რა „რისთვის?!“, მე ხომ ბერი ვარ და ჩემს საქმეს ვასრულებ ანუ - აღკვეცას“. მთავარი ისაა, როგორ იზამ ამას. ბიჭები იცინიან და მეც სწორედ ეს მჭირდება. ამის შემდეგ კი ვკრეჭ. არა, რა თქმა უნდა, „აღკვეცისას“ სახელს არ ვუცვლი. მარტო ერთს გამოვუცვალე და დავარქვი „ღირს არსი“, იმიტომ, რომ მისი „აღკვეცისას“ ლიტანიით მოაბრძანებდნენ ღვთისმშობლის ხატს - „ღირს არსი“. არადა, როგორ ხარობენ „აღკვეცილების“ მშობლები! იცი, მშობლებისგან რამდენი სამადლობელი წერილი მომდის? მარტო ამისთვის შემინდობს ღმერთი!

ახლა შემოიღეს მოდაში, რომ თავზე თმას იკრეჭენ და უკან კუდს იტოვებენ. „- ეი, არწივებო, რა აზრია ამ კუდებში?“ - ვეკითხები. „არწივები“ კი მპასუხობენ: „- კუდს იმიტომ ვიტოვებთ, რომ ყურადღება მივიქციოთ“. „- სასწაული ხალხი ხართ, - ვეუბნები კვლავ. - ხალხს ახლა იმდენი საქმე აქვს, ფულიც რომ გადაუხადოთ, ყურადღებას მაინც არავინ მოგაქცევთ!“ სხვები კი - ჯანმრთელი ახმახები საყურეს ატარებენ. რამდენისათვის მომიხსნია ეს საყურეები.

- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, მხოლოდ ერთ საყურეს ატარებს.

- ერთ საყურეს ანარქისტები ატარებენ, ერთი საყურე ანარქიზმის ნიშანია. ისინი საყურეს იმიტომ კი არ იკეთებენ, რომ ქალებივით თავი მოირთონ, არამედ ყურის გახვრეტა და საყურის გაყრა პროტესტის ნიშანია. ჩემთან, ათონზე მამასთან ერთად მოვიდა ოცდაორი წლის გრძელთმიანი, წვერიანი და საყურიანი ბიჭი. - „წესი არ არის, რომ ბიჭმა საყურე ატაროს. ბევრი არასწორად გაგიგებთ, მე ამის ახსნა არ მჭირდება, მაგრამ ხალხმა ხომ არ იცის, რომ ანარქისტი ხართ და შეიძლება, თქვენი საქციელი სწორად ვერ შეაფასონ“. - ვუთხარი მე. მან მოიხსნა საყურე და მე გადმომცა. ის ოქროსი იყო. თანაც მითხრა: „იუველირს მიეცი, რომ სამკერდე ჯვარი გაგიკეთოს“.

- ზოგიერთი, წმიდაო მამაო, საყურეს ცხვირზე ატარებს.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკმა რგოლი წამოაცვა მათ ცხვირზე. მარტო ლაგამი არ ჩანს. ზოგიერთი კი მკერდზე მსხვილ ოქროს ჯაჭვს ატარებს და რამდენიმე პირადაც. ერთს ასეთი რამ მოვუწყე: მოვხსენი მთელი ეს ჟღარუნები და ვუთხარი: „- ყველაფერი ან ვინმე ობოლს მიეცი, ან დედაშენს ჩააბარე, რომ რომელიმე ღარიბს დაეხმაროს“. მეტ-ნაკლებად ადამიანური სახე რომ მიიღო, მეკითხება: „- ახლა რაღა ვქნა?“ „- არაფერი, რაიმე უბრალო ჯაჭვით დაიკიდე ჯვარი“. მარტო იფიქრე: მამაკაცები!.. და ოქროს სამკაულებს ატარებენ. დგას შენ წინ და ოქროში ერთიანად ანათებს, თანაც ორი-სამი ყელი ჯაჭვი უმშვენებს კისერს. პრინცესები არ ატარებდნენ ამდენ სამკაულს. დგას და წუწუნებს, რამდენი პრობლემა აქვს! პრობლემა კი სწორედ ამაშია. მისი პრობლემა - ეს ეპიტიმიაა, რომელსაც ატარებს. ზოგს თვითონვე ვხსნი ამ აკაზმულობას, ზოგიერთს კი ვეუბნები, რომ საკუთარი ხელით მოიხსნას. ადამიანებმა საზომი დაკარგეს და ისინი ბოლოს და ბოლოს სრულიად უვარგისნი გახდნენ. ზოგიერთი კისერზე დაკიდულ ზოდიაქოს ნიშანს ატარებს. ერთს ვეუბნები: „- ეს რა არის, ამისთანა რამეს პირველად ვხედავ?“. „- ეს პატარა მხეცი ჩემი ზოდიაქოა“. - მპასუხობს. მე თავდაპირველად მომეჩვენა, რომ ღვთისმშობლის ხატი იყო. მას კი ვუთხარი: „- რას ვიზამთ, ეტყობა - თვითონაც ზოოპარკის მხეცები ხართ, რადგან გულზე ზოდიაქოს ატარებთ?“ საოცარი ხალხია! შინაგანი უწესობა გარეგნობაშიც ვლინდება. ვილოცოთ, რომ უფალმა დაიცვას ახალგაზრდობა და ცოტაოდენი საკვეთელი შემორჩეს მათში.

 

ადამიანებს უბრალოება სწყურიათ

კარგია, რომ ადამიანებს უბრალოება სწყურიათ. ისინი იქამდე მივიდნენ, რომ უბრალოება მოდად აქციეს: თუმცა შინაგანად მათში უბრალოების ნატამალიც არ არის. ზოგიერთი წმ. მთაზე გახუნებული, ძველი სამოსით მოდის, მე ვეკითხები: „- რატომ გაცვიათ ასე, მინდორში ხომ არ მუშაობთ?“ ერთნი საუბრობენ სოფლური, გაურანდავი ენით და შენ ამით ხარობ, იმიტომ, რომ მათთვის ეს ბუნებრივია, მეორენი კი ცდილობენ „სოფლურად“ ილაპარაკონ, მაგრამ ეს გლეხური ლაპარაკი ზიზღისმომგვრელია. ზოგიერთი კი წმ. მთაზე ჰალსტუხით მოდის... ერთმა ასეთმა „მომლოცველმა“ ათონზე ექვსი თუ შვიდი ჰალსტუხი მოიტანა. დილით, ჩემთან მოსვლამდე, ჰალსტუხი გაიკეთა და პიჯაკი ჩაიცვა, გამოეწყო, როგორც აღლუმზე. „რას აკეთებ?“ - ეკითხება ვიღაც. „- მამა პაისისთან მივდივარ“. - პასუხობს ის. „- ეს სადღესასწაულო ტანსაცმელი რაღად გინდა?“. „- იმიტომ, რომ პატივი მივაგო მას“. ვაი, სადამდე მივედით!

ადამიანები სრულიად მოკლებულნი არიან უბრალოებას. ახალგაზრდობა აქეთ-იქით დაეხეტება და ადგილს ვერ პოულობს, ხოლო „სულიერი ადამიანები“, რომელთაც უბრალოდ ცხოვრება არ იციან, ახალგაზრდებს ვერ ეხმარებიან. ამდენად თანამედროვე ახალგაზრდებს სამაგალითო არავინ ჰყავთ და ისინი მოხეტიალე ცხოვრებას იწყებენ. იმიტომ რომ, როდესაც ქრისტიანთა შორის ხედავენ ადამიანებს - ყველა ღილზე შეკრული ტანსაცმლით, ჰალსტუხებით შებოჭილებს, მედიდურებსა და გაბღენძილებს, ახალგაზრდები ვერანაირ განსხვავებას ვერ პოულობენ მათსა და ამა სოფლის ადამიანებს შორის, მათ მიმართ ნდობას კარგავენ და წინააღმდეგობის სურვილი უჩნდებათ. მათ რომ სულიერ ადამიანებში უბრალოება დაენახათ, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდნენ. მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდობა ერული სულით გამოირჩევა, ხოლო ქრისტიანები - ერული ხარისხებით. „ჩვენ, ქრისტიანები, ისე უნდა ვიქცეოდეთ, როგორც ამას აკეთებს ეს, იმას კი - ის“. ქრისტიანები იქცევიან ასე იმიტომ კი არა, რომ გული ეუბნებათ, არამედ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ახალგაზრდები კი კითხულობენ: „რას ნიშნავს ეს - ეკლესიაში ჰალსტუხით სიარული? ერთი თავი დაგვანებეთ!“ ისინი ყველაფერს იხდიან და შიშვლები დადიან, მეორე უკიდურესობაში ვარდებიან, გასაგებია?! ახალგაზრდობა ამით პროტესტს გამოხატავს. ახალგაზრდებს იდეალები აქვთ, მაგრამ სამაგალითოდ არავინ ჰყავთ... უნდა გვებრალებოდეს ისინი. ამიტომ საჭიროა, რომ ვიღაცამ თავისი უბრალოებით შესძრას მათი გულები. ახალგაზრდები არად ვარგიან იმიტომ, რომ ხედავენ: სულიერი ადამიანები, სასულიერო პირებიც კი მათ დაოკებას ერული ცბიერებით ცდილობენ. თუმცა, თუ სიმშვიდეს, უბრალოებასა და გულწრფელობას შეხვდებიან, ახალგაზრდები დაფიქრდებიან ხოლმე. იმიტომ, რომ თუკი ადამიანს გულწრფელობა გააჩნია, იგი უბრალო და თავმდაბალია. ყოველივე ეს მასშიც სიმშვიდეს ამკვიდრებს და სხვებისთვისაც შესამჩნევია ხოლმე. მეორე ადამიანი გრძნობს, მართლა გული შეგტკივა მასზედ თუ თვალთმაქცობ. ამიტომ საჭიროა არა თვალთმაქცური ღიმილი, არამედ - ბუნებრივი ქცევა. შური და ორპირობა კი არა, არამედ - სიყვარული და გულწრფელობა. ჩემზე გაცილებით მეტად მოქმედებს, თუ ადამიანი შინაგანად წესიერია, ანუ თუკი მას სხვების მიმართ პატივისცემა და ჭეშმარიტი სიყვარული აქვს, თუ იგი უბრალოდ იქცევა და არა „ქცევის განსაზღვრული ნორმების“ მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ადამიანი მხოლოდ გარეგნულზე ეჯაჭვება და გარეგან კაცად იქცევა, ანუ - სწორედ იმ ბერიკაობისთვის გადაცმულად.

ჭეშმარიტი ადამიანის ლამაზი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ამშვენებს მას. ხოლო საღვთო სიყვარულის ნეტარი სიტკბოება ატკბობს მის სახესაც. შინაგანი, სულიერი სილამაზე გარეგნობასაც სულიერ სილამაზეს ჰფენს. საღმრთო მადლის წყალობით ის სხვებისთვისაც შესამჩნევია. ამის გარდა, ის ამკობს და აბრწყინებს იმ ულამაზო ტანსაცმელსაც, რომელსაც მადლით აღსავსე ადამიანი ატარებს. მამა ტიხონი [4] შესამოსლის ქსოვილიდან მსხვილი ნემსით თვითონვე კერავდა სკუფიას, ეს სკუფიები ტომსიკებს ჰგავდა, მაგრამ იგი მათ ატარებდა და ისინი დიდ მადლს ასხივებდნენ. როგორი სამოსიც არ უნდა ჩაეცვა ბერს - ძველი თუ - ტომრისა, ულამაზოდ არასდროს გამოიყურებოდა, იმიტომ, რომ თავისი შინაგანი სულიერი მშვენიერებით მასაც ალამაზებდა. ერთხელ ერთმა მომლოცველმა ფოტოსურათი გადაუღო მას, თანაც ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ნახა იგი, თავზე სკუფიის ნაცვლად - ტომისკა ეხურა და რაღაც პიჟამა ეცვა, რომელიც ფოტოგრაფმა სიცივის გამო მხრებზე მოახურა, რადგან ნახა, რომ ბერი იყინებოდა. დღეს კი, ვინც იმ სურათს ნახულობს, ჰგონია, რომ მას საეპისკოპოსო მანტია მოსავს, ის კი მხოლოდ და მხოლოდ ძველი, გაცრეცილი პიჟამაა! მამა ტიხონის ძონძებსაც კი ხალხი მოწიწებით ეპყრობოდა, იღებდნენ მათ კურთხევის ნიშნად. ასეთი კურთხეული ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ამგვარად შესცვალა და განწმიდა გარეგნულადაც კი მეტად ღირსეულია, ვიდრე ყველა ისინი - ერთად, რომლებიც დაუსრულებლად იცვლიან გარეგნობას (ანუ ტანსაცმელს), ხოლო „ძველი კაცი“ - თავისი „წინაისტორიული ცოდვებით“ შინაგანად უცვლელი რჩება მათში.

 

„ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის ტანსაცმლით მამაკაცი“ [5]

- წმიდაო მამაო, როგორ მოვექცეთ ქალებს, რომლებიც მონასტერში შარვლით მოდიან? ისინი ხშირად ამბობენ, რომ შარვალი არა მხოლოდ მოხერხებულია, - უფრო მოკრძალებულიცაა, ვიდრე - ზოგიერთი კაბა.

- ახლანდელი ქალები ან მინიკაბებს იცვამენ, ან - შარვლებს, ამ ორიდან ერთ-ერთს ირჩევენ, მაშინ, როცა ძველ აღთქმაში ამის შესახებ ნათქვამია გარკვევით და თანაც - უკანასკნელი წვრილმანის გათვალისწინებით! - ეს კანონია. მაგრამ იმის გარდა, რომ კანონია ამგვარი, საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლიის ჩაცმა ამავდროულად უხამსობაცაა. კაცები გაცილებით იშვიათად იცვამენ კაბებს, ვიდრე ქალები - შარვლებს.

- ქალები, რომლებიც მინდორში მუშაობენ, ამტკიცებენ, რომ შარვლით გაცილებით უკეთ მოძრაობენ, ვიდრე - კაბით.

- ეს ყველაფერი ტყუილი მიზეზებია.

- წმიდაო მამაო, დედები ხშირად ამბობენ: რომ გოგონებს შარვლებს იმიტომ აცმევენ, როძ ისინი არ გაცივდნენ.

- განა სხვა რაიმე არ შეიძლება მოიფიქრონ. რა, გრძელი წინდები არ არსებობს?! ჩაიცვან და არ გაცივდებიან. ნებისმიერი მდგომარეობიდან იპოვი გამოსავალს, თუ ამის სურვილი გაქვს.

- წმიდაო მამაო, როგორ მოვიქცეთ, როდესაც მონასტერში მოდის ოფიციალური პირი და მას თან შარვლიანი ქალი ახლავს?

- თქვენ აუხსენით, ჰკითხეთ, სურთ თუ არა, რომ მათ გამო გამონაკლისი დაუშვათ, დაარღვიოთ აქაური წესი და მონასტერში უწესობა მოხდეს?

- ერთხელ, წმიდაო მამაო, ოცდაათი მასწავლებელი მოვიდა შარვლით და ისინი შემოვუშვით.

- ძალიანაც ცუდი. ასე არ უნდა მოქცეულიყავით, უნდა გეთქვათ: „- უკაცრავად, ჩვენს მონასტერში ასეთი წესია, შარვლიანი ქალები არ დაიშვებიან“. ისინი იგივენაირად წავლენ სხვა სავანეში და როდესაც იქ არ შეუშვებენ, იტყვიან, აქადააქ კი შესვლის უფლება მოგვეცსო. თქვენ მათი კომპრომეტირება არ გსურდათ და ანგარიში გაუწიეთ, ისინი კი ანგარიშს არ გაგიწევენ. დაკიდეთ კარზე ფირფიტა წარწერით - წმ. წერილის შესაბამისი ტექსტით. შეკერეთ ქვედაკაბები და თავაზიანად შესთავაზეთ შარვლიან და მოკლეკაბიან მანდილოსნებს, რომლებიც პირველად არიან მონასტერში და წესები არ იციან.

- წმიდაო მამაო, მაშინ როგორ მოვიქცეთ, როდესაც შარვლით უფროსკლასელი გოგონები მოდიან?

- ჭიშკართან გაუმასპინძლდით. [6] ეს დააფიქრებს მათ. თუ წინასწარ გაფრთხილებენ, მოსვლას ვაპირებთო, ტელეფონზე უთხარით: „თუ შეიძლება, მასწავლებლები და მოსწავლე გოგონები კაბებით მოდით“. ამით ისინი გაიგებენ, რომ მონასტერს პატივისცემით უნდა მოეპყრან. აქ ერი არ არის. სამრევლო ეკლესიის მღვდლებმა უნდა აუხსნან ქალებს, თუ რატომ არ შეიძლება შარვლის ტარება. მაგრამ ნახეთ, როგორ განსჯიან ისინი: „რატომ არა აქვთ ქალებს შარვლით სიარულის უფლება?!“ ხოლო თუ ამა თუ იმ ტაძარში სხვა მრევლის ქალები მივლენ შარვლით, მღვდელმა რაიმე უნდა მოიფიქროს. ეკლესია დედაა და არა - დედინაცვალი.

- წმიდაო მამაო, იმასაც ბევრი ამბობს, რომ „ასეთი- სიმკაცრით ადამიანებს ეკლესიიდან აძევებთო“.

- მაგრამ ძველ აღთქმაში ხომ არის მცნება, რომელიც ქალებს მამაკაცის ტანსაცმლის ტარებას უკრძალავს, რაღა უნდათ? მაგრამ ხედავ, ისინი სხვაგვარად მსჯელობენ: „რატომ არ შეიძლება, ქალმა შარვალი ჩაიცვას? რატომ არ შეიძლება სამრევლო საბჭოში ათეისტებიც შედიოდნენ - ეკლესია და ხალხი ხომ ერთია“. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ეკლესიის ბედი უღმერთოებზე იქნება დამოკიდებული! ისინი ტაძრებს ბიბლიოთეკებად, საწყობებად და მსგავს რამეებად გადააქცევენ, და რაღას ეტყვი?

მონასტრებში შიშველი ტურისტები არავის სჭირდება. არანაირი გამართლება არ არის ის, რომ ტურიზმისგან შემოსულ ფულს მონასტრები ღატაკთა ჩაცმა-დახურვას ახმარენ. - ეს მაცდურის მახეა, რომელიც ცდილობს ბერები საღმრთო მადლისგან გააუცხოვოს და ერის ადამიანებად აქციოს. პირიქით, სოფლისგან ჭეშმარიტი განშორება, რომელიც ქრისტეს სახელისათვის აღესრულება, ბერს სათნოებებით ამდიდრებს.

- წმიდაო მამაო, სტომიონის მონასტერში იძულებული გახდით, რომ ტურისტებისათვის შესაბამისი განცხადებით მიგემართათ?

- დიახ. მე გამოვფინე დაფა - განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“! ეს მონასტრის შესასვლელთან ეკიდა, ხოლო მანამდე, ოცი წუთის სავალზე ორი დაფა იყო, ერთზე ეწერა: „შეუფერებელ ტანსაცმელში ჩაცმულები - მიბრძანდით მდინარეზე“. აქვე იყო ისარი, რომელიც მდინარის გზას მიანიშნებდა. მეორე დაფაზე კი ეწერა: „შესაფერისად ჩაცმულები - წმიდა სავანისკენ“ და აქაც ისარი უჩვენებდა გზას მონასტრისკენ. ხომ კარგი წარწერებია?!

- წმიდაო მამაო, ჩვენ რაღა ვქნათ, წლის ამ დროს ძალიან ბევრი ქალი სავანეში მოშიშვლებული ზურგებით მოდის.

- შეკერეთ მოსასხამები, რომ ზურგი დაიფარონ, ამით ისინი მიხვდებიან, რომ პატივით უნდა მოექცნენ იმ ადგილებს, სადაც მივიდნენ.

 

კოსმეტიკა - ლაქაა ღვთის ხატებაზე

რა უსახურობამდე მივიდნენ დღეს ადამიანები. თანამედროვე ქალები ქიმიურად იხვევენ თმას და ყალყზე იყენებენ - თითქოს გაუკრახმალებიათო. ან რა სუნი უდით! ალერგია დაგეწყება. როდესაც ერის ქალს ვხედავ, ერულად შემოსილს, ერულ სურნელს რომ აფრქვევს, ზიზღს განვიცდი.

გავიგე, რომ ერთი ქალბატონი გერმანიაში კოსმეტოლოგიის შესასწავლად გაემგზავრა. როცა ვიკითხე, ეს კოსმეტოლოგობა რაღა არის მეთქი, მიპასუხეს: - „კოსმეტოლოგი მოხუცებს ახალგაზრდებად აქცევს“. აქ გამახსენდა, რომ ვნახე ერთი „ახალგაზრდა“ ბებრუხანა შუბლზე ჰორიზონტალური ნაჭრილობევით. როცა ვიკითხე, ამ საცოდავს რა დაემართა მეთქი, მიპასუხეს: „არაფერი, ოპერაცია გაიკეთა, რომ სახის კანი დაეჭიმა და ნაოჭები გაექრო“. მე კი მეგონა, რომ საცოდავი დედაბერი ავარიაში მოჰყვა და ქირურგიული ოპერაცია დაჭირდა. სადამდე მივიდნენ თანამედროვე ადამიანები!

- დღეს, წმიდაო მამაო, კოსმეტიკას ცოდვად არ თვლიან.

- კი, ამას უკვე მივხვდი. ამას წინათ ერთ ნაცნობ ქალს შევხვდი. ადრე ანგელოზს ჰგავდა, ახლა კი ისე იყო შეთითხნილი, ვეღარ ვიცანი. მე ვუთხარი: „- ღმერთმა ყოელივე კეთილად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ერთი შეცდომა დაუშვა“. „- რატომ, მამაო?“ - გაუკვირდა მას. „- იმიტომ, რომ თვალები არ „ჩაგილურჯა“. ეს იყო მისი შეცდომა! სხვა ადამიანები ლამაზებად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ანგარიში აერია! ნუთუ შენ თვითონ ვერ ხვდები, შე საბრალოვ, რომ ამ კოსმეტიკით მხოლოდ იმახინჯებ თავს. ეს იგივეა ბიზანტიური ხატი აიღო და ადგილ-ადგილ საღებავებით მოთხუპნო, შეღებო და გააფუჭო. განა შეიძლება ღვთის ხატება (საკუთარი თავი) საცხებით თხიპნო? წარმოიდგინე, რომ მხატვარმა მშვენიერი სურათი შექმნა, მერე ფერწერაში სრულიად უვიცი ადამიანი მოვიდა, აიღო ფუნჯი და სურათზე ულაზათო ფერები დაადო, ანუ მან ხელოვნების ნიმუში დაამახინჯა. შენ სწორედ ამას აკეთებ. ამ კოსმეტიკით თითქოს ღვთისათვის გეთქვას: „შენ, ღმერთო, ცუდად შემქმენი. მე გაგისწორებ შეცდომას“.

მახსოვს კიდევ ერთი ქალი, ის ჩემთან გრძელი, შევარდენივით წითელი ფრჩხილებით მოვიდა და დამიწყო თხოვნა: „ჩემი შვილი მძიმედაა ავად, ილოცეთ, მამაო, მე ვლოცულობ, მაგრამ...“ „- რას ლოცულობ, - შევაწყვეტინე მე, - მაგ ფრჩხილებით ქრისტეს ჭრილობებს უმრავლებ! ბავშვი რომ განიკურნოს, ჯერ ფრჩხილები დაიჭერი, შენი შვილის ჯანმრთელობისათვის ეს მაინც გააკეთე. დაიმოკლე ფრჩხილები და საღებავი გადაიცალე“. „- თეთრი ლაქით რომ შევიღებო, შეიძლება, მამაო?“ „მე გეუბნები, მოიჭერი და საღებავისგან გაიწმინდე ფრჩხილები. ეს უმნიშვნელო მსხვერპლი მაინც გაიღე შენი შვილის ჯანმრთელობისათვის, რას ჰგავს ეს, საჭირო რომ ყოფილიყო, ღმერთი ხომ წითელი ფრჩხილებით გაგაჩენდა“. „- ესე იგი, შემიძლია, რომ თეთრი ლაქი ვიხმარო, მამაო?“ აქ კი ვიფიქრე: „- ელოდეთ გამოჯანმრთელებას შენ და შენი შვილი“. შვილების სულიერი „გაციებას“ დედები უწყობენ ხელს, როდესაც არც თვითონ იცვამენ მოკრძალებულად და იმასაც ცდილობენ, რომ „გაკორტნონ“ შვილები და ყოველგვარი კრძალვა დააკარგინონ.

ვიღაც შეიძლება, არც ძალიან ლამაზი იყოს და რაიმე ნაკლიც ჰქონდეს. ღმერთმა იცის, რომ ეს მას სულიერად დაეხმარება. ღმერთი ხომ უმეტესად სულზე ზრუნავს და არა - სხეულზე. ყველა ჩვენგანს აქვს ღირსებები, მაგრამ მცირედი - ნაკლიც. ეს ჯვარიც კი არ არის ჩვენთვის, არამედ - უმნიშვნელო ტვირთი. ის სულის ცხონებაში გვეხმარება.

 


[1] - ნეტარი ისიდორა IV ს-ის დასაწყისში ღირსი პახუმი დიდის დაარსებულ ტავენისიოტების დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, ნილოსის პირას - ზემო თიბაიდაში. ის ქრისტესთვის სალოსი იყო, თავს იმდაბლებდა და შეშლილად აჩვენებდა. სამონაზვნე კუნკულის ნაცვლად თავს ბანჯგვლიანი საბურველით იფარავდა, ფეხშიშველი დადიოდა, უდრტვინველად ითმენდა ცემას და ლანძღვას. ნეტარის სიწმიდე გამოეცხადა ნეტარ პიტირიმეს, რომელმაც ეს დედებს გაანდო. ამის შემდეგ ნეტარი განერიდა კაცობრივ დიდებას და სიკვდილამდე მალულად იღწვოდა. ხსენება 10 მაისს აღესრულება.

[2] - ფილონი - სამღვდელო შესამოსელი.

[3] - ათონის ცენტრალური მოედანი.

[4] - ბერი პაისი, ბერი ტიხონის შესახებ.

[5] - მეორე სჯ. 22,5.

[6] - ტრადიციულად, ბერძნულ მონასტრებში ცივი წყლით და ტკბილეულით უმასპინძლდებიან.